2023 წლის 25 დეკემბერს მთავრობამ გამოაქვეყნა სამოქმედო გეგმა ევროკომისიის მიერ, საქართველოსთვის განსაზღვრული 9 პირობის შესასრულებლად.

ეკა გიგაურთან, ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს აღმასრულებელ დირექტორთან ვისაუბრეთ, რამდენად პასუხობს სამთავრობო გეგმა ევროკავშირის დათქმებს და, რამდენად შეუძლია ამ გეგმის თანმიმდევრულად შესრულებას, არსებითად გააუმჯობესოს ქვეყანაში პოლიტიკური გარემო, მართლმსაჯულების სისტემა, ადამიანის უფლებები, მედიისა და გამოხატვის თავისუფლება თუ სხვა სისტემური გამოწვევები.


ფართო სურათში: 2023 წლის 14 დეკემბერს ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.

  • მანამდე, 8 ნოემბერს, საქართველომ მიიღო დადებითი რეკომენდაცია ევროკომისიისგან, თუმცა — 9 პირობით.
  • ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებას მოლაპარაკებების პროცესი მოსდევს, მაგრამ სწორედ 9 ნაბიჯის ეფექტური შესრულება განსაზღვრავს, შეძლებს თუ არა საქართველო, მომდევნო, 2024 წელს გაიაროს გზა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად.
  • რამდენად წარმატებით გაართვა თავი ქვეყანამ პირობების შესრულებას, ამას ევროკომისია დასკვნის სახით გაგვაცნობს 2024 წლის ოქტომბერში, თუმცა, მანამდე, ისინი შუალედური ანგარიშითაც შეაფასებენ პროცესს.

ევროკომისიის მიერ, საქართველოსთვის განსაზღვრული ნაბიჯი #1 ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, გარე საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა.

NEWS.On.ge: მთავრობა ამბობს, რომ მათ მიერ დამტკიცებული 2024-2027 წლების საკომუნიკაციო სტრატეგიის ნაწილია, დაუპირისპირდნენ ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციას, რაც, 9 დათქმიდან პირველივე პუნქტია. მაგრამ რამდენად დამაჯერებელია ეს, იმის გათვალისწინებით, თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ ხელისუფლების მაღალჩინოსნები და საპარლამენტო დეპუტატები 2023 წლის განმავლობაში, სწორედ ევროკავშირის მიმართ?

ეკა გიგაური: ერთია, რა წერია სამთავრობო გეგმაში და მეორეა — ვფიქრობთ, თუ არა, რომ ისინი შეასრულებენ მას.

გეგმას თუ შევხედავთ, ის გაწერილია ძალიან ნორმალურად და სწორად. ამბობენ, რომ დაგეგმილია კამპანიები ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით, ასევე, აპირებენ გააძლიერონ ნატოს საინფორმაციო ცენტრის შესაძლებლობებიც, და ასე შემდეგ. მეორე საკითხია, გააკეთებენ თუ არა ამას.

მე, მართალი გითხრათ, ცოტა გამიჭირდება ასე წინასწარ რაიმეს თქმა, მათ შორის, უარყოფით მოლოდინებზე საუბარიც, რადგან ბოლო დროს, მას შემდეგ, რაც სტატუსი მივიღეთ, ვხედავთ, რომ მათი რიტორიკა შეიცვალა.

თუმცა, ეს დიდ ხანს გაგრძელდება თუ არა, არ ვიცით, რადგან სამწუხაროდ, გვაქვს ცუდი გამოცდილება, რომ ისინი [ხელისუფლება] ცდილობენ, აწარმოონ დეზინფორმაცია ყველა იმ აქტორის საწინააღმდეგოდ, ვინც აკრიტიკებს მათ და რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს. მათი პროპაგანდისტული გეგმების განხორციელებაში ჩართულია ყველა სამთავრობო არხიც. მაგრამ, ის, რაც გეგმაში წერია, ლოგიკურად გაწერილია და რომ არა მთავრობასთან ასეთი გამოცილება, გეგმას ძალიან დადებითადაც შევაფასებდით.

NEWS.On.ge: და საგარეო პოლიტიკაზე მთავრობის რიტორიკის ხშირი ცვლილება ხომ არ გააჩენს დაბნეულობას, თუნდაც, მათსავე ამომრჩეველშიც, იმის გათვალისწინებით, რას ისმენდნენ სამთავრობო გუნდისგან დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებისკენ მიმართულ განცხადებებში? და ასევე, რამდენად დამაჯერებელია სამთავრობო გეგმა მათი ანტიდასავლური განცხადებების გათვალისწინებით?

ეკა გიგაური: კიდევ ერთხელ ვამბობ: შესაძლოა, სარწმუნო არ იყოს არსებული გამოცდილების გამო, თუმცა, მგონია, რომ ეს არ იქნება ხალხისთვის დამაბნეველი, რადგან ყველა ძალიან აშკარად ვხედავდით, რას აკეთებდნენ მთელი წელი — სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ კი, როდესაც აშკარა გახდა, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები საქართველოს არ "გაწევდნენ" და ქართველი ხალხის ბრძოლასა და განწყობებს დააფასებდნენ, ხელისუფლებამ პროპაგანდისტული გზავნილები შეცვალა. თითქოს, მანამდე იმისთვის ემზადებოდნენ, [ევროკავშირისგან] რომ უარს მიიღებდნენ, რადგან ძალიან კარგად იცოდნენ, რომ 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ 3 რეკომენდაცია "ჩაეთვალათ". შესაბამისად, ემზადებოდნენ, რომ უარი გადაებრალებინათ ევროკავშირისთვის, ოპოზიციისთვის და აბსოლუტურად ყველასთვის ამ ქვეყანაში, თუმცა არა — საკუთარი თავისთვის. ბოლოს კი, როდესაც მიხვდნენ, რომ არაფერი გამოვიდოდა, და მაინც, საზოგადოების ბრძოლის შედეგად, მივიღებდით ისეთ შედეგსა და მონაპოვარს, რასაც კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ჰქვია, რეალურად, სხვა "მესიჯებზე" გადავიდნენ.

მაგრამ მგონია, რომ მათი ეს მდგომარეობა დიდ ხანს ვერ გაგრძელდება და თუ გაუჭირდებათ მათივე გაწერილი გეგმის შესრულება, მოსალოდნელია, რაღაც მომენტში დაიწყონ კიდეც ვიღაცებისთვის გადაბრალება, და შესაძლოა, ეს სულ რამდენიმე თვეშიც მოხდეს.

NEWS.On.ge: ევროკავშირის მიერ, საქართველოსთვის დაკისრებულ 9 ნაბიჯზე მთავრობის საპასუხო გეგმამ, საუკეთესო შემთხვევაში, როგორ უნდა შეცვალოს პოლიტიკური გარემო, თუნდაც, დეზინფორმაციასთან დაკავშირებით? ხელისუფლება, ამ დათქმით, რა ვალდებულებებს იღებს, მათ შორის, საგარეო კურსთან დაკავშირებით საჯარო განცხადებებზე?

ეკა გიგაური: პირველ რიგში, ამ 9 ნაბიჯზე უნდა ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კონკრეტული დავალებები გვაქვს ევროკავშირის მხრიდან ამ რეკომენდაციების სახით. მით უფრო, რომ ეს ყველაფერი საარჩევნო, 2024 წელს ხდება.

გაიგე მეტი: დამოუკიდებელი სასამართლო და არჩევნები — რა კავშირია?

მნიშვნელოვანია, რომ უკვე ვიცით, რა არის ის მინიმუმი, რასაც მოითხოვს ევროკავშირი ჩვენგან იმისთვის, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. ცხადია, კანდიდატის სტატუსიც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ევროპასთან მიახლოების თვალსაზრისით, მაგრამ გვახსოვდეს, რომ სტატუსზე უფრო მნიშვნელოვანი წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებაა.

გვახსოვდეს, თუ ჩვენ ამ 9 ნაბიჯს შევასრულებთ, ამას გავაკეთებთ უპირველესად, ჩვენივე ქვეყნისთვის, რადგან ყველაფერი, რაც იქ წერია — დეზინფორმაციასთან და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა, თუ ინსტიტუციების რეფორმირება დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერების მიზნით, პირველ რიგში, საქართველოსთვის, ჩვენივე ხალხისთვის, ჩვენივე მოქალაქეებისთვის არის მნიშვნელოვანი, და ცხადია, ეს ყველაფერი რომ განვახორციელოთ, ქვეყანა თავისი არსითა და მართვის სისტემით მეტად დაუახლოვდება ევროკავშირს, და ეს, ცალსახად ასეა.

ეკა გიგაური.

ეკა გიგაური: აღსანიშნავია, რომ ამ 9 ნაბიჯზე საუბართან ერთად, აუცილებლად უნდა განვიხილავდეთ ევროკომისიის გაფართოების პოლიტიკის დოკუმენტსაც, სადაც ძალიან ბევრი მიმართულებაა შეფასებული და იქაც კონკრეტულ რეფორმებზეა საუბარი.

თუნდაც ის, რასაც ისინი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით გვთხოვენ, უზენაესი მოსამართლეებისა თუ სასამართლოს თავმჯდომარეების საქმიანობის შესწავლა და იმის გადაწყვეტა, ვინ უნდა დარჩეს სისტემაში და ვინ — არა, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ სისტემაში არსებული კლანური გავლენის დასრულების მიმართულებით.

ევროკომისიის მიერ, საქართველოსთვის განსაზღვრული ნაბიჯი #6 — ჰოლისტიკური და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმის ჩათვლით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად განხორციელებისა და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის გზით.

ეკა გიგაური: მათ შორის, როცა საუბარია ანტიკორუფციულ სამსახურზე, რაზეც, სხვათა შორის, მთავრობის სამოქმედო გეგმაში წერია, ყველაფერს გავაკებთ რასაც ვენეციის კომისია გვეუბნებაო, ეს თუ მართლაც განხორციელდება, ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მათ შორის, ელიტურ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.

ევროკომისიის მიერ, საქართველოსთვის განსაზღვრული ნაბიჯი #7: ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პირად მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შემდგომი უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან მიმართებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება ინკლუზიური პროცესის გზით; კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეების გამოძიების ძლიერი გამოცდილების შექმნა

ეკა გიგაური: ასევე, საუბარია ცესკოს კომისიასთან დაკავშირებით, რომ ახლიდან, ახალი წესით უნდა დავნიშნოთ ცესკოს თავმჯდომარე, განსაკუთრებით, წინ საარჩევნო წელია და ამ კონტექსტში ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქვეყანას, რომ წინ წავიდეს.

ევროკომისიის მიერ, საქართველოსთვის განსაზღვრული ნაბიჯი #4: თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს, და ეუთო-ოდირის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. არჩევნების დღემდე გაცილებით ადრე საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩევლის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.

უბრალოდ, ჩვენ ყველანი ამას ვუყურებთ ძალიან დიდი სიფრთხილით, რადგან გამოცდილება გვასწავლის, რომ ისინი აკეთებენ მხოლოდ და მხოლოდ იმას, რაც მათ ხელისუფლებაში ყოფნას არ დაასუსტებს, არადა, რა თქმა უნდა, არც ერთი ხელისულება არ სუსტდება დემოკრატიული რეფორმების გატარებით, პირიქით — ეს არის მათთვისაც და ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ.

ეკა გიგაური.

ეკა გიგაური: როდესაც ვამბობთ, რომ ამ ხელისუფლების მიზანი მაინც ძალაუფლების შენარჩუნებაა, ამის არგუმენტია, თუნდაც, ის, რომ ამ ხნის განმავლობაში გვაჩვენეს, რომ ევროკავშირისგან უარის მიღების ფასადაც კი შეეცადნენ ხელისუფლების შენარჩუნებას. მათ, რეალურად, ძალიან მარტივად შეეძლოთ 12 პუნქტის შესრულება და შეასრულეს იქიდან მხოლოდ 3, აქედან გამომდინარე, ჩვენ ამას ვუყურებთ ძალიან დიდი სიფრთხილით, თუმცა, მე არ მინდა წინასწარვე ვთქვა, რომ არაფერს გააკეთებენ და ამ განწყობით ვიყო.

გაიგე მეტი: როგორ შეასრულეს რეკომენდაციები საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ — მოკლედ

ეკა გიგაური: მე მაინც მაქვს იმედი, რომ იქნებ, ვიღაც მოვიდეს გონს, ან შეიცვალოს ვითარება ისე, მათ შორის, გარედან ზეწოლის თვალსაზრისით, რაც ვნახეთ კიდეც 2023 წელს, მათ შორის, დასავლეთის მხრიდან კონკრეტული პირების სანქცირების კუთხით, და იმედი მაქვს, ჩვენი საზოგადოების ძლიერი მოთხოვნის საფუძველზე, მომავალი წლის ბოლოს უკვე პოზიტივზე ვისაუბრებთ, თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ გვაქვს ხელისუფლებასთან ურთიერთობის ისეთი გამოცდილება, რომ ძალიან დიდი ყურადღებითა და ეჭვით ვუყურებთ ხოლმე მათ ნებისმიერ ინიციატივას.

NEWS.On.ge: რამდენად მზად ვართ ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების ეტაპისთვის? და ამ ნაწილშიც, ხომ არ დაგვაბრკოლებს პოლიტიკური ნების შესაძლო არარსებობა, იმის გათვალისწინებით, თუ რა ვითარებაა სასამართლოში და ფართო გაგებით — მართლმსაჯულების სისტემაში? თქვენი ხედვით, რა ნაბიჯებია გადასადგმელი ქვეყნის შიგნით? რა უნდა მოწესრიგდეს საიმისოდ, რომ მოლაპარაკების ეტაპისთვის გამართულად შევძლოთ არსებული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია?

ეკა გიგაური: კი, მოლაპარაკებების დაწყებამდე კანონმდებლობის ნაწილობრივი ჰარმონიზაცია უნდა მოხდეს, მაგრამ ჩვენ ეს სრულად გასაკეთებელი გვექნება იმ შემთხვევაში, თუ დავიწყებთ მოლაპარაკებას ევროკავშირთან წევრობაზე. მხოლოდ მას შემდეგ ხდება არსებული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია.

თუმცა, დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ 9 ნაბიჯზე და თუ შევხედავთ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ანგარიშს, იქ არის დაახლოებით, ასზე მეტი სხვადასხვა ტექნიკური და რეფორმასთან დაკავშირებული რეკომენდაცია.

მგონია, რომ პრობლემები, რაზეც ჩვენი ევროპელი პარტნიორები საუბრობენ, ახალი არ არის: წლების განმავლობაში, ყველა ფორმატში, როგორც აშშ-ის წარმომადგენლები, ასევე, ევროკავშირის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, თუ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველანი ერთხმად ვსაუბრობთ ქვეყანაში არსებულ რამდენიმე პრობლემაზე, და მთავრობისთვის არ იქნებოდა პრობლემა რეფორმების გატარება ამ გამოწვევების გადალახვის მიზნით, შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში. ისინი ხომ ათ წელიწადზე მეტია, ხელისუფლებაში არიან.

ვფიქრობ, ხელისუფლებისთვის ყველაზე რთული მართლმსაჯულების სისტემის დათმობა იქნება და ალბათ, ამას ვნახავთ მომავალი წლის განმავლობაში. სავარაუდოა, რა შეიძლება მოჰყვეს მათ შორის, სასამართლო სისტემაში იმ კომისიის შექმნასაც, რომელშიც ევროკავშირის ექსპერტები შეაფასებენ მოსამართლეებს, და ეს იქნება ხელისუფლებისთვის ყველაზე მწვავე თემა, რადგან საუბარია კლანის დაშლაზე, ხელისუფლება კი, სწორედ სასამართლოს კლანზე "დგას".

ეკა გიგაური.

ეკა გიგაური: რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში, სასამართლო რომ მოწოდების სიმაღლეზე იყოს და არ გვქონდეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ქვეყანა იქნებოდა ბევრად უფრო წინ. იმიტომ, რომ ყველა დავა, ეს იქნება ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული, თუ საარჩევნო დავები, ყველაფერი მიდის სასამართლომდე და სასამართლო გამოასწორებდა ვითარებას, მაგრამ დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი რესურსი ხელისუფლების ხელშია, და ამ მნიშვნელოვანი რესურსის დათმობის წინააღმდეგ წავლენ, რა თქმა უნდა.

კიდევ ერთი საკითხია გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი — ერთი მოსმენით უკვე მიღებულია ეს საკონსტიტუციო ცვლილება და მგონია, რომ მას მიიღებენ, რადგან საუბარია შემდეგი გენერალური პროკურორის დანიშვნის საკითხზე, და აქაც უნდა გვახსოვდეს, რომ ოპოზიციის ჩართულობით მოხდება სამომავლოდ გენპროკურორის დანიშვნა. მაგრამ ეს იქნება რამდენიმე წელიწადში, და შეიძლება, ეს არ ქმნიდეს მათთვის ისეთ საფრთხეს.

თუმცა, სასამართლო, სადაც სანქცირებული მოსამართლეები გვყავს, რომლებსაც არც იმის მიუხედავად ათავისუფლებენ, რომ მათსავე [სახელისუფლებო] ამომრჩეველში არ სარგებლობენ პოპულარობით, მაინც გაუჭირდებათ დათმონ, რადგან ფაქტიურად, ეს ეხმარება მათ მნიშვნელოვნად, ძალაუფლების შენარჩუნებაში.

ეკა გიგაური.

კიდევ ერთი საკითხი კი, რაზეც ევროკავშირი მიუთითებს, ზედაპირულად არის გაწერილი სამთავრობო გეგმაში — ეს არის საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება სპეცსამსახურებზე, სუს-ზე.

ევროკომისიის მიერ, საქართველოსთვის განსაზღვრული ნაბიჯი #5: საპარლამენტო ზედამხედველობის აღსრულების შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუციების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა

ეკა გიგაური: ძალიან აშკარაა, რომ აქ მთავრობა წერს, რომ აპირებს, დანიშნოს ერთი წევრი ნდობის ჯგუფში და ამით შეავსოს დასანიშნი ერთეული, მაგრამ რეკომენდაციაში არ არის საუბარი მხოლოდ ამაზე — საუბარია, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, რა როლს ასრულებს სუს-ი დღეს საქართველოში, როგორც არჩევნების ორგანიზებითა და ჩატარებით, ასევე, სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების თვალსაზრისით, მათ შორის, მოსმენით, მიყურადებით, თვალთვალითა და ა.შ. ამიტომ, აქ ასე მარტივად ვერ "გაძვრებიან" და აქ მნიშვნელოვანი რეფორმაა ჩასატარებელი.

სხვათა შორის, დაახლოებით, 10 დღის წინ [*ინტერვიუ ჩაწერილია 27 დეკემბერს] შევიტანეთ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში, რაზეც მაშინვე უარი გვითხრეს [უმრავლესობამ], მაგრამ, გვახსოვდეს, რომ რეკომენდაციაში სწორედ ქმედით მექანიზმებზეა საუბარი, რომ ნდობის ჯგუფმა მაქსიმალურად შეამოწმოს სუს-ის საქმიანობა და ჰქონდეს შესაბამისი მანდატი, რომ ვერავინ გაბედოს მის საქმიანობაში ჩარევა.

NEWS.On.ge: როდესაც სუს-ზე საპარლამენტო ზედამხედველობაზე ვსაუბრობთ, იქვეა საუბარი სასამართლო კონტროლზეც. ამის გათვალისწინებით, პროცესის გაჯანსაღება რა ვერტიკალში უნდა მოხდეს?

გაიგე მეტი: როგორ (ვერ) აკონტროლებს სასამართლო ფარულ მოსმენებს

ეკა გიგაური: აქ საუბარია ორ კომისიაზე — ერთი კომისია შეისწავლის სასამართლოს თავმჯდომარეებსა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, მათ საქმიანობას, ხოლო მეორე კომისიის შექმნა უკავშირდება სამომავლოდ მოსამართლეების დანიშვნას, და აქ საუბარია დაახლოებით, იმ 200 ვაკანტურ პოზიციაზე, რომელიც შესავსებია. ეს ნიშნავს, რომ ევროპელი პარტნიორების ჩართულობით მოხდება არსებული მოსამართლეების საქმიანობის გადახედვა და ახალი მოსამართლეების არჩევა. ამ შემთხვევაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და ეს მექანიზმები სხვა ქვეყნებშიც გამოუყენებიათ მათ, როდესაც ევროკომისია ამბობდა, იყო თუ არა მიზანშეწონილი კონკრეტული მოსამართლის ყოფნა სასამართლო სისტემაში.

NEWS.On.ge: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაზეც ევროპელი პარტნიორები მიუთითებენ, ის არის, რომ ეს პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და მათ შორის, აქ იგულისხმება არასამთავრობო სექტორის ჩართულობაც. როგორ ხედავთ თქვენს როლს ამ 9 ნაბიჯის რეალიზებისას, მთავრობასთან ამ დრომდე არსებული ურთიერთობის გამოცდილებით?

ეკა გიგაური: ჩვენ, მიუხედავად იმისა, ისინი მზად იქნებიან თუ არა ჩვენთან თანამშრომლობაზე, ყველა შემთხვევაში ვიმუშავებთ იმ საკითხებზე, რაზეც ტრადიციულად ვმუშაობთ ხოლმე და არამხოლოდ ხელისუფლებას, საზოგადოებასაც გავაცნობთ ჩვენს ხედვებს. აქ მე ვგულისხმობ ანტიკორუფციულ რეფორმას, იმიტომ, რომ ანტიკორუფციული სამსახურის შექმნის იდეა წლების წინ წამოვიდა ჩვენი ორგანიზაციიდან, შემდეგ კი, ყველა შემდგომი მოწვევის პარლამენტში სხვადასხვა სახით გვქონდა წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები და სხვადასხვა წინადადებით მივმართავდით პარლამენტს ანტიკორუფციული სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით. ამიტომ ეს ის საკითხია, რომელიც კარგად ვიცით და შესაბამისად, რა თქმა უნდა, დავწერთ იმას, თუ რა არის დასამატებელი, რა არის შესაცვლელი დღეს არსებულ სისტემაში და განსაკუთრებით, სწორედ, ანტიკორუფციული სამსახურის თვალსაზრისით.

ჩვენ, რა თქმა უნდა, მომავალშიც მივალთ საკომიტეტო განხილვებზეც და წარვადგენთ ჩვენს წინადადებებს საპარლამენტო ფორმატში. ჩვენ არ შეგვიწყვეტია მუშაობა და როგორც აქამდე მივდიოდით პარლამენტში და ვაცნობდით დეპუტატებს ჩვენს მოსაზრებებს იმ საკითხებზე, რაზეც გვიმუშავია, ასევე იქნება სამომავლოდაც.

რაც შეეხება საპარლამენტო ზედამხედველობას, იცით, რომ ჩვენ შევიტანეთ წინადადება პარლამენტში და შევეცდებით, რომ გავაგრძელოთ ამის საკითხის ადვოკატირება, რომ იქნებ, სამუშაო ჯგუფი მაინც შეიქმნას. ასე თუ ვერ მოხდება, ამაზეც ვაცნობებთ საზოგადოებას.

NEWS.On.ge: და სხვაგვარად, არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გარეშე, შეიძლება მიიჩნიოს ევროკომისიამ, რომ სამუშაო პროცესი ჯანსაღად მიმდინარეობს?

ეკა გიგაური: მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ინკლუზიურობაა. აქ ხომ მთავარი ის არის, რომ კონკრეტული ჯგუფების აზრებიც იყოს მიღებული მხედველობაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს პრეტენზია იმაზე, რომ ჩვენ რასაც ვამბობთ, ეს ერთადერთი სწორი გზაა და სხვა იდეები არ უნდა განვიხილოთ, მაგრამ როდესაც უბრალოდ, იგნორირება ხდება იდეების მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ ვართ სამოქალაქო სექტორი, ან აიგნორებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასეთი მიდგომაა, რა თქმა უნდა, ეს არასწორია.

NEWS.On.ge: გვინდა, ჩვენს აუდიტორიას აუხსნათ, რისი წინაპირობაა ამ 9 ნაბიჯის რეალიზება და არსებითად, როგორ შეცვლის ქვეყანას ამ საკითხებზე სწორად მუშაობა, რით გააუმჯობესებს ქვეყანაში გარემოს მოქალაქისთვის?

ეკა გიგაური: ამ 9 ნაბიჯის სრულად შესრულებაზეა დამოკიდებული, დავიწყებთ თუ არა 2024 წლის ბოლოს მოლაპარაკებებს ევროკავშირთან წევრობაზე. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ფაქტობრივად, ძალიან დაგვაახლოებს ჩვენ უკვე წევრობას.

სავარაუდოდ, ზაფხულში მივიღებთ შუალედურ შეფასებას ევროკომისიის მხრიდან და შემდეგ, ამას მოჰყვება სრული შეფასება ევროკომისიის მხრიდან ოქტომბერში და შესაძლოა, ეს მოხდეს კიდეც ზუსტად არჩევნების წინ. ევროკომისია გაგვაცნობს რეკომენდაციას, მიიჩნევს თუ არა, რომ უნდა დაიწყოს საქართველომ მოლაპარაკებები ევროკავშირთან წევრობაზე და შემდეგ, დეკემბერში იქნება კვლავ ევროსაბჭოს სხდომა, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, დაიწყებს თუ არა ევროკავშირი საქართველოსთან წევრობაზე მოლაპარაკებებს.

რა თქმა უნდა, თუ ეს 9 ნაბიჯი სრულად შესრულდება, ჩვენ თვისობრივად სხვა ქვეყანა გვექნება: წარმოიდგინეთ,

  • როდესაც არ იქნება დეზინფორმაცია დასავლეთის წინააღმდეგ;
  • როდესაც, ასე თუ ისე დავძლევთ პოლარიზაციას;
  • გვექნება კლანისგან გაწმენდილი სასამართლო;
  • გვექნება პროკურორის დანიშვნის წესი, რომელშიც ოპოზიციაც იქნება ჩართული;
  • საქართველოს პარლამენტი იქნება უფრო ძლიერი სუს-ზე ზედამხედველობით კუთხით და
  • სუს-ი, ფაქტობრივად, ვეღარ შეძლებს უფლებამოსილების გადამეტებას და ამ უკანონო მოსმენებს, თვალთვალს და მათ შორის, არჩევნებში ჩართვას.
  • ჩვენ უფრო ნაკლები კითხვა გვექნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით და გვექნება უფრო მეტი ნდობა ცესკოს ხელმძღვანელ პირებთან მიმართებით.

და საუბარია ადამიანის უფლებების დაცვასა და გეგმაზე, და ცხადია, ეს გეგმა თუ ზედმიწევნით გაიწერება და შესრულდება, ეს, თვისობრივად სხვა დონეზე გადაიყვანს ადამიანის უფლებების დაცვას ქვეყანაში.

უფრო ნაკლები კითხვები იქნება ისეთი ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ხარისხზე, როგორიცაა: ანტიკორუფციული, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, ეროვნული ბანკი, რადგან ისინი უფრო მეტად იქნებიან ორიენტირებული კანონის დაცვაზე და ფოკუსირებული საზოგადოების ინტერესებზე და არა — რომელიმე პოლიტიკური პარტიის.

9 ნაბიჯის შესრულებით, ჩვენი საგარეო პოლიტიკაც უფრო ახლოს იქნება ევროკავშირის პოლიტიკასთან, და თუ ეს ყველაფერი შესრულდა, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ქვეყანა სხვა მართვის სისტემაზე გადავიდეს. ევროკავშირთან დაახლოება კი, ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი მიზანი უნდა იყოს, რადგან დადებითი შედეგები აისახება თითოეულ მოქალაქეზე, მათი ცხოვრების ხარისხზე.

ეკა გიგაური.

NEWS.On.ge: ამ პროცესში სკეპტიკური განწყობა ხელისუფლების მიმართ, რაც შესაძლოა, ჩვენს კითხვებში ჩანდეს, განპირობებულია ხელისუფლების მიდგომით თუნდაც, მედიის და ზოგადად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ და, ამაზე მმართველი პარტიის დეპუტატების არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა თუ ქმედება მოწმობს. ასევე, 2021 წლის 5 ივლისის მასობრივი თავდასხმები მედიაზე, რომლის ორგანიზატორები დღემდე არ დასჯილან. ამ გამოცდილების გათვალისწინებით, 9 ნაბიჯის რეალიზება ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა შეიცვალოს "კანი", "სხეული" და შინაარსი? ჩვენ ხომ 2024 წელსაც, საპარლამენტო არჩევნებამდე, იგივე ხელისუფლება და პარლამენტი გვეყოლება?

ეკა გიგაური: ამ მხრივ ჩვენ არ ვართ სახარბიელო ვითარებაში. როდესაც ასეთი შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა, სამწუხაროდ, გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ პროცესს უფრო მეტ პრობლემას უქმნის, ვიდრე — შესაძლებლობას და რა თქმა უნდა, ეს არის პრობლემა, ერთ-ერთი მუხრუჭი ამ პროცესში. ამ მოცემულობის გარეშე ძალიან მარტივად შეგვეძლო გაგვევლო ძალიან ბევრი რამ, თუმცა, ბევრიც უკვე გაკეთებულია ქვეყანაში.

მე სულ ყოველთვის ვეუბნებოდი ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც, რომ საქართველოს უნდა შეხედოთ 30 წლის პერსპექტივიდან. 30 წელია დამოუკიდებლები ვართ და ეს ქვეყანა არ მდგარა ერთ ადგილას, და სულ ყოველთვის, დიდი ბრძოლის შედეგად ვახერხებდით, რომ ქვეყანა წინ წაგვეყვანა. რა თქმა უნდა, ყველაფერი შედარებითია, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი წარმატებაც ვანახეთ მსოფლიოს, მათ შორის, ანტიკორუფციული რეფორმების თვალსაზრისით.

ეკა გიგაური.

ეკა გიგაური: ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ არასასურველ ვითარებაში ამ მხრივ, რომ ხელისუფლება არ ცდილობს თავის მაქსიმუმს, თუმცა, როგორც ჩანს, ეგ არის ჩვენი ბედი, რომ მარტივად ვერაფერს ვიღებთ.

ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ამისთვის, აქ არის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ბროლა და ამიტომ საუბარი იმაზე, რომ კი, ამ ხელისუფლებას არ უნდა ამის გაკეთება და რა ვქნათ, იქნებოდა ყველაზე არასწორი საუბარი, ჩვენ ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია, მათ შორის, საკითხების ძალიან სერიოზულად მოთხოვნა.

როდესაც საზოგადოების აბსოლუტურად ყველა ჯგუფი გაერთიანდა რუსული კანონის წინააღმდეგ, ჩვენ ეს მოვახერხეთ. და ზოგადად, ის რომ საქართველოში 80 %-ზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირს, ეს ნიშნავს, რომ ვისაც არ უნდა სურდეს, ქვეყანა რუსეთის მიმართულებით წაგვიყვანოს, ამას ვერ ბედავს. ეს შეუძლებელია ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად ანტიდასავლური პროპაგანდისა, ხალხი მაინც თავის პოზიციაზე დგას.

ამიტომ, ეს შეაშინებს ნებისმიერ ხელისუფლებას. ის, შესაძლოა, არ შეაშინოს რომელიმე კონკრეტული ჯგუფის განცხადებამ, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებამ, მაგრამ ხელისუფლებას შეაშინებს ხალხის რეაქცია. ამიტომ ეს უნდა გვახსოვდეს და თუ სწორი რეაქციები გვექნება, ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ.

ჩვენ ეს შეგვიძლია, ჩვენ ეს უნდა შევძლოთ, სხვა გზა არ გვაქვს, ამიტომ ყველა ამ საკითხის გარშემო უნდა გავერთიანდეთ და ვკონცენტრირდეთ მეტად ისეთ საკითხებზე, რაც გვაერთიანებს და არა იმაზე, რაც დაგვყოფს. არ უნდა დავკარგოთ ფოკუსი, რადგან ევროკავშირთან დაახლოება ახლა ყველასთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია.

ეკა გიგაური.

ეკა გიგაური: ასევე, აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ერთია 9 ნაბიჯი, მაგრამ ასევე მომდევნო წელსვე, ჩვენ უნდა ჩავატაროთ კარგი არჩევნები. მთავარი არის ის, რომ ჩვენ უნდა მზად ყველა ხმის დასაცავად, და ასევე იმისთვის, რომ მივცეთ ხმა იმ პარტიას, რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკებებს მოგვიტანს; ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ესეც საერთო ბრძოლის ნაწილია. ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ვერავინ ვერასდროს გაიგებს, ვინ ვის მისცა ხმა, რადგან ხშირად, ეს არის ხოლმე დაშინების ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი მეთოდი. გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი იმის მიხედვით, და ავირჩიოთ ისინი, ვინც ევროკავშირისკენ წაიყვანს ქვეყანას.