თავდასხმები წითელ ზღვაში — ვინ არიან ჰუსიტები და რატომ ბომბავენ გემებს

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება


აშშ, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, წითელ ზღვაში სამხედრო ოპერაციას იწყებს.

  • ამერიკის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ოპერაციის მიზანია, დაიცვას გემები დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმებისგან, რომლებსაც იემენიდან, ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან უშვებენ.
  • აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ორშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიდევ ორ ხომალდს დაესხნენ თავს. მათი ცნობით, დაზიანდა ნავთობის გადამზიდი ტანკერი, კიდევ ერთ გადამზიდ გემთან ახლოს კი, წყალში, აფეთქება მოხდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტმა ამბოხებულებმა წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმები კიდევ უფრო გაააქტიურეს და მიზეზად ასახელებენ შურისძიებას ისრაელის წინააღმდეგ, ღაზაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ჰუსიტები, შესაძლოა, ვერ უქმნიდნენ ისრაელს სერიოზულ საფრთხეს, მათ შეიარაღებას შეუძლია, მძიმე შედეგები მოიტანოს წითელ ზღვაში. კომერციულ გემებზე თავდასხმისთვის, მათ გამოიყენეს დრონები და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები, გემების ნაწილი ისრაელთან არც კი ყოფილა კავშირში.

თავდასხმების გამო, მსოფლიოს უმსხვილესი გადამზიდავი და ნავთობკომპანიები იძულებული გახდნენ, შეეჩერებინათ ტრანზიტი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო სავაჭრო მარშრუტზე, ამან კი, შესაძლოა, გლობალური ეკონომიკისთვის დიდი პრობლემები შექმნას.

  • არსებობს მტკიცებულებები, რომ ჰუსიტების შეიარაღებასა და მომზადებას ირანი უზრუნველყოფს და ასევე, ექსპერტები შიშობენ, რომ მათმა თავდასხმებმა, ისრაელის ომს ჰამასის წინააღმდეგ, შესაძლოა, უფრო მასშტაბური, რეგიონული კონფლიქტის ხასიათი მისცეს.

ვინ არიან ჰუსიტები

ჰუსიტური მოძრაობა, რომელიც ცნობილია, ასევე, სახელით ანსარალა (ღმერთის მიმდევრები), იემენის სამოქალაქო ომის ერთ-ერთი მხარეა. ომი ქვეყანაში უკვე თითქმის 10 წელია გრძელდება.

ჰუსიტური მოძრაობა 1990-იან წლებში ჩამოყალიბდა, როდესაც მისმა ლიდერმა, ჰუსეინ ალ-ჰუსიმ დააარსა შიიტურ-ზეიდიტური რელიგიური მოძრაობა მორწმუნე ახალგაზრდობა.

  • ზეიდიტები (შიიტური სექტა) იემენს საუკუნეების განმავლობაში მართავდნენ, მაგრამ 1962 წლიდან, როდესაც ხელისუფლებაში სუნიტური რეჟიმი მოვიდა, მათი მარგინალიზება მოხდა. ალ-ჰუსის მოძრაობის დაარსების მიზანი იყო, წინააღმდეგობა გაეწიათ რადიკალური სუნიზმისთვის, განსაკუთრებით, ვაჰაბიტური იდეებისთვის საუდის არაბეთიდან. მის მიმდევრებს ჰუსიტები ეწოდათ.

როგორ მოვიდნენ ისინი ხელისუფლებაში

ალი აბდულა სალეჰი, რომელიც 1990 წელს ჩრდილოეთ და სამხრეთ იემენის გაერთიანების შემდეგ პირველი პრეზიდენტი გახდა, თავდაპირველად, მხარს უჭერდა მორწმუნე ახალგაზრდობას.

  • მაგრამ როდესაც მოძრაობის პოპულარობა გაიზარდა და მათი ანტისამთავრობო რიტორიკა გამძაფრდა, ის სალეჰისთვის საფრთხედ იქცა.
  • მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაიბა 2003 წელს, როდესაც სალეჰმა მხარი დაუჭირა შეერთებული შტატების ერაყში შეჭრას, რასაც ბევრი იემენელი ეწინააღმდეგებოდა.

ალ-ჰუსისთვის ეს განხეთქილება შესაძლებლობა აღმოჩნდა. მისი ორგანიზებით გაიმართა მასობრივი დემონტრაციები.

  • არეულობამ რამდენიმე თვეს გასტანა, საბოლოოდ, სალეჰმა ალ-ჰუსის დაპატიმრების ბრძანება გასცა.
  • ალ-ჰუსი 2004 წლის სექტემბერში იემენის შეიარაღებულმა ძალებმა მოკლა, თუმცა მის მოძრაობას არსებობა არ შეუწყვეტია.

ჰუსიტების სამხედრო ფრთა გაიზარდა, მათ უფრო მეტი მებრძოლი შეუერთდათ. 2011 წელს, არაბული გაზაფხულის საპროტესტო გამოსვლებით გათამამებულებმა, კონტროლი აიღეს ჩრდილოეთ პროვინცია საადაზე და სალეჰის მთავრობას გადადგომა მოსთხოვეს.

ჰუსიტი მებრძოლები, 2023 წლის 2 დეკემბრის ფოტო

ჰუსიტი მებრძოლები, 2023 წლის 2 დეკემბრის ფოტო

ფოტო: Khaled Abdullah/Reuters

აკონტროლებენ თუ არა ჰუსიტები იემენს

2011 წელს სალეჰი დათანხმდა, ძალაუფლება მისი ვიცე-პრეზიდენტისთვის, აბდ-რაბუ მანსურ ჰადისთვის გადაეცა.

  • ჰუსიტებმა ხელისუფლებას 2014 წელს კიდევ ერთელ შეუტიეს, კონტროლი დაამყარეს დედაქალაქის, საანას ნასილზე. მომდევნო წლის დასაწყისში კი პრეზიდენტის სასახლეც აიღეს.
  • ჰადი საუდის არაბეთში გაიქცა. საუდის არაბეთმა, მისი თხოვნით, 2015 წლის მარტში ომი დაიწყო ჰუსიტების წინააღმდეგ. ვარაუდობდნენ, რომ ეს უნდა ყოფილიყო სწრაფი ოპერაცია, თუმცა წლების განმავლობაში გაგრძელდა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, საბოლოოდ, 2022 წელს მიაღწიეს. შეთანხმება 6 თვის შემდეგ კვლავ დაირღვა, თუმცა მხარეები სრულმასშტაბიან ომამდე აღარ მისულან.

გაერომ განაცხადა, რომ იემენის ომი იქცა მსოფლიოს უმძიმეს ჰუმანიტარულ კრიზისად. გაეროს სტატისტიკის თანახმად, კონფლიქტის დროს თითქმის 250 000 ადამიანი დაიღუპა.

ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ჰუსიტებმა გააძლიერეს კონტროლი ჩრდილოეთ იემენის უმეტეს ნაწილზე.

ვინ არიან მათი მოკავშირეები

ჰუსიტებს მხარს უჭერს ირანი, რომელმაც 2014 წლიდან ჯგუფისთვის დახმარება კიდევ უფრო გაზარდა — მას შემდეგ, რაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი დაიწყო და საუდის არაბეთთან მისი დაპირისპირება უფრო ინტენსიური გახდა.

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ირანმა ჯგუფს მიაწოდა იარაღი და ტექნიკა, მათ შორის საზღვაო ნაღმები, ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტები, დრონები.

ჰუსიტები წარმოადგენენ ირანის ე.წ. წინააღმდეგობის ღერძის ნაწილს — ირანის მეთაურობით შექმნილ ანტიისრაელური და ანტიდასავლური ალიანსის რეგიონულ დაჯგუფებებს, რომელსაც მხარს უჭერს ირანის ისლამური რესპუბლიკა. ღაზის ჰამასთან და ლიბანის ჰეზბოლასთან ერთად, ჰუსიტები ერთ-ერთია ირანის მიერ მხარდაჭერილი იმ სამი დაჯგუფებიდან, რომელმაც ისრაელზე, ბოლო კვირების განმავლობაში, თავდასხმა განახორციელა.

მსგავსი თემა: ადამიანები, ადგილები და ტერმინები, რომლებიც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში უკეთ გარკვევაში დაგვეხმარება

რამდენად ძლიერები არიან ჰუსიტები

ამერიკის შესაბამისი სამსახურები თვალყურს ადევნებენ ჰუსიტების შიდა წარმოების რაკეტების დისტანციის, სიზუსტისა და ლეტალობის მაჩვენებლის განვითარებას. СNN-ს აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ თავდაპირველად, ჰუსიტების იარაღი, ძირითადად, აწყობილი იყო ირანული კომპონენტებით, რომლებიც იემენში კონტრაბანდული გზით შედიოდა.

თუმცა, მოგვიანებით, მათ უფრო პროგრესული მოდიფიკაციებიც შექმნეს. მათ ახალი წარმოების საშუალო დისტანციის ბალისტიკური რაკეტები ისროლეს დეკემბრის დასაწყისში ისრაელის მიმართულებით, სამხრეთ რეგიონში, ეილათში. ისრაელმა თქვა, რომ რაკეტები მათმა თავდაცვამ გააუვნებელყო.

ჰუსიტი მებრძოლები

ჰუსიტი მებრძოლები

ფოტო: Getty

რატომ ესხმიან თავს ჰუსიტები გემებს

მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიული მდებარეობისა და ტექნიკური შესაძლებლობების გამო, ჰუსიტებს არ აქვთ ჰამასის და ჰეზბოლას მსგავსი ძალა ისრაელის წინააღმდეგ, თუმცა მათმა დარტყმებმა წითელ ზღვაში კომერციულ გემებზე, შესაძლოა, სხვა სახის პრობლემები შეუქმნას ისრაელს და მის მოკავშირეებს.

2021 წლის 23 მარტს გემი, სახელად Ever Given სუეცის არხში გაიჭედა, რის გამოც მილიარდობით დოლარის ღირებულების პროდუქტის გადაზიდვა შეაფერხა. გემი, დაახლოებით, 1 კვირის შემდეგ დაიძრა ადგილიდან, თუმცა მომხდარმა გლობალური მიწოდების ჯაჭვების შეფერხება გამოიწვია და ამ კრიზისიდან გამოსვლას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა.

ექსპერტები შიშობენ, რომ ჰუსიტების დრონებსა და რაკეტებით თავდასხმებს, კომერციულ ხომალდებზე, შეუძლია უფრო დიდი შოკის გამოწვევა მსოფლიო ეკონომიკისთვის.

ასეთ თავდასხმებს კი ისინი, 9 დეკემბრის შემდეგ, თითქმის ყოველ დღე ახორციელებენ.

მსოფლიოს ხუთი მსხვილი გადამზიდავი ფირმიდან ოთხმა - Maersk-მა, Hapag-Lloyd-მა, CMA CGM Group-მა და Evergreen-მა განაცხადეს, რომ თავდასხმების შიშის გამო, შეაჩერებენ ტრანსპორტირებას წითელ ზღვაში. მათ მსგავსად, რამდენიმე დღის წინ, წითელ ზღვაში ტვირთის გადაადგილებაზე უარი თქვა ნავთობის გიგანტმა BP-მ, რამაც ნავთობზე ფასების ზრდა გამოიწვია.

თავდასხმების გამო, შესაძლოა, კომპანიები იძულებული გახდნენ, ტვირთი უფრო გრძელი მარშრუტით გადაზიდონ, რაც პროდუქტის ფასს გაზრდის.

ჰუსიტები ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ მაშინ შეჩერდებიან, როდესაც ისრაელი დაუშვებს საკვებისა და მედიკამენტების შეტანას ღაზაში; გემებზე შეტევით, ჰუსიტები ცდილობენ, დარტყმები მიაყენონ ისრაელის მოკავშირეებს, რათა მათი ზეწოლით ისრაელმა ღაზის დაბომბვა შეწყვიტოს.

როგორია მსოფლიოს რეაქცია

თავდასხმების მიზანი, შესაძლოა, კონფლიქტში მეტი ქვეყნის ჩათრევა იყოს. ისრაელმა განაცხადა, რომ მზადა არის იმოქმედოს ჰუსიტების წინააღმდეგ, თუ ამას საერთაშორისო საზოგადოება არ გააკეთებს. ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ცაჩი ჰანეგბიმ თქვა, რომ საჭიროა "გლობალური შეთანხმება“ საფრთხის მოსაგვარებლად, "რადგან ეს გლობალური საკითხია“ და ჰუსიტების თავდასხმებს "საზღვაო ალყას“ უწოდებს.

ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა თქვა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში წითელ ზღვაში, სულ მცირე, 12 კომერციული და სავაჭრო ხომალდი გახდა სამიზნე და აღნიშნა, რომ თავდასხმები დიდი მასშტაბის იყო. მისივე თქმით, თავდასხმები შეეხო, მინიმუმ, 44 ქვეყანას, რომლებიც დაკავშირებულია ამ გემებთან, მაგრამ მომხდარს ექნება უფრო დიდი საერთაშორისო გავლენა.

ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა განაცხადა ახალი მრავალეროვნული საზღვაო სამუშაო ჯგუფის შესახებ, რომლის შემადგენლობაში, სხვა ქვეყნებთან ერთად, იქნებიან გაერთიანებული სამეფო, ბაჰრეინი, კანადა, საფრანგეთი და ნორვეგია. ჯგუფის მიზანი იქნება "გაუმკლავდეს გამოწვევას", რომელიც საფრთხეს უქმნის გლობალურ ვაჭრობას, უდანაშაულო მეზღვაურებს და ასევე, არღვევს საერთაშორისო სამართალს.

ჰუსიტების სპიკერმა, მოჰამედ ალ-ბუხაიტმა განუცხადა ტელეკომპანია ალ ჯაზირას, რომ ისინი, წითელ ზღვაში, დაუპირისპირდებიან აშშ-ის ხელმძღვანელობით ნებისმიერ კოალიციას.

მაშინ, როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია სულ უფრო აძლიერებს ზეწოლას ისრაელზე, შეამციროს საბრძოლო მოქმედებები ღაზაში, აშშ, შესაძლოა, უფრო ღრმად აღმოჩნდეს აღმოსავლეთის კრიზისში ჩართული, სწორედ ჰუსიტი ამბოხებულების წყალობით, რომლების იგნორირებაც უკვე ძალიან რთულია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ზარქუა: "ლუსულ" ნომრიანი მანქანით ისეირნა ზარქუამო — ნათესავისაა
  2. გარდაიცვალა "რა? სად? როდის?" მოაზროვნე ბესიკ ბუთურიშვილი
  3. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხეს
  4. ფილარმონიის მიმდებარედ საპოლიციო ძალები გამოჩნდნენ
  5. ილია II: ცესკომ დაადასტურა ქართული ოცნების გამარჯვება, გულითადად ვულოცავთ ამ წარმატებას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გიორგი გახარია: ქვეყანაში ექვს ინსტიტუტში ადმინისტრაცია უნდა გამოიცვალოს, სხვა შემთხვევაში ახალ არჩევნებს აზრი არ აქვს

"საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ ჩატარებული არჩევნების არ მჯერა და არ ვთვლი რომ ეს საჭიროა. მე ვთვლი, რომ ახალი…