რა პრობლემები შეიძლება შექმნას ლაგუნასთან ცათამბჯენების აშენებამ
"როცა ცირკი შენდებოდა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი განხილვის საგანი იყო, რომ მშენებლობა ტერიტორიაზე ლანდშაფტს დაამახინჯებდა, ამიტომ ბევრი ეწინააღმდეგებოდა. მოგეხსენებათ, ცირკი როგორი დაბალი და "რბილი" შენობაა, მაგრამ მაინც გარკვეული შიშები არსებობდა . ახლა კი ვაშენებთ ცათამბჯენებს, რომელიც მთლიანად წაშლის სივრცის კითხვადობას და ისტორიას", — გოგი აბაშიძე, ურბანისტი.
გამოიწვევს სატრანსპორტო კოლაფსს, შეცვლის ქალაქის იერსახეს, მშენებლობის მასშტაბი აცდენილია კულტურული მემკვიდრეობის კანონს — ასე აფასებენ ურბანისტები, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი ცათამბჯენის მშენებლობის პროექტს.
ვინ ფლობს ტერიტორიას:
- ადგილი, სადაც ცათამბჯენები უნდა აშენდეს, 2023 წლის აგვისტომდე შპს კოსტავა 69-ს ეკუთვნოდა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ქართუ ფონდი ფლობს, ხოლო კომპანიის დირექტორი — ბიძინა ივანიშვილის დისშვილი, კახა კობიაშვილია.
- 2023 წლის აგვისტოში, ლაგუნა ვერეს და ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორია შპს ნეო სითი დეველოპმენტმა იყიდა, რომლის 100% წილის მფლობელიც ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი, მარიკა ვერულაშვილია.
28 დეკემბერს, საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების წინააღმდეგობის მიუხედავად, თბილისის საკრებულომ დაჩქარებული წესით მხარი დაუჭირა ამ ადგილას ორი ცათამბჯენის აშენების პროექტს.
მოკლედ, პროექტის შესახებ:
- ცათამბჯენები იქნება 52 და 40-სართულიანი;
- ცათამბჯენებში 1000-1000 საცხოვრებელი ბინა და მიწისქვეშა ავტოსადგომია გათვალისწინებული;
- პროექტის ნაწილია მიწისზედა და მიწისქვეშა ორსართულიანი სავაჭრო სივრცეები;
- ცათამბჯენებს რამდენიმე დანიშნულება ექნება - საცხოვრებელი, კომერციული, საოფისე-ადმინისტრაციული, კვების;
- პროექტის ჯამური მოცულობა 153 949 კვადრატული მეტრია;
- ცათამბჯენამდე მისასვლელად დაემატება 3 სამანქანო გზა, ორი გმირთა მოედნის მხრიდან, ერთი კოსტავას ქუჩიდან;
- პროექტი მოიცავს გზის სავალი ნაწილის გაფართოებას 4,5 მეტრით;
როგორ შეცვლის ცათამბჯენები თბილისის ცენტრალურ ნაწილს
On.ge ამაზე ესაუბრა გოგი აბაშიძეს, ურბანისტს, რომელიც თბილისის გენერალური გეგმის სამუშაო ჯგუფის წევრია. ასევე, ზურა ბაქარაძეს — ურბანისტსა და ქალაქგეგმარების სპეციალისტს და თამარ ამაშუკელს — ხელოვნებათმცოდნეს და ურბანული კვლევის ცენტრის (URC) მკვლევარს.
ისინი ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სადაც ისედაც მუდმივად საცობებია, ორი დიდი ცათამბჯენების მშენებლობა ქალაქს არაერთი პრობლემის წინაშე დააყენებს.
სატრანსპორტო კოლაფსი: ზურა ბაქრაძე ამბობს, რომ ბევრგან, აბრეშუმის ფაბრიკის არეალში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისვლა მოუხერხებელია. ორი ცათამბჯენის აშენება კი, რომელსაც საცხოვრებელი და კომერციული დატვირთვა აქვს, ტერიტორიაზე ავტომობილების რაოდენობასაც გაზრდის, რადგან ცათამბჯენები მაცხოვრებლების, მომსახურე პერსონალისა თუ მომხმარებლების სახით, უფრო მეტ ნაკადს გააჩენს.
"გმირთა მოედანი გადატვირთული იყო მაშინაც, ვიდრე იქ ხუთი გზა იყრიდა თავს. შემდეგ კიდევ ერთი ავტომაგისტრალი დაემატა, რომელიც ვაკე-საბურთალოს გზას გმირთა მოედნის კვანძთან აერთებს. საბოლოოდ, ამ სატრანსპორტო არეალში ახლა ექვსი გზა იყრის თავს და იქ ორი ცათამბჯენის აშენება მეტად გაზრდის საავტომობილო ნაკადს", — ამბობს ბაქრაძე.
ქალაქგეგმარების სპეციალისტი გვიხსნის, რომ ცათამბჯენების აშენების შემთხვევაში, გადაიტვირთება გმირთა მოედანსა და მტკვარს შორის არსებული ავტომაგისტრალის მონაკვეთიც, "რასაც მაგისტრალზე არსებული ბენზინგასამართი სადგურების და ავტოსახელოსნოების აღება ვერ უშველის", — ამბობს ის. მისი ანალიზით, გზის ამ მონაკვეთის გადატვირთვის მიზეზი ვაკის, საბურთალოსა და ვერეს ხეობის მაგისტრალის მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან შემაერთებელი საავტომობილო ნაკადებია.
შეუსაბამობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონთან: კიდევ ერთი ურბანისტი, გოგი აბაშიძე კი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ თბილისს აქვს თავისი ლანდშაფტი, რაც ქალაქს აღქმადს ხდის და მას "დამატებით არ სჭირდება უსაშველოდ მაღალი შენობები".
- ურბანისტის მოსაზრებით, ძალიან მაღალი შენობების აშენება გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუ საქმე მეგაპოლისს ეხება. მას მაგალითად მოჰყავს ქალაქი პრაღა, რომელიც, როგორც თვითონ აღნიშნავს, "სიმაღლეში არ მიდის".
- კანონში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, გარკვევით წერია, როგორ უნდა რეგულირდებოდეს ქალაქის ისტორიულ ნაწილში ახალი მშენებლობები, — ამბობს ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი, — რომ მათ შორის, არ შეიძლება ისტორიულ ზონაში ახალი მშენებლობა რადიკალურად უპირისპირდებოდეს ისტორიულ განაშენიანებას.
- ამაშუკელის თქმით, კანონში მითითებულია, რომ უნდა შენარჩუნდეს მორფოლოგია, გეგმარება, განაშენიანების მასშტაბი, კონტექსტი და ახალი მშენებლობებით ლანდშაფტში უხეშად არ უნდა ჩავერიოთ.
"როცა ვსაუბრობთ მასშტაბზე და ურბანული მახასიათებლის შენარჩუნებაზე, როგორ შეიძლება სამ და ოთხ სართულიან განაშენიანებას 50-სართულიანი ცათამბჯენები მიუშენო?!
რას ამბობს კვლევა: ურბანული კვლევების ცენტრმა (URC), ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, 2023 წლის 12 დეკემბერს გამოაქვეყნა კვლევა სახელწოდებით — ცირკიდან საქანელამდე: მტკვრის სანაპიროს ურბანული გამოწვევები.
- მკვლევრებმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე 16 პრობლემური პროექტი შეისწავლეს თამარ მეფის ხიდიდან — რესპუბლიკის მოედნისა და ყოფილი საქანელას ქუჩის არეალში, მათ შორის, მრავალფუნქციური კომპლექსი საცურაო აუზ ლაგუნა ვერეს მიმდებარედ;
- კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ ქალაქის ამ ნაწილში განაშენიანება ეწინააღმდეგება დედაქალაქის გენერალური გეგმის — მწვანე ქალაქის პრინციპებს, რაც ზიანის მომტანია შემდეგი მიმართულებებით: კულტურული მემკვიდრეობა, მიწათსარგებლობა, ტრანსპორტი;
- კვლევის ავტორთა შეფასებით, განხილული პროექტების დიდი ნაწილი, მათ შორის, ცათამბჯენების პროექტი, წინააღმდეგობაში მოდის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან: "თბილისის განაშენიანების ხასიათის, მისი გრადაციულების იგნორირება, ქვედა ტერასაზე, განაშენიანების პირველ ზოლში მაღალსართულიანი ობიექტების აშენება, სრულად არღვევს თბილისის ისტორიულად ჩამოყალიბებულ ურბანულ სტრუქტურას. ირღვევა მდინარის ორ ნაწილზე გაშენებული ქალაქის მთლიანობა, რადიკალურად იცვლება ხედები სანაპიროდან", — წერია კვლევაში.
ოპოზიცია ცათამბჯენების მშენებლობაზე: კრიტიკის მიუხედავად, ქართულმა ოცნებამ პროექტი 2023 წლის 28 დეკემბერს დაამტკიცა: მხარი დაუჭირა 23-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო — 5.
პროექტის დამტკიცებას ეწინააღმდეგებოდა საკრებულოს ოპოზიცია და სხდომამ სიტყვიერ დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე ჩაიარა. ოპოზიციის ძირითადი არგუმენტები იყო, რომ პროექტი "2024 წლის არჩევნებისთვის ფული კეთების ახალი გზაა".
- საბა ბუაძე, პარტია ლელოს ერთ-ერთი ლიდერი, საკრებულოს წევრი: "ორი 50-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა იქნება ჩვენი ქალაქის ისტორიულ იერსახეში წარუშლელი, უდიდესი ზიანი. ეს არის პროექტი, რომელიც მთლიანობაში შეიცავს ძალიან ბევრ რისკს, მათ შორის, უსაფრთხოების, სატრანსპორტო და ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისით. ამ ხელისუფლებას და თბილისის მერს ეს არ აინტერესებს, ვინაიდან ამ ტრანზაქციიდან შემოსავალი მიიღო ივანიშვილმა. ეს პროექტი ყველა არგუმენტის მიუხედავად დამტკიცდა, რაც ნიშნავს იმას, რომ პარტიული და კორუფციული ინტერესი უპირატესია ამ ხელისუფლებისთვის".
- ნინო წულაძე, პარტია ანა დოლიძე-ხალხისთვის, საკრებულოს დეპუტატი: "ამგვარი მშენებლობები დღევანდელი ჩინოვნიკებისთვის არის ფულის შოვნის ახალი გეგმა. ამირეჯიბის ქუჩიდან ლაგუნა ვერემდე მთელი გზის ქვეშ გადის კოლექტორი. ყოველი წვიმის შემდეგ მთელ თბილისში ისედაც უხვი ნალექის შეგუბება ხდება და, წარმოგიდგენიათ, ამ დონის მშენებლობები რა პრობლემებს შეუქმნის მოსახლეობას? მაგრამ თბილისელებზე ვინ ფიქრობს, როდესაც 2024 წლის არჩევნები მოახლოვდა და ქართულ ოცნებას, რომელსაც ხალხის მხარდაჭერის იმედი არ აქვს, ფული სჭირდება თანამდებობების შესანარჩუნებლად".
- ცოტნე კობერიძე, გირჩი — მეტი თავისუფლების ერთ-ერთი ლიდერი, საკრებულოს წევრი: "საქართველოში სამშენებლო ბიზნესი, საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია. როდესაც თბილისში, ისეთ ადგილზე გასცემ მშენებლობის ნებართვას, სადაც ის არ უნდა იყოს, გაქვს შანსი, რომ აივნებიდანაც კი ბევრი ფული გააკეთო. მთავარი გამაღიზიანებელი საკითხი არის ის, რომ პოლიტიკური სარჩული აქვს. როგორ შეიძლება, ყოველთვის ყველაფერი მოსწონდეს საკრებულოში, დაახლოებით, 29 კაცს, ყველა "ქოცს?".
- თბილისის მერის პოზიცია: ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ცათამბჯენების აშენების დამტკიცების შემდეგ, კახა კალაძემ თქვა, რომ ეკონომიკის განვითარებისთვის მასშტაბური მშენებლობები მნიშვნელოვანია. ასევე, აღნიშნა, რომ "ბოროტი სპეკულაციები", რომელსაც ოპოზიცია იყენებს, ქალაქის აღმშენებლობას ხელს ვერ შეუშლის.
- თბილისის მერი ცათამბჯენების აშენებას მხარს უჭერს პროექტის დარეგისტრირების დღიდან. 2023 წლის 25 იანვარს კალაძემ განაცხადა, რომ ლაგუნა ვერეს ტერიტორია მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცა, რისთვისაც ბიძინა ივანიშვილსა და ფონდ ქართუს მადლობა გადაუხადა;
- "ძალიან მაგარი პროექტი იქნება, ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება დედაქალაქში და ჩვენ ასეთი პროექტების განხორციელებას მივესალმებით", — აღნიშნა მერმა;
- 27 იანვარს, მოქალაქეებმა შექმნეს პეტიცია, სადაც ნათქვამი იყო, რატომ არ სურდათ თბილისის ცენტრში ცათამბჯენების აშენება;
რატომ დახარვეზდა პროექტის პირველადი ვერსია: თავდაპირველად, პროექტი დასამტკიცებლად მუნიციპალური განვითარების სააგენტოს ბაზაში 2022 წლის 30 დეკემბერს დარეგისტრირდა, მაგრამ 13 მარტს მერიამ დაახარვეზა. მერიაში მიზეზად გეგმის ახალ ვერსიაზე მუშაობა დასახელდა.
- პროექტის დახარვეზებული ვერსიით მიხედვით, ცათამბჯენების სართულების რაოდენობა განსხვავებული იყო: 52 და 40 სართულის ნაცვლად, უნდა აშენებულიყო 48 და 60-სართულიანი ცათამბჯენი;
- დამტკიცებული ვერსიით, პროექტის ჯამური მოცულობა 153 949 კვადრატული მეტრია, თავდაპირველ ვერსიაში კი — 44 255 კვადრატული მეტრი იყო;
პროცედურულად: მას შემდეგ, რაც თბილისის საკრებულომ პროექტს საბოლოოდ მხარი დაუჭირა, ის მშენებლობაზე ნებართვის მისაღებად, თბილისის მერიაში გაგზავნა. მერია კი ნებართვას საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე გასცემს.
კომენტარები