არსებობს თუ არა უნივერსალური და არავერბალური კომუნიკაციის სისტემა — კვლევა
ყველას გვინდა, რომ ჩვენი ესმოდეთ. და იმისდა მიუხედავად, რომელ ენაზე ვსაუბრობთ, ვხედავთ თუ გვესმის, ახალი კვლევა მიუთითებს საერთო, უნივერსალურ არავერბალურ კომუნიკაციის სისტემაზე, რომელიც ცოცხლდება, როდესაც ჟესტებს ვიყენებთ.
3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების კვლევას ატლანტას ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგი, შეიდა ოზჩალიშკანი უძღვებოდა. მას აინტერესებს ენისა და კომუნიკაციის განვითარება სხვადასხვა კულტურის ბავშვებში.
მოზრდილებში და ბავშვებში ჟესტების შესწავლით, ოზჩალიშკანის კვლევა ცდილობს გაიგოს, თუ როგორ მოქმედებს ენა ადამიანების აზროვნებაზე, ფორმულირებასა და იდეების გამოხატვაზე.
ჟესტები არავერბალური კომუნიკაციის მხოლოდ ერთი სახეობაა: უსიტყვო სიგნალები, რომლებიც ასევე მოიცავს სხეულის ენას, მოძრაობას, თვალის კონტაქტსა და სახის გამომეტყველებებს, რაც შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, თუ როგორ გრძნობს ადამიანი თავს.
თუმცა, ჟესტებმა შეიძლება გამოავლინოს შეხედულებები იმის შესახებ, თუ როგორ აყალიბებენ და გამოხატავენ ბავშვები იდეებს — კოგნიტურ შესაძლებლობებს — მათი განვითარებისას.
ბოლო კვლევაში, 100 ბავშვს სთხოვეს აღეწერათ მოქმედება სიტყვებითა და ხელის მოძრაობებით, შემდეგ კი იგივე ქმედება აეხსნათ მეტყველების გარეშე, მხოლოდ ხელების გამოყენებით.
ბავშვების ნახევარი ინგლისურენოვანი იყო, დანარჩენი 50 ბავშვი კი თურქულად საუბრობდა.
"თუ თქვენ საუბრობთ თურქულად და გინდათ აღწეროთ ვინმე, ვინც სახლში შემორბის, ამბობთ, — ის მორბის და შემდეგ შემოდის სახლში. თუმცა, თუ ინგლისურს იყენებთ იტყვით, მან შემოირბინა სახლში. ეს ბევრად კომპაქტური წინადადება იქნება. ჩვენ გვინდოდა გაგვერკვია რამდენად მოჰყვება ჟესტები ამ ენობრივ განსხვავებებს და რამდენად ადრე სწავლობენ მას ბავშვები", — თქვა ოზჩალიშკანმა.
როდესაც ბავშვები ერთდროულად საუბრობდნენ და ჟესტიკულაციას იყენებდნენ, მათი ჟესტები თანხვედრაში იყო მშობლიურ ენასთან: თურქულენოვანი ბავშვები თავიანთ ჟესტებს ისე იყენებდნენ, როგორც წინადადებას, ხოლო ინგლისურენოვანი ბავშვები თავიანთ ჟესტებს ერთ მოძრაობაში აქცევდნენ.
ლოგიკურია, რომ ბავშვების ჟესტების თანმიმდევრობა ასახავს მათი სიტყვების თანმიმდევრობას. ენის სპეციფიკური ეს შაბლონები გამოჩნდა 3 და 4 წლის ბავშვებში, რაც გვაფიქრებინებს, რომ ენას შეუძლია გავლენა მოახდინოს მოვლენების არავერბალურ წარმოდგენაზე ადრეულ ასაკში.
თუმცა, ერთი და იგივე სცენების უსიტყვოდ აღწერისას, ბავშვების ხელის ჟესტიკულაციის თანმიმდევრობა საოცრად მსგავსი იყო. ენის სპეციფიკური განსხვავებები ჟესტებში თითქოს აორთქლდა.
ოზჩალიშკანმა და მისმა კოლეგებმა მსგავსებები აღმოაჩინეს იმ უფროსებში, რომლებიც ვერ ხედავენ.
მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ჩვენ ყველანი ვიზიარებთ ელემენტარულ არავერბალურ კომუნიკაციის სისტემას, რომელიც უგულებელყოფილია ან იცვლება ენის შესწავლის დაწყებისთანავე.
კვლევა Language and Cognition-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები