ნახეთ: აი, როგორია პლანეტა ნეპტუნის შეფერილობა სინამდვილეში
1989 წლის ზაფხულში NASA-ს ზონდმა Voyager 2 დედამიწაზე ნეპტუნის პირველი სურათები გამოგზავნა. ის ღია ცისფერი შეფერილობის მქონე ურანზე ბევრად მუქი, მოლურჯო, იყო, არადა ამ ციურ სხეულებს ძალიან ბევრი საერთო აქვს, მათ შორის შემადგენლობაც.
მაინც რატომ განსხვავდება ამ პლანეტების ფერი, როცა ისინი ერთმანეთს ასე ჰგვანან? სპეციალისტებმა Voyager 2-ის მონაცემები ხელახლა გააანალიზეს და დაადგინეს, რომ ყინულის გიგანტად წოდებული ორივე ობიექტი სინამდვილეში მოცისფრო-მომწვანოა.
პირვანდელ გამოსახულებებში ურანის "ნამდვილი" შეფერილობაა გამოვლენილი, ნეპტუნის სურათების დამუშავებისას კი, რაც ღრუბლებისა და აირის სარტყლების გამოკვეთას ემსახურებოდა, ის უფრო მუქი გამოვიდა.
"მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნურად გამკვეთრებული ფერის შესახებ იმ დროის მეცნიერებისთვის ცნობილი იყო და ამის ახსნა გამოქვეყნებულ ფოტოებსაც მოჰყვებოდა, ეს სხვაობა დროთა განმავლობაში დაიკარგა", — აცხადებს ოქსფორდის უნივერსიტეტში მომუშავე პატრიკ ირვინი.
///
ამ გაუგებრობის მოსაგვარებლად სპეციალისტებმა ჰაბლისა და ძალიან დიდი ტელესკოპის ახალი მონაცემები შეისწავლეს, სადაც გამოსახულებების ყოველ პიქსელზე სპექტრული სიუხვე აღინიშნება. აქედან გამომდინარე, ამ ინფორმაციის მიხედვით "ნამდვილი" შეფერილობების გამოვლენა მარტივია. შემდეგ მათ Voyager 2-ის სურათები გააანალიზეს და ახალი მონაცემის გათვალისწინებით დააბალანსეს.
შედეგად მიიღეს ფოტოები, რომლებზეც ურანი და ნეპტუნი თითქმის იდენტური ფერისაა, კერძოდ კი მოცისფრო. ამაზე მეთანია პასუხისმგებელი, რომელიც წითელ ფერს შთანთქავს. ურანი ოდნავ მოთეთროა, რადგან მისი ატმოსფერო მეთანის ნისლის დაგროვებას უწყობს ხელს, ამიტომ მოწითალო სპექტრი იქ მეტად ირეკლება.
ამ პლანეტის 84-წლიანი ორბიტული მოძრაობისას ფერის უმნიშვნელო ცვლილებას შესაძლოა, ყინულის ნაწილაკები განაპირობებდეს. როცა მისი პოლუსები მზისკენ ბრუნდება, ის უფრო მომწვანო იერს იღებს, ხოლო როცა მნათობი ეკვატორზე ექცევა, პლანეტა მოლურჯო ხდება. ავტორებმა დაასკვნეს, რომ ურანის პოლუსების მიმდებარედ მეთანი უფრო დიდი ოდენობითაა.
მათი ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.
კომენტარები