დადგინდა, რომ FDA-ის მიერ უკვე დამტკიცებული ორი წამალი ინსულინის წარმოქმნას 48 საათში აღადგენს
დიაბეტის მკურნალობის კუთხით ეს სამედიცინო გარღვევად შეიძლება მივიჩნიოთ.
მეცნიერებმა FDA-ის მიერ უკვე დამტკიცებულ მედიკამენტებს ახალი დანიშნულება უპოვეს და პანკრეასში ინსულინის წარმომქმნელ უჯრედთა აღსადგენად გამოიყენეს. კვლევა ჯერ მხოლოდ ადამიანის ქსოვილთა ნიმუშებზე ჩატარდა. მეორე მხრივ, შესაძლოა, მიგნებების წყალობით სამომავლოდ მუდმივი ინიექციების საჭიროება შემცირდეს.
ნაშრომი ჟურნალში Signal Transduction and Targeted Therapy გამოქვეყნდა.
ავსტრალიელი მეცნიერები შეეცადნენ, FDA-ის მიერ უკვე დამტკიცებული მედიკამენტები ახლებური გზით გამოეყენებინათ. ეს წამალი ადამიანის ქსოვილში EZH2 ფერმენტს იღებს მიზანში. ეს ენზიმი უჯრედის განვითარებაზეა პასუხისმგებელი. შესაბამისად, იგი ზრდის მნიშვნელოვანი რეგულატორია.
მკვლევრებმა, კერძოდ, კიბოს სამკურნალო ორ მედიკამენტს, GSK126-სა და ტაზემეტოსტატს, მიმართეს. მათი მეშვეობით EZH2-ის მიერ გამოწვეული ზოგიერთი შეფერხება აღმოფხვრეს. შედეგად სადინარის უჯრედებს ისეთივე ფუნქციები განუვითარდა, როგორებიც β-უჯრედებს აქვს.
წინა კვლევებიც მიანიშნებს იმაზე, რომ შესაძლებელია, სადინარის სარჩულის წარმომქმნელი უჯრედები (ესენი კუჭის მჟავიანობის კონტროლშიც გვეხმარება) შესაბამის გარემოში ისეთ რაღაცად გარდაიქმნას, რასაც β-უჯრედების მსგავსი თვისებები აქვს. ახალი ნაშრომის წყალობით მეცნიერებმა უკვე იციან, როგორ უნდა გააკეთონ ეს.
///
საგულისხმოა, რომ ახალი უჯრედები ზუსტად β-უჯრედების მსგავსად აღიქვამს გლუკოზის დონეებს და ინსულინის წარმოქმნასაც შესაბამისად არეგულირებს. 1-ელი ტიპის დიაბეტის შემთხვევაში (კვლევა დიაბეტის ამ ტიპზეა ფოკუსირებული) თავდაპირველ β-უჯრედებს იმუნური სისტემა შეცდომით ანადგურებს. ამის გამო გლუკოზისა და ინსულინის დონეების დასარეგულირებლად მუდმივი ინიექციებია საჭირო.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩატარებული ცდების ფარგლებში მიდგომამ ანალოგიური შედეგები აჩვენა სხვადასხვა ასაკის ადამიანებში. ქსოვილები ორი, 7 და 61 წლის, ადამიანისგან აიღეს, რომელთაც 1-ელი ტიპის დიაბეტი ჰქონდათ; გამოიყენეს 56 წლის ჯანმრთელი ადამიანის ქსოვილებიც.
ამას გარდა, ინსულინის რეგულარული წარმოქმნა სულ რაღაც 48-საათიანი სტიმულაციის შედეგად გაგრძელდა.
დიაბეტი მსოფლიოში დაახლოებით 422 მილიონ ადამიანს აქვს. მდგომარეობის სამართავად მათ სისხლში შაქრის დონე მუდმივად უნდა გაიკონტროლონ.
ახალი კვლევა ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა და კლინიკური ცდები ჯერ არ დაწყებულა. მეორე მხრივ, ნაშრომი იმის საკმაოდ მნიშვნელოვან პერსპექტივას გვთავაზობს, რომ ორგანიზმს დიაბეტისაგან წართმეული ფუნქციები დავაბრუნებინოთ. აქამდე რეგენერაციული პროცესი შემთხვევითი იყო და არ დასტურდებოდა, თუმცა გასარკვევი ჯერაც ბევრია.
კომენტარები