სკეპტიციზმი, დაბნეულობა, იმედგაცრუება: მარკ ცუკერბერგის მეტავერსის გამოწვევები
Meta-ს გეგმას, განევითარებინა ვირტუალური და გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიები, რთული წელი ჰქონდა.
გასული წლის ოქტომბერში, როცა Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ კომპანიის სახელი Meta-თი შეიცვლებოდა და ეს უკანასკნელი "მეტავერსული კომპანია" გახდებოდა, ცუკერბერგმა უტოპიური მომავლის ხედვა წარმოადგინა, რომელშიც მილიარდობით ადამიანი ციფრულ გარემოში იქნება თავმოყრილი და საათობით იმუშავებს, სოციალიზდება და ითამაშებს ვირტუალურ, გაფართოებულ სამყაროებში.
ერთი წლის განმავლობაში, Meta-მ ცუკერბერგის ოცნების ასახდენად მილიარდობით დოლარი და ათასობით დასაქმებულის შრომა დახარჯა, თუმცა მეტავერსის სტარტი, ჯერჯერობით, არც ისე წარმატებულია.
კომპანიის ფლაგმანი, ვირტუალური რეალობისათვის განკუთვნილი ვიდეოთამაში, Horizon Worlds, ჯერ ისევ არაპოპულარული და ხარვეზებით სავსეა, რამაც აიძულა Meta, რომ პროექტი განახლების მიზნით წლის ბოლომდე შეეჩერებინა.
სტრატეგიის ხშირი ცვლა, მეტას თანამშრომლების აზრით, დაკავშირებულია ცუკერბერგის ახირებებთან და არა რამე თანმიმდევრულ გეგმასთან. The New York Times-თან ჩაწერილ ანონიმურ ინტერვიუებში, კომპანიის ათეულობით ყოფილი და ამჟამინდელი თანამშრომელი ბიზნესის რეორგანიზაციის გამოწვევებზე საუბრობს.
11 ოქტომბერს, დეველოპერთა კონფერენციაზე, Meta-მ სხვა სიახლეებთან ერთად ახალი ვირტუალური რეალობის ჩაფხუტი წარადგინა. ფსონი მაღალია, კომპანია ტრანსფორმაციის პროცესს აჩქარებს, რათა სხვა სფეროებში არსებული ვარდნა გადაფაროს. Facebook-სა და Instagram-ს, რომლებიც შემოსავლების ორი დიდი გენერატორია, TikTok-ი ახალგაზრდა მომხმარებლებს ართმევს, რის პარალელურადაც, Apple-ის მობილური ოპერაციული სისტემის კონფიდენციალურობის ცვლილებებმა Meta-ს სარეკლამო შემოსავლების ნაწილში მილიარდობით დოლარი დააკარგინა.
კომპანიის აქციების ფასი, გასული ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით 60%-ით შემცირდა, რაც არა მხოლოდ ფართო საბაზრო რყევების, არამედ ინვესტორთა სკეპტიციზმის ანარეკლიცაა, რომლებსაც ახლო მომავალში მეტავერსის მომგებიანობში ეჭვი ეპარებათ. სექტემბრის ბოლოს კომპანიამ განაცხადა, რომ შეაჩერებს სამსახურში აყვანის პროცესების დიდ ნაწილს და, მეტიც, მოსალოდნელია შემცირებებიც.
მეთიუ ბოლმა, ინვესტორმა და მეტავერსის ექსპერტმა განაცხადა, რომ ზეწოლა, რომელსაც მეტას ბიზნესი განიცდის 2022 წელს, არის მწვავე, მნიშვნელოვანი, თუმცა არ არის დაკავშირებული მეტავერსთან.
"თითქმის ყველაფერი, რასაც მარკი მეტავერსის შესახებ გეგმავდა, არის სწორი, გარდა იმისა, რომ ამას იმაზე მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე მას წარმოედგინა", – აღნიშნა ბოლმა.
მეტას სპიკერის, ენდი სტოუნის განცხადების მიხედვით, კომპანიას სწამს, რომ ჯერ კიდევ სწორ გზაზე დგას:
"იყო ცინიკური ახალი და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართ, მარტივია. სინამდვილეში, მისი შენება ბევრად უფრო ძნელია, თუმცა ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან გვჯერა, რომ მეტავერსი კომპიუტერული ტექნოლოგიების მომავალია".
ათი წლის წინ ცუკერბერგმა კომპანია წარმატებულად გარდაქმნა, როცა მისი პროდუქტების ფოკუსი დესკტოპებიდან სმარტფონებისკენ მიმართა. ანალოგიური გარდაქმნის მანიშნებელია გასულ წელს გაჟღერებული გეგმაც, რომლის მიხედვითაც, მეტავერსში ინვესტირებას შეუძლია Meta-ს ახალ ტექნოლოგიურ ეპოქაში გადასვლის საშუალება მისცეს.
შესამჩნევია ნიშნები იმისა, რომ Meta-ს ფსონმა კომპანია კონკურენტებზე წინ დააყენა. კომპანიის წარმოებული ვირტუალური რეალობის ჩაფხუტი Quest 2 ბაზარზე ყველაზე პოპულარულია, გაიყიდა რა 15 მილიონზე მეტი ერთეული, ხოლო Oculus V.R აპლიკაცია, რომელიც რებრენდინგის შემდეგ Meta Quest გახდა, Sensor Tower-ის ანალიტიკის მიხედვით, 21 მილიონზე მეტ iOS და Android მოწყობილობაზე დააყენეს.
თუმცა, მეტას მომავალი წარმატება დამოკიდებულია მის შესაძლებლობაზე, მიიტანოს ვირტუალური და გაფართოებული რეალობის საშუალებები ბევრად მეტ ადამიანამდე.
თებერვალში Meta-მ განაცხადა, რომ თამაშ Horizon Worlds-ის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 300 000-მდე მივიდა, რაც წინა თვეებთან შედარებით ზრდას ნიშნავდა, თუმცა რიცხვი უმნიშვნელოა ფეისბუქის 2.9 მილიარდ ყოველთვიურ მომხმარებელთან შედარებით. მას შემდეგ, Horizon Worlds-ის ახალი სტატისტიკის მოწოდებაზე კომპანიამ უარი თქვა.
Meta-ს უბედურებებს ემატება ისიც, რომ შეერთებული შტატების მარეგულირებელ ორგანოებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, შეაფერხონ კომპანიის წარმატება, როგორც ეს Instagram-ისა და WhatsApp-ის ყიდვის დროს მოხდა. ივლისში ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) უჩივლა მეტას, რათა ხელი შეეშალა Within-ის შესყიდვაში. კომპანიის, რომელმაც ვირტუალური რეალობის პოპულარული ფიტნეს აპლიკაცია შექმნა. მეტა იბრძვის კომისიის სარჩელის წინააღმდეგ და კომპანიამ მას "კანონისა და ფაქტების გადმოსახედიდან არასწორი" უწოდა.
მარკ ცუკერბერგს გადაწყვეტილი აქვს, შეიცვალოს იმიჯი საზოგადოებაში, რომლის ყურადღების ცენტრშიც ბოლო წლებში მუდმივად Facebook-ზე პოლიტიკურ გამოსვლებთან დაკავშირებით არაპოპულარული გადაწყვეტილებების გამო ექცეოდა. ამ მიზნით, ის მეტავერსის ნოვატორ სახედ წარმოგვიდგა. Meta-ს ახალი ტექნოლოგიების დემონსტრაციულ, სარეკლამო ვიდეოებსა და მაკეტებზე წარმოდგენილია ცუკერბერგი, რომელიც თავისი არაერთი ჰობის V.R ვერსიით ერთობა. აღმასრულებელი დირექტორი ცოტა ხნის წინ ესტუმრა ჯო როგანის პოდკასტსაც, სადაც ცნობილ კომედიანტს გაუმხილა, რომ ვირტუალური მეტავერსის შექმნა მისი "წმინდა გრაალია".
მის მონაწილეობას ზოგ შემთხვევაში არასასიამოვნო შედეგებიც მოჰყვა: აგვისტოში ცუკერბერგმა Horizon Worlds-ში თავისი ავატარის სქრინშოთი Facebook-ზე დაპოსტა, თუმცა ბრტყელი, მულტფილმის მსგავსი გამოსახულება დაცინვის ობიექტი გახდა (ტვიტერის ერთმა მომხმარებელმა ის "2002 Nintendo Gamecube-ის გამოშვებას" შეადარა).
The Times-ის ცნობით, მსგავსი გამოხმაურების შემდეგ, ცუკერბერგმა და სხვა აღმასრულებლებმა თანამშრომლებს დაავალეს, რომ პრიორიტეტად ავატარის გარეგნობის გაუმჯობესება ექციათ. ფეისბუქის სპიკერის, ენდი სტოუნმა თქმით, ცუკერბერგის რეაქციას საზოგადოების შეხედულებაზე, შეიძლება ვუწოდოთ "იმედგაცრუება", თუმცა დამატებით დეტალებზე საუბარი მან აღარ ისურვა.
პირველი პოსტიდან 4 დღის შემდეგ ცუკერბერგმა განახლებული ვერსია გააზიარა და აღიარა, რომ პირველი ავატარი ძალიან მარტივი იყო, Horizon Worlds-ის გრაფიკას კი ბევრად მეტი შეუძლია. მეტას ერთ-ერთმა გრაფიკულმა დიზაინერმა ლინკდინის მოგვიანებით წაშლილ პოსტში დაწერა, რომ ოთხკვირიან შუალედში მან და მისმა ჯგუფმა ცუკერბერგის ავატარის დაახლოებით 40 ვერსია შექმნეს, რომელთაგანაც საბოლოო შეირჩა.
ცუკერბერგის მეტავერსით შეპყრობილობას კომპანიის დასაქმებულთა ნაწილი სკეპტიკურად შეხვდა. მიმდინარე წელს, მან მოუწოდა ჯგუფებს, რომ შეხვედრები მეტას Horizon Workrooms აპლიკაციაში გაემართათ, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, რომ ვირტუალურ საკონფერენციო დარბაზებში შეიკრიბონ. პრობლემა ისაა, რომ ბევრ თანამშრომელს საერთოდ არ ჰქონდა ვირტუალური რეალობის ჩაფხუტი, რის გამოც სასწრაფოდ მოუწია ყიდვა და დაყენება, ვიდრე მენეჯერები გამოიჭერდნენ.
მაისში Blind-ის მიერ ჩატარებულ ანონიმურ გამოკითხვაში, რომელშიც მეტას 1000 თანამშრომელი მონაწილეობდა, მხოლოდ 58%-მა განაცხადა, რომ ესმოდა კომპანიის მეტავერს სტრატეგია. დასაქმებულები ასევე წუწუნებდნენ ცუკერბერგის პრიორიტეტების ცვლის შესაბამისად მიმდინარე თანამშრომელთა ხშირ ცვლაზე. Meta-ში, საკვანძო მეტავერს პროექტებს ხუმრობით აბრევიატურით M.M.H – Make Mark Happy (გააბედნიერე მარკი) მოიხსენიებენ.
The Times-ის მიერ მოპოვებული პოსტის მიხედვით, სექტემბერში ვიშალ შაჰმა, მეტას მეტავერსის დანაყოფის ვიცე პრეზიდენტმა, შიდა განცხადებების პლატფორმაზე დაწერა, რომ უკმაყოფილო იყო იმით, თუ კომპანიის რამდენად ცოტა დასაქმებული იყენებდა Horizon Worlds-ს.
თავის პოსტში, რომელიც თავდაპირველად The Verge-მა გამოაქვეყნა, შაჰმა თქვა, რომ მენეჯერებმა უნდა გააკონტროლონ ხელქვეითების მიერ Horizon Worlds-ის გამოყენება, რადგან საკუთარი ტექნოლოგიების გამოცდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
"რატომ არ გვიყვარს ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქტი იმდენად, რომ მუდმივად გამოვიყენოთ? მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ჩვენ ის არ გვიყვარს, როგორ ველით მომხმარებლისგან მის შეყვარებას?"
ერთ-ერთი გამოჩენილი ინსაიდერი, რომელმაც ცუკერბერგის მეტავერსისადმი მიდგომა გააპროტესტა, არის ჯონ კარმაკი, თამაშების გამოჩენილი დეველოპერი და Oculus-ის, ფეისბუქის მიერ 2014 წელს დაახლოებით 2 მლრდ დოლარად შეძენილი ვირტუალური რეალობის კომპანიის ყოფილი მთავარი აღმასრულებელი. კარმაკი Meta-ში დღემდე მრჩევლად მუშაობს.
აგვისტოს ერთ-ერთ პოდკასტში მან ისაუბრა Meta-ს მეტავერსის ფსონის მასშტაბზე — გასულ წელს ზარალმა 10 მლრდ დოლარი შეადგინა გაფართოებული და ვირტუალური რეალობების დანაყოფებში, ამხელა თანხის ასე დახარჯვას კი კარმაკმა გულისამრევი უწოდა. მან დამატა, რომ მეტავერსის განვითარებას ხელს უშლის დიდი კომპანიის ბიუროკრატია და შფოთვა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მრავალფეროვნება და კონფიდენციალურობა.
ჯონ კარმაკი არც Workplace-ზე, Meta-ს შიდა შეტყობინებების პლატფორმაზე მოერიდა საუბარს. The Times-ის მიერ მოპოვებული პოსტების მიხედვით, კარმაკმა გააკრიტიკა კომპანიის V.R ჩაფხუტის ფუნქციები და პროგრამული განახლებების აუცილებლობას მათ გამოყენებამდე, უწოდა "ძალიან უარყოფითი მომხმარებელთა კმაყოფილებისთვის". მას დამატებითი კომენტარი აღარ გაუკეთებია.
კრიტიკამ კარმაკი ისეთ ხელმძღვანელებთან უთანხმოებამდე მიიყვანა, როგორიც ენდრიუ ბოსვორთია, მეტას მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერი და ცუკერბერგის ახლო მოკავშირე, რომელიც კომპანიის V.R მოქმედებებს წლების განმავლობაში კურირებდა. კარმაკმა მოუწოდა კომპანიას, ეფიქრათ მეტავერსზე ძირითადად მომხმარებელთა მყისიერი გამოცდილების მიხედვით, რის საპირისპიროდაც ბოსვორთი მას უყურებდა ხანგრძლივი გადმოსახედიდან, ბიზნეს შესაძლებლობებზე ყურადღების მეტად გამახვილებით.
ზეწოლის ზრდის პარალელურად, ცუკერბერგმა მეტას თანამშრომლებს ნათელი შეტყობინება გაუგზავნა: ამოდით გემბანზე ან დატოვეთ ის. Reuters-ის ცნობით, ივნისის შეხვედრაზე 38 წლის მილიარდერმა აღნიშნა, რომ "კომპანიაში არის უამრავი ადამიანი, რომელიც აქ არ უნდა იყოს" და რომ ის მოლოდინებსა და მიზნებს გაზრდის. მას შემდეგ, კომპანიამ შეაჩერა ახალი თანამშრომლების აყვანის პროცესის დიდი ნაწილი, შეამცირა ბიუჯეტები და აღმასრულებელმა დირექტორმა მოუწოდა მენეჯერებს, რომ აქტიურად იმუშაონ დაბალქმედუნარიანი ხელქვეითების აღმოჩენაზე.
მოსალოდნელი შემცირებების პირისპირ აღმოჩენლი თანამშრომლები მეტავერსის მიმართ მეტ ენთუზიაზმს იჩენენ. ბოლო თვეებში უფრო და უფრო მეტი ჯგუფი მართავს შეხვედრებს Horizon Workrooms-ში, თუმცა ცვლილებას უპრობლემოდ არ ჩაუვლია: წლის დასაწყისში, ბოსვორთი შეეცადა ჩაეტარებინა შეხვედრა Horizon Workrooms-ში, თუმცა ტექნიკური ხარვეზების გამო აუცილებელი გახდა Zoom-ის გამოყენება.
მიუხედავად გასული წლის სირთულეებისა, Meta აგრძელებს ვირტუალური და გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიებზე აქტიურ მუშაობას, რადგან მარკ ცუკერბერგს თავისი იდეის ბოლომდე სჯერა. წლის ბოლოს, სავარაუდოდ, განახლებულ Horizon Worlds-ს ვიხილავთ, ნაკლები ხარვეზებითა და მეტი ფუნქციებით, რის შემდეგაც უფრო დაზუსტებით გახდება შესაძლებელი Meta-ს მეტავერსის მომავლის წინასწარმეტყველება, რადგან მიუხედავად პოპულარობის ნაკლებობისა, თამაში მაინც რჩება პროექტის წარმატების მთავარ ინდიკატორად. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, კორპორაციაში მიმდინარე რეორგანიზაციასა და მოვლენათა განვითარებას თვალყური ვადევნოთ.
კომენტარები