კომუნიკაციისა და მონეტიზაციის ახალი გზა — რა არის მეტავერსი?
წარმოიდგინეთ ვირტუალური სამყარო, რომელშიც მილიარდობით ადამიანი ცხოვრობს, მუშაობს, ვაჭრობს, სწავლობს და ურთიერთობს — ამ ყველაფერს კი თითოეული მათგანი საკუთარ სახლში, დივანზე მოკალათებული აკეთებს.
ასეთ რეალობაში კომპიუტერის მონიტორი, რომელსაც დღეს ვიყენებთ, 3D პორტალია, რომელსაც ხელშესახებ ვირტუალურ სამყაროში გადავყავართ, სამყაროში, რომელიც რეალურს ძალიან ჰგავს, მაგრამ მასზე დიდი და მრავალფეროვანია. ჩვენ ავატარებით, ციფრული ანგარიშებით ვართ წარმოდგენილი და ამ ციფრულ სამყაროში თან მიგვაქვს ჩვენი რეალური იდენტობა, ცოვრების წესი და ფულიც კი.
ამ ყველაფერს მეტავერსი ეწოდება და პირდაპირ გეტყვით, ის დღესდღეობით არ არსებობს.
რა მოლოდინები არსებობს მეტავერსთან დაკავშირებით, როგორი იქნება ის, საერთოდაც, შეიქმნება თუ არა და რატომ არის ის ასეთი საინტერესო — შევეცდებით სტატიაში ამ კითხვებს ვუპასუხოთ.
რატომ არის მეტავერსი მნიშვნელოვანი?
მეტავერსის შესახებ პირველად სერიოზული საუბარი 2021 წლის ოქტომბერში მარკ ცუკერბერგმა დაიწყო, როცა Facebook-ის სახელი Meta-თი შეცვალა და გამოაცხადა, რომ მეტავერს ტექნოლოგიაში ყოველწლიურად 10 მილიარდი დოლარის დაბანდებას აპირებდა. Meta-ს გარდა, ტექნოლოგიით დაინტერესდნენ Nvidia, Google, Microsoft და Qualcomm. Mckinsey & Company-ის პროგნოზის მიხედვით, 2030 წლისთვის მეტავერსის ეკონომიკა 5 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ელექტრონული კომერცია წამყვანი დარგი იქნება, თუმცა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გართობა, გეიმინგი, განათლება და მარკეტინგიც.
დღესდღეობით ტერმინს კომპანიები სხვადასხვა სახის ონლაინ სივრცის აღსანიშნად იყენებენ. მეტავერსის იდეა თანდათან მულტივერსის იდეად ყალიბდება — მეტავერსების სიმრავლედ, რომელსაც კომპანიებს შორის კონკურენცია იწვევს. ტექნოლოგიას კრიტიკოსები მაინც ჰყავს. სკეპტიკოსთა აზრით, ფართო მასებისათვის მიუღებელია ყოველდღე საათების გატარება გაფართოებული რეალობის ჩაფხუტით და ციფრულ სივრცეში გადაადგილება. არც სხვა სახის კრიტიკაა უსაფუძვლო: მეტას პროექტის გამოჩენიდან 2 წელიწადში მილიარდობით დოლარი დაიხარჯა ისე, რომ წინსვლა ძალიან მცირეა.
კომპანიის აქციების ფასი, პროექტის გაშვებიდან ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით 60%-ით შემცირდა, რაც არა მხოლოდ ფართო საბაზრო რყევების, არამედ ინვესტორთა სკეპტიციზმის ანარეკლიცაა, რომლებსაც ახლო მომავალში მეტავერსის მომგებიანობში ეჭვი ეპარებათ.
ასევე იხილეთ: სკეპტიციზმი, დაბნეულობა, იმედგაცრუება: მარკ ცუკერბერგის მეტავერსის გამოწვევები
როგორი იქნება მეტავერსი?
ვინაიდან მეტავერსი დასრულებული პროდუქტი არ არის, ზუსტად არ ვიცით, როგორი იქნება ის. თუ ზოგადად მიმოვიხილავთ, ეს 3D ტექნოლოგიით აღჭურვილი ციფრული ეკოსისტემა იქნება, რომელიც ბლოკჩეინზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული ფინანსური ხელსაწყოებით იქნება აღჭურვილი.
საინტერესო ფაქტორებია ვირტუალურ სამყაროთა შორის ურთიერთქმედება, მონაცემთა გადაცემა, ელექტრონული მმართველობა, თუმცა ამ ყველაფერს ვიხილავთ მას შემდეგ, რაც იდეა დასრულებულ სახეს მიიღებს.
მეტავერსის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ორი ტექნოლოგიის, ვირტუალური რეალობისა (VR) და გაფართოებული რეალობის (AR) განვითარება.
ვირტუალური რეალობა, ეს 3D ეკოსისტემაა, რომელიც მომხმარებელს ვირტუალურ გარემოსთან ურთიერთქმედების საშუალებას აძლევს. ნებისმიერ აპლიკაციასა თუ თამაშში, ვირტუალური რეალობა თქვენს გარშემო არსებულ სივრცეს არარელევანტურად აქცევს: აღარ აქვს მნიშვნელობა, თუ სად იმყოფებით ფიზიკურად. ამ ტიპის რეალობა VR ჩაფხუტის საშუალებით მიიღწევა, რომელიც მომხმარებლის მხედველობის არეს სრულად იპყრობს.
გაფართოებული რეალობაც 3D ეკოსისტემაა იმ განსხვავებით, რომ ის მხოლოდ ავსებს რეალურად არსებულ სივრცეს და მის გადაფარვას არ ცდილობს. AR-ის საუკეთესო მაგალითია თამაში Pokemon Go, რომლის პროცესშიც ვირტუალური პოკემონი რეალურ გარემოს ემატება. ტექნოლოგია გართობის/საქმიანობის პარალელურად თავისუფალი გადაადგილებისთვისაა შექმნილი.
დღესდღეობით მეტავერსთან ყველაზე მიმსგავსებულ სამყაროს ისეთ კომპიუტერულ თამაშებში ვხედავთ, როგორიც Roblox, Decentraland და Minecraft არიან.
მეტავერს კომპანიები — როგორი იქნება მეტავერსი მომავალში?
დღესდღეობით მეტავერსში ინვესტიციებით სამი ტექნოლოგიური გიგანტი გამოირჩევა.
Meta. ცუკერბერგის კომპანია ნამდვილად სფეროს პიონერია. 2021 წლის პოსტში ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ამიერიდან კომპანიის პრიორიტეტი არა Facebook, არამედ მეტავერსი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ცუკერბერგის ოცნება კორპორაციას დიდ ფინანსურ ზარალს აყენებს, პროგრესი მაინც აშკარაა — Meta-მ მილიონობით VR ჩაფხუტი Meta Quest გაყიდა. კომპანია მომავალშიც გააგრძელებს ფუნდამენტურ ტექნოლოგიებზე მუშაობას, მათ შორის სოციალურ პლატფორმებსა და კრეატიულ ხელსაწყოებზე, რათა ოცნება რეალობად აქციოს.
Epic Games. Unreal Engine-ისა და პოპულარული ვიდეოთამაშის, Fortnite-ის დეველოპერები, რომელთაც 350 მილიონზე მეტი ერთგული მომხმარებელი ჰყავთ, გეგმავენ პროექტში დიდი ინვესტიციები განახორციელონ. კომპანიას სურს, შექმნას სივრცე, სადაც მომხმარებლებს ერთმანეთთან და სხვადასხვა კომპანიასთან ექნებათ კავშირი, ყოველგვარი სიახლეების ზოლისა და რეკლამებით გადატვირთული ეკრანის გარეშე.
Microsoft. ბილ გეითსის კომპანიის მთავარი იდეა მეტავერსთან დაკავშირებით მათ პოპულარულ აპლიკაციას, Zoom-ის მთავარ კონკურენტს, Teams-ს უკავშირდება. ახალი ტექნოლოგიის საშუალებით Microsoft მისცემს შესაძლებლობას მომხმარებელს, რომ ონლაინ ზარებისას ჰოლოგრამული გამოცდილებაც მიიღონ.
დიდი ინტერესი აღძრა საზოგადოებაში NFT-ებმაც, რომელთა საშუალებითაც შესაძლოა, ციფრული პროდუქტების მესაკუთრეები ვიყოთ და გავყიდოთ კიდეც ისინი. ამ ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ, რთული წარმოსადგენი ნამდვილად არ არის, თუ როგორ შეიძლება იმუშაოს ვირტუალურმა ეკონომიკამ. მეტად დახვეწილ ციფრულ სამყაროებს უკეთესი, მეტად თანმიმდევრული და მეტად მოქნილი კავშირი დასჭირდება — რაღაც, რაც შესაძლოა, 5G-ის ბოლომდე ამოქმედებამ მოაგვაროს.
ერთი სიტყვით, მეტავერსის იდეა ტექნოლოგიების სამყაროში 2 წელია აქტიურად ტრიალებს, თუმცა ხელშესახები პროგრესი ჯერ ისევ არ ჩანს. კონცეპტი უდაოდ ძალიან საინტერესოა, თუმცა მისი პრაქტიკაში განხორციელება ძალიან დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს. შესაბამისად, ისღა დაგვრჩენია, სიახლეებს მოთმინებით დაველოდოთ.
კომენტარები