რას "ვხედავთ" სიკვდილის მომენტში — კვლევა
რა ხდება ტვინში, როდესაც ვკვდებით?
ჯერჯერობით ყველანი მოკვდვი არსებები ვართ. შესაბამისად, არის მომენტი, როდესაც მოვკვდებით. ბუნებრივია, გვაინტერესებს რა ხდება ასეთ დროს ჩვენს ტვინში. სწორედ ეს საკითხი შეისწავლეს მკვლევრებმაც.
მაგალითად, 2022 წლის თებერვალში მეცნიერებმა შემთხვევით 87 წლის კაცის ტვინის აქტივობა იმ მომენტში დააფიქსირეს, როდესაც ის კვდებოდა. ამ ფატალურ მომენტამდე პაციენტს დაყენებული ჰქონდა სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ტვინის ტალღებს განუწყვეტლივ აკვირდებოდა.
პაციენტს ჰქონდა ეპილესფია და ექიმები ელექტროენცეფალოგრაფიას (EEG) ამიტომ იყენებდნენ. და აი ამ შემთხვევამ, ექიმებს პაციენტის სიკვდილის მომენტში მისი ტვინის აქტივობის ჩაწერის საშუალება მისცა.
EEG-მ აჩვენა, რომ გულის გაჩერების შემდეგ ტვინის ის ნაწილები გააქტიურდა, რომლებიც სიზმრებთან და მახსოვრობასთანაა დაკავშირებული. მთლიანობაში, ტვინის ეს აქტივობა მეხსიერების აკუმულაციასთანაა დაკავშირებული. ზუსტად რამის თქმა რთულია, მაგრამ ეს მიანიშნებს, რომ სიკვდილის მომენტში შეიძლება ცხოვრებამ მართლაც "თვალწინ ჩაგვიქროლოს".
რაც საინტერესოა, ამ შესაძლებლობას კიდევ უფრო აძლიერებს შემდგომი კვლევის შედეგები, რომლის ფარგლებშიც გულის შეტევით დაღუპული ოთხი პაციენტის მონაცემებსაც აკვირდებოდნენ. მკვლევრებმა პაციენტების სიკვდილის მომენტში ტვინის პარიეტალურსა და კეფის წილების კვეთებზე მნიშვნელოვანი აქტივობები დააფიქსირეს. ტვინის ეს აქტივობები დაკავშირებულია როგორც სიზმრებთან, ისე ცნობიერებასთან.
უფრო მეტის გასაგებად მკვლევრებმა ის ადამიანები გამოიკვლიეს, რომლებმაც კლინიკური სიკვდილი გამოცადეს.
კვლევის მონაწილეთა 86 პროცენტმა აღნიშნა, რომ ხედავდა კაშკაშა შუქს, ხოლო 54 პროცენტმა თავისი ცხოვრება თითქოს თავიდან დაინახა. საერთო ჯამში, ადამიანებმა სიკვდილის გამოცდილება აღწერეს, როგორც სასიამოვნო და ამაღელვებელი. გამოკითხულთა 95-მა პროცენტმა განაცხადა, რომ კლინიკური სიკვდილის მომენტში დაეუფლა სიმშვიდის შეგრძნება.
მიუხედავად ამ შეხედულებებისა, სიკვდილის ფენომენი ნეირომეცნებისთვის ჯერ კიდევ ბუნდოვანია. უცნობია, რატომ რეაგირებს ტვინი ასე სიკვდილზე.
არსებობს თეორია, რის მიხედვითაც, ტვინი სიკვდილის მომენტში ძლიერ ფსიქოდელიურ ნაერთ DMT-ს ათავისუფლებს. ეს შეიძლება უჟანგბადობის დროს ნეირონებისთვის სიცოცხლის შენარჩუნების გამო ხდებოდეს. ეს თეორია ნაწილობრივ ხსნის იმას თუ რატომ აქვთ ადამიანებს ჰალუცინაციის მსგავსი "ხედვები" კლინიკური სიკვდილის მომეტნში.
და მაინც, ჯერჯერობით იმის თქმა თუ რა ხდება სიკვდილის მომენტში ტვინში არ შეგვიძლია.
კომენტარები