DFRLab: რუსული და აზერბაიჯანული სამთავრობო მედია USAID-ზე საქართველოს ბრალდებებს დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს
მედიაგამოცემები საქართველოს მთავრობის მტკიცებებს იმ მიზნით იყენებდნენ, რომ აშშ საქართველოში სამოქალაქო არეულობის ორგანიზებასა და აზერბაიჯანში ჯაშუშური ქსელის ყოლაში დაედანაშაულებინათ.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ წარმოადგენდეს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება DFRLab-თან პარტნიორობის ფარგლებში. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
ატლანტიკური საბჭო მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომლის მისიაც გლობალური მომავლის ჩამოყალიბებაა. ატლანტიკური საბჭო მსოფლიო მოვლენებში აშშ-ის ჩართულობის გაზრდითა და პარტნიორებთან მუშაობის გზით გლობალური გამოწვევებისთვის გამოსავალს ეძებს.
ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია ღია წყაროებზე დაყრდნობით იდენტიფიცირებას უკეთებს და ააშკარავებს დეზინფორმაციას მთელი მსოფლიოს გარშემო.
მას მერე, რაც საქართველოს მთავრობამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის გაღვივების მიზნით ორგანიზაციების დაფინანსებაში დაადანაშაულა, რუსულმა და აზერბაიჯანულმა სამთავრობო მედიებმა ეს ბრალდებები ანტიამერიკული გზავნილების გასამყარებლად გამოიყენა. მედიაგამოცემებმა განაცხადეს, თითქოს შეერთებული შტატები მთელი კავკასიის მასშტაბით ცდილობდა რევოლუციების გაღვივებას და აზერბაიჯანში ჯაშუშურ ქსელს მართავდა. მოგვიანებით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ექვსი დამოუკიდებელი ჟურნალისტი დააკავა, სამთავრობო მედიამ კი ეს ჟურნალისტები, USAID და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები "აშშ-ის პროვოკაციის მანქანის" ნაწილად გამოაცხადა.
აშშ-ის საწინააღმდეგო ნარატივები სამხრეთ კავკასიის რეგიონში უკვე დიდი ხანია, რაც ცირკულირებს. საბჭოთა კავშირის დაშლის მერე კრემლი და პროკრემლისტური ძალები შეერთებულ შტატებს ევრაზიის რეგიონში რევოლუციების წაქეზებაში ადანაშაულებდნენ. 2022 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა "რევოლუციის ფარულად დაგეგმვის" ნარატივი რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დეზინფორმაციად გამოაცხადა, რომლის მიზანიც დემოკრატიული მოძრაობების შესუსტება და შეერთებული შტატების რეპუტაციის შელახვაა. კიდევ ერთი ფართოდ გავრცელებული და ხშირად გამეორებული დეზინფორმაციული გზავნილის თანახმად, ოფიციალური ვაშინგტონი რეგიონში ბიოლოგიური იარაღის შექმნის მიზნით ბიოლაბორატორიებს აფინანსებს.
2 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-მა) გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ირწმუნებოდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ, გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებებისა და სტრატეგიების ცენტრი (CANVAS), საქართველოში სამი სერბი ტრენერი ჩამოიყვანა, რათა აქტივისტები ხელისუფლების ჩამოსაშლელად საჭირო ძალადობრივ ტაქტიკებში გამოეწვრთნათ. CANVAS სერბეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც განათლებასა და "ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის გასაძლიერებლად არაძალადობრივი წინააღმდეგობის გამოყენებაზე" კონცენტრირდება. ორგანიზაციას ოფისები არაერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოსა და შეერთებულ შტატებშიც აქვს.
სუს-ის მტკიცებით, სერბი ტრენერები 2003 წლის ვარდების რევოლუციასთან და სერბეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში მომხდარ მსგავს მოვლენებთან იყვნენ დაკავშირებულები. სუს-მა ასევე აღნიშნა, რომ CANVAS-ს USAID აფინანსებს.
გასული სამი ათწლეულის განმავლობაში USAID-ს საქართველოსთვის, მათ შორის, სამთავრობო უწყებებისთვის, დახმარების სახით $1.8 მილიარდზე მეტი აქვს გაღებული. CANVAS-ს მართლაც მიუღია გარკვეული დაფინანსება USAID-ისგან — მათ შორის როგორც იმ მრავალი ორგანიზაციიდან ერთ-ერთს, რომლებიც სააგენტოს მიერ საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამაში არიან ჩართულები. თუმცა უსაფუძვლო იდეა, თითქოს პროგრამა ქვეყანაში ძალადობრივ რევოლუციას აღვივებს, იმ ნარატივის ახლებური ვერსიაა, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატები რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებში რევოლუციებს გეგმავს.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ უარყო სუს-ის ბრალდებები და აღნიშნა, რომ USAID-ის "CANVAS-თან თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას".
რუსული პროსახელისუფლებო მედიები
პროკრემლისტურმა და კრემლის კუთვნილმა მედიებმა საქართველოს მთავრობის ბრალდებები დიდი ხნის წინ შეთხზული იმ კონსპირაციული თეორიის გასამყარებლად გამოიყენეს, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატები საქართველოში, და სხვაგანაც, რევოლუციებს გეგმავს. მედიებმა ეს ბრალდება იმისთვისაც გამოიყენეს, რომ ახალი ძალით გაევრცელებინათ დეზინფორმაცია, თითქოს შეერთებულ შტატებს საქართველოს ომში ჩათრევა სურს. ეს ყალბი ინფორმაცია პირველად 2022 წლის თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მერე გაჩნდა.
სუს-ის ბრალდებებზე დაყრდნობით, რენტივიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის საზღვრებთან "ენერგიული აქტივობა" განაახლა და რომ მას რუსეთთან კონფლიქტის შესაძლებლობის გაზრდა სურს. მედიის თანახმად, "აღნიშვნის ღირსია" ის გარემოება, რომ USAID-ის ხელმძღვანელი სამანტა პაუერი სომხეთს დაახლოებით იმ დროს ეწვია, როცა მთიან ყარაბაღში სიტუაცია დაიძაბა. მოგვიანებით თითქმის იდენტური ტექსტები გამოაქვეყნეს ისეთმა მედიებმაც, როგორიცაა 5-tv.ru, რომელიც საბჭოთა პერიოდში პოპულარული სატელევიზიო არხის ვებსაიტია.
მედიებმა, ცარგრად ტევე და ვესტნიკ კავკაზა, ასევე გააშუქეს სუს-ის ბრალდებები და გამოაცხადეს, რომ აშშ სამხრეთ კავკასიის რეგიონში USAID-ის დახმარებით "ძირგამომთხრელ" აქტივობებს ახორციელებს. კერძოდ, ის საქართველოს "პრორუსული მთავრობის წინააღმდეგ გადატრიალებას" და სომხეთში რუსეთის საწინააღმდეგო ნაბიჯთა "სერიას" გეგმავს. იმავე დროს, საიტზე, Lenta.ru, დაიწერა, რომ შეერთებული შტატები მთლიანი რეგიონის დესტაბილიზაციისთვის მუშაობს. მედიის მტკიცებით, აშშ მოლდოვასა და საქართველოში "რუსეთთან გეოპოლიტიკური დაპირისპირების" მიზნით ძაბავს სიტუაციას. ამ ბრალდებათა გასამყარებლად, ლენტამ მოიხმო ციტატები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე გრუშკოსგან და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ყოფილი ოფიცრისა და გაეროს განიარაღების კომისიის ყოფილი ხელმძღვანელის, სკოტ რიტერისგან, რომელსაც კრემლის პროპაგანდისტული არხები ხშირად ციტირებენ.
საიტმა, Iz.ru, ასევე გაავრცელა ეს ნარატივი და განაცხადა, რომ დასავლეთი საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას გეგმავს, რადგან იცის, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა ომს წააგებს. მედიის მტკიცებით, შეერთებული შტატები ქართველებს მთავრობის დასამხობად წვრთნის.
2023 წლის 2 ოქტომბერს, იმ დღეს, როცა სუს-მა USAID-ს ბრალდებები წაუყენა, რუსული პროპაგანდული მედიის, სპუტნიკის ქართულმა ვერსიამ, სულ მცირე, ათი სტატია მიუძღვნა "აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი რევოლუციის" ნარატივს. მსგავსი დეზინფორმაცია სპუტნიკის სხვა ადგილობრივმა განშტოებებმაც გამოაქვეყნეს.
აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო მედიები
5 ოქტომბერს გადასახლებაში მომუშავე დამოუკიდებელმა აზერბაიჯანულმა მედიამ, Mikroskop Media, გაავრცელა ინფორმაცია, რომ USAID-ს აზერბაიჯანის სამთავრობო მედიებმაც იდენტური ბრალდებები წაუყენეს. DFRLab-მა ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კვლევა ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ აზერბაიჯანის სამთავრობო და პროსახელისუფლებო მედიები ფართოდ ავრცელებდნენ USAID-ის საწინააღმდეგო ბრალდებებს. ამასთან, ისინი ამ მტკიცებებს ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების გარშემო უკვე არსებული დეზინფორმაციის ხელახლა გასავრცელებლად იყენებდნენ.
ეს რეპორტაჟები ამყარებდნენ ნარატივს, რომლის თანახმადაც, USAID მთავრობათა დონორი ორგანიზაციის სტატუსს არის ამოფარებული და, სინამდვილეში, ფარული მიზნის მიღწევას ცდილობს. მიზანი კი მასპინძელ ქვეყნებში მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის შექმნაა, რომელიც ხელისუფლებაზე ზეწოლას განახორციელებს. სხვა ბრალდებათა გვერდით, ამ რეპორტაჟებში ასევე ნათქვამია, რომ 2020 წლის მთიანი ყარაბაღის ომის დროს USAID ომის საწინააღმდეგო კამპანიების ორკესტრირებას უწყობდა ხელს, რისი მიზანიც კონფლიქტში აზერბაიჯანის წარმატების დამცრობა იყო.
აზერბაიჯანის სამთავრობო და პროსახელისუფლებო მედიაგამოცემების სტატიათა ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ისინი ერთმანეთის მსგავს ნარატივებს ავრცელებდნენ. საქართველოში USAID-ის საქმიანობის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების გავრცელების პარალელურად, აზერბაიჯანულ რეპორტაჟებში USAID-ის მეტად ზოგად ფარულ მიზნებზეც საუბრობდნენ. ასეთი რეპორტაჟები გავიდა ისეთ სატელევიზიო არხებზე, როგორიცაა Real TV ("USAID: დამხმარე ძალა თუ ჯაშუშური ქსელი"), Space TV ("მსოფლიოს USAID-ის პრობლემა") და Xezer TV ("სახელი USAID მუდამ იყო სკანდალებში გახვეული").
აზერბაიჯანულმა მედიებმა USAID-ის კავკასიაში საქმიანობის შესახებ დამატებითი ბრალდებებიც გაავრცელეს. მაგალითად, Trend News-მა, APA-მ, Qafqazinfo-მ და სახელმწიფოს მიერ მართულმა სააგენტომ, Azertac, განაცხადეს, რომ USAID აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ქვეშ მოქმედებს, რომელიც ამ გზით ფარულად ერევა მასპინძელი ქვეყნების საშინაო პოლიტიკაში. მედიები ასევე ამტკიცებდნენ, რომ USAID "ქაოსის, გადატრიალებებისა და არასტაბილურობისთვის ნაყოფიერი ნიადაგის" შესაქმნელად მუშაობს, რასაც ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევით აღწევს.
გარდა ამისა, მედიაგამოცემები USAID-ის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს იმისთვისაც იყენებდნენ, რომ აზერბაიჯანში მოქმედი და მთავრობის თვალში საფრთხედ აღქმული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესახებ გაევრცელებინათ დეზინფორმაცია. მაგალითად, ზოგიერთმა მედიაგამოცემამ USAID-ს აზერბაიჯანის საქმეებში ჩარევის წარუმატებელ მცდელობაში დასდო ბრალი.
პროსახელისუფლებო მედიათა კიდევ ერთი სამიზნე აზერბაიჯანელი ფემინისტები, ლგბტქ+ თემი და ომის მოწინააღმდეგე აქტივისტები იყვნენ. მედიები ამტკიცებდნენ, რომ შეერთებულმა შტატებმა აზერბაიჯანში მას მერე "შეცვალა ტაქტიკა", რაც 2020 წლის ყარაბაღის ომის მერე მთავრობისადმი საზოგადოების მხარდაჭერა გაიზარდა. მათი განცხადებით, USAID აფინანსებს ლგბტქ+ თემს, "რაც ეროვნულ ღირებულებებს დიდ საფრთხეს უქმნის", ფემინისტებს, "რომლებიც ამორალურობას უჭერენ მხარს" და ომის მოწინააღმდეგე აქტივისტებს, "რომლებიც გამარჯვების გაუფასურებას ცდილობენ". DFRLab-მა მიაკვლია ახალი ამბების ორ სააგენტოს, რომლებიც მოვლენების გაშუქებისას იდენტურ ტექსტებს იყენებდნენ, შემდეგ კი ეს გზავნილები სხვადასხვა საინფორმაციო ვებსაიტზე ქვეყნდებოდა.
აშშ-ის საწინააღმდეგო დეზინფორმაციული ტალღის აგორებისას დაჭერილი აზერბაიჯანელი დამოუკიდებელი ჟურნალისტები
როგორც DFRLab-ის კვლევით გამოჩნდა, რუსული და აზერბაიჯანული პროსახელისუფლებო მედიები საქართველოს მთავრობის მიერ USAID-ის საწინააღმდეგო ბრალდებებს იმ ძველი კონსპირაციების ახალი ძალით გასავრცელებლად იყენებდნენ, რომელთა თანახმადაც, შეერთებული შტატები კავკასიაში სახალხო არეულობების ორგანიზებას ცდილობს. თუმცა, აზერბაიჯანულმა მედიამ ბრალდებები იმ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისადმი ეჭვების აღსაძვრელადაც გამოიყენა, რომლებიც დაფინანსებას დასავლეთიდან იღებენ.
2023 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობის მიერ USAID-ის საწინააღმდეგო ბრალდებების ტირაჟირებისა და საკუთარი მიზნებით გამოყენების მერე, აზერბაიჯანულ პროსახელისუფლებო მედიაში USAID-ისა და აშშ-ის საწინააღმდეგო რიტორიკის ახალი ტალღა ნოემბერში აგორდა. გავრცელდა მტკიცება, თითქოს აშშ ქვეყანაში ჯაშუშურ ქსელს მართავს. მაგალითად, ერთი ვიდეორეპორტაჟის სათაური სვამდა კითხვას, "დაიწყება თუ არა ქვეყანაში 'ჯაშუშებზე ნადირობა'?". ორი კვირის განმავლობაში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დამოუკიდებელი მედიის, AbzasMedia-ის ოთხი ჟურნალისტი და დამოუკიდებელი ონლაინტელევიზიის, Kanal13-ის ორი ჟურნალისტი დააკავა. AbzasMedia-ს ჟურნალისტებისადმი ბრალის წაყენების მერე, პროსახელისუფლებო მედიებმა გამოაქვეყნეს რეპორტაჟები, რომლებშიც ეს ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები აშშ-ის პროვოკაციის მანქანის" ნაწილად ყოფნაში დაადანაშაულეს.
ამის პარალელურად, 21 ნოემბერს, საგარეო პოლიტიკის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მრჩეველმა, ჰიქმეთ ჰაჯიევმა ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში სამანტა პაუერის იმ კრიტიკულ განცხადებაზე დაწერა, რომელიც USAID-ის ხელმძღვანელმა მთიან ყარაბაღში უკანასკნელ სამხედრო ოპერაციაზე გააკეთა. "ნიღბები ჩამოხსნილია! აზერბაიჯანში USAID-ის ოპერაციების ადგილი აღარაა!" — ამ სიტყვებით დაასრულა ჰაჯიევმა თავისი ტვიტი.
კომენტარები