14 დეკემბერს მზეზე უმძლავრესი ამოფრქვევა მოხდა, რომლის მსგავსიც 2017 წლის სექტემბრის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს მზის დინამიკის შემსწავლელმა ობსერვატორიამ ამ მოვლენისას გამოტყორცნილი მაღალენერგიული რადიაციული ნაკადი გადაიღო. მეცნიერებმა მალევე დაადგინეს, რომ ეს სამი კატეგორიიდან — С, M და X — ყველაზე ძლიერი ამოფრქვევა იყო, ანუ X ტიპს მიეკუთვნებოდა. კერძოდ, ის X2.8 მაჩვენებლით შეფასდა.

ჩვენი სისტემის ცენტრალურ ვარსკვლავზე ამოფრქვევა თბილისის დროით 21:02 საათზე მოხდა. აი, მისი ამსახველი კადრებიც:

ფოტო: NASA/SDO

ასეთ მოვლენებს ხშირად კორონული მასის ამოფრქვევებიც სდევს თან, რა დროსაც მზის პლაზმა კოსმოსში იტყორცნება და ძალიან სწრაფად გადაადგილდება. მსგავსი რამ მოხდა ამ შემთხვევაშიც. აშშ-ის საჰაერო ძალების მონაცემების თანახმად, ამ ნაკადის სიჩქარემ, რომელიც დედამიწისკენ მოემართება, შესაძლოა, დაახლოებით 2100 კმ/წმ-ს გადააჭარბოს.

///

პროგნოზირებენ, რომ 15-16 დეკემბერს გეომაგნიტური შტორმებია მოსალოდნელი, თუმცა შედარებით სუსტი. 17 დეკემბერს, შესაძლოა, უფრო მძლავრი, G3 კატეგორიის, შტორმი დაფიქსირდეს. შესაბამისად, უნდა ველოდოთ პოლარულ ციალსა და კავშირგაბმულობის სავარაუდო ხარვეზებს.

SpaceWeather.com-ის ცნობით, ბოლო ამოფრქვევამ ამერიკის მასშტაბით ღრმა მოკლეტალღოვანი რადიოსიხშირეების ხარვეზი უკვე გამოიწვია.

ფოტო: SOHO

აღსანიშნავია, რომ მზე ახლა 11-წლიანი ციკლის ყველაზე აქტიურ ფაზაში შედის, ამიტომ მსგავსი ამოფრქვევები უფრო გახშირდება. აშშ-ის ოკეანური და ატმოსფერული კვლევების სააგენტო პროგნოზირებს, რომ პიკი მომდევნო წლის იანვრისა და ოქტომბრის შუა პერიოდში იქნება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.