დიმიტრი რჩეულიშვილი — ტექნიკა და კულინარია
ფოტო: iTechnics
"ჩემი პროფესია — შეფ-მზარეულობა ადამიანებისთვის გასტრონომიული სიამოვნების მინიჭებაა. კულინარიის ვლოგერობა კი, ერთგვარად, გასტრონომიის გაციფრულებაა — ფაქტობრივად, ადამიანებს შენს გემოებს ირიბად, ციფრული სამყაროს მეშვეობით ასინჯებ".
დიმიტრი რჩეულიშვილი ახალგაზრდა შეფ-მზარეულია, რომელიც ფართო საზოგადოებამ მასტერშეფიდან გაიცნო. კულინარიული შოუს ფინალისტი, 26 წლის ასაკში, საკუთარ რესტორანსა და ბარს მართავს. ამავდროულად კი, ვლოგერობასაც ითავსებს და საკუთარ არხებში, საზოგადოებას გამორჩეულ რეცეპტებს უზიარებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მისი კარიერული ინტერესები, პირადი თუ საზოგადოების დამოკიდებულებების შედეგად, რამდენიმეჯერ უკვე შეიცვალა. თუმცა, ახლა დარწმუნებულია, რომ სწორედ იქაა, სადაც უნდა იყოს.
პირველი შეხება სამზარეულოსთან
ასაკით ძალიან პატარა იყო, როცა გასტრონომიასთან განსაკუთრებული ბმა იგრძნო. სამზარეულოსთან გემრიელი კერძების სიყვარულმა დააკავშირა და უბრალოდ, საკუთარი სიამოვნებისთვის მზადება დაიწყო. თუმცა, მალევე აღმოაჩინა, რომ მხოლოდ ეს არ აკმაყოფილებდა.
"კულინარიით ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში დავინტერესდი. ძალიან მიყვარდა ჭამა და ისე მოხდა, რომ მზადებაც შემიყვარდა. მინდოდა, ზუსტად ის მეჭამა, რაც მიყვარდა და ყოველი კვებისგან გასტრონომიული სიამოვნება მიმეღო. ამიტომ გადავწყვიტე, თავად დამეწყო იმის მზადება, რაც მიყვარდა. თუმცა, მალევე მივხვდი, რომ ეს სფერო იმაზე მეტად მაინტერესებდა, ვიდრე თავიდან მეგონა. სულ რაიმე ახლის სწავლის და განვითარების სურვილი მქონდა — ძალიან პატარა, დაახლოებით, 7-8 წლის ვიყავი, როცა პირველი კულინარიული მასტერკლასები გავიარე".
სტერეოტიპები სამზარეულოში
როგორც თავად ამბობს, დღეს კულინარიის შესახებ ნეგატიური სტერეოტიპები, გარკვეულწილად, იმსხვრევა. სფეროს შესახებ ადამიანებს მეტი ინფორმაცია, მეტი პატივისცემა აქვთ და ეს ინდუსტრია ტრენდული ხდება. თუმცა, 5-10 წლის წინ, სულ სხვა რეალობა იყო და მაშინ, როცა კულინარიის მიმართულებით, პირველ ნაბიჯებს დგამდა, არაერთი სტერეოტიპული მოსაზრება მოუსმენია.
"დღეს შეფ-მზარეულობა პრესტიჟულ პროფესიად იქცა, უკვე ძალიან ტრენდული სფეროა. თუმცა, როცა მე პირველად კულინარიით დავინტერესდი, მაშინ ეს პროფესია პრესტიჟულის გარდა, ყველაფერი იყო. განსაკუთრებით, კაცისთვის შეუფერებელ საქმიანობად მიიჩნეოდა კონდიტერია — მახსოვს, 13 წლის ვიყავი, როცა საფრანგეთიდან საქართველოში უმაღლესი კლასის შეფი ჩამოდიოდა, უამრავი გრან-პრის მფლობელი. ისეთი დონის პროფესიონალი იყო, რომ მთელი საკონდიტრო სამყარო მის მასტერკლასზე დასწრებაზე ოცნებობდა. წარმოიდგინე, დევიდ ლინჩი რომ ჩამოვიდეს და შენ რეჟისურა გაინტერესებდეს, დაახლოებით, მსგავსი სიტუაცია იყო. ყველაფერი გავაკეთე, რომ ამ მასტერკლასზე როგორმე მოვხვედრილიყავი და მოვხვდი კიდეც. ოღონდ, მეგობრებს დავუმალე. „ტორტს როგორ აცხობ კაცი” — ვიცოდი, რომ მსგავს ფრაზებს მოვისმენდი. თან ისეთ სკოლაში ვსწავლობდი, ფაქტობრივად, ჯუნგლების კანონი მოქმედებდა — იმარჯვებდა ყველაზე ძლიერი და გავლენიანი. იქ რომ მეთქვა, ტორტებს ვაცხობ-მეთქი, ალბათ, უკანასკნელ ადგილას ჩამოვქვეითდებოდი. ოჯახშიც რომ გამეჟღერებინა, რომ მზარეულობა მინდოდა, ალბათ, მეტყოდნენ, ეგ რა პროფესიაა, ტყუილად სწავლობ უნივერსიტეტშიო?! თუმცა, ახლა ყველა ბედნიერია და ვიცი, რომ ჩემით ამაყობენ".
გარდატეხის ასაკი და ახალი პროფესია
გასტრონომიით ასეთი ძლიერი გატაცების მიუხედავად, გარდატეხის ასაკში, სოციუმის დამოკიდებულებების, თუ სხვა მიზეზების გავლენით, კულინარიისადმი სიყვარულმა მიიძინა და სხვა, უფრო თინეიჯერული ინტერესები გაუჩნდა. ფიქრობს, რომ ეს გარდატეხის ასაკის ცვალებადმა ხასიათმაც გამოიწვია, თუმცა ვარაუდობს, რომ ბავშვობის ოცნებებზე უარი უფრო მეტად, სტერეოტიპების გამო თქვა.
თუმცა, სამზარეულოდან ბოლომდე მაინც არ გამოსულა — მისთვის კულინარია ერთგვარ ჰობად გადაიქცა. საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის და მეგობრებისთვის კერძებს ისევ ამზადებდა, მაგრამ ამ გატაცების პროფესიად ქცევაზე აღარ უფიქრია. სასტუმროს მენეჯმენტის მიმართულებით, სასწავლებლად ბუდაპეშტში წავიდა. სწავლის პარალელურად, ერთ-ერთ კაფეში დაიწყო მუშაობა, მზარეულის პოზიციაზე. ამავდროულად, სხვადასხვა ქვეყნიდან ახალი ადამიანები გაიცნო, დაუმეგობრდა, მათი სამზარეულოს გამორჩეულ გემოებს სინჯავდა და ახალ კულინარიულ თავგადასავლებში ეხვეოდა. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც საკუთარი პროფესიით მუშაობა სურდა — კარიერას ტურიზმის და სასტუმროს მენეჯმენტის მიმართულებით გეგმავდა. სწავლის დასრულების შემდეგ კი, მუშაობა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, ივენთ მენეჯერის პოზიციაზე განაგრძო, როცა მოულოდნელად, პანდემია დაიწყო.
კულინარიის ხელახალი აღმოჩენა
"სამსახურში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, მომწონდა, რასაც ვაკეთებდი და სტუმარ-მასპინძლობის სფეროსთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებს ვაწყობდი. პანდემიის დაწყების შემდეგ კი, უცებ ყველაფერი თავდაყირა დადგა. სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია, ფაქტობრივად, მთლიანად გაჩერდა. ყველაფერი, რასაც ვაკეთებდი, გაქრა. ისიც არ ვიცოდი, რამდენი ხნით. არავინ იცოდა. იმედგაცრუების და დემოტივაციის პიკში ვიყავი. დავფიქრდი, რა შეიძლება გავაკეთო ახლა, პანდემიის პირობებში? რაიმე ისეთი, რისი კეთებაც სიამოვნებას მომანიჭებს? დავფიქრდი და მივხვდი, რომ სტუმარ-მასპინძლობის სფერო კი გაჩერდა, მაგრამ რესტორნები ისევ მუშაობს. თან, მე კერძების მზადება ისევ ძალიან მიყვარს. აი, მაშინ შევედი რესტორნის სამზარეულოში და მას შემდეგ, აღარც გამოვსულვარ. ვიგრძენი, რომ ჩემთვის ეს პროცესი იმდენად ამაღელვებელი იყო, იმდენად გულით ვაკეთებდი, რომ ზუსტად ეს იყო ის, რაც მჭირდებოდა. ჩემი კერძის გასინჯვისას, ადამიანების ბედნიერ სახეებს რომ ვხედავდი, ეს კიდევ უფრო მმატებდა მოტივაციას. მოკლედ, მივხვდი, რომ ზუსტად იქ ამოვყავი თავი, სადაც სინამდვილეში მინდოდა".
რესტორანში მისვლის შემდეგ, მასტერშეფში ბედის ცდა გადაწყვიტა. ჟიურის სომალელი მეგობრის ბებიის რეცეპტით შექმნილი კერძი გაასინჯა და არა უბრალოდ, მასტერშეფის საშვი, არამედ, ოქროს წინსაფარი მოიპოვა. შოუს მსვლელობისას არაერთი განსაკუთრებული გემოს შექმნისთვის კი, მასტერშეფის ფინალისტიც გახდა. ცხოვრების ამ პერიოდს თავად მასტერშეფული კარიერის დასაწყისს უწოდებს — ეტაპს, როდესაც კულინარიით დაინტერესებული დიმიტრი, გზადაგზა, პროფესიონალ მზარეულად გადაიქცა და თავი ფართო საზოგადოებას გააცნო.
"მასტერშეფული კარიერის შემდეგ, პირველ რიგში, საკუთარ თავში დავრწმუნდი. ამავდროულად, ბევრმა ადამიანმა გამიცნო და მეც, უფრო მეტის სურვილი, მეტის მიღწევის მოტივაცია გამიჩნდა. შედეგად, დღეს შეფ-მზარეული ვარ და ამ პროფესიაში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. უკვე ჩემი რესტორანი და ბარიც მაქვს".
ტექნიკა, როგორც შესაძლებლობა
"ძალიან მსიამოვნებს, როცა ჩემს ცოდნას ადამიანებს ვუზიარებ, ამიტომაც, პარალელურად, კულინარიის ვლოგერიც ვარ. პირველი ვიდეო რომ დავდე, რეცეპტი არ მიმითითებია, უბრალოდ, გემრიელად რომ ვჭამდი, გარშემომყოფებისთვის გაზიარება მომინდა. როგორც კი დავდე, რამდენიმე ადამიანმა მთხოვა, რეცეპტი დაგვიწერეო. ვუთხარი, რომ ცოტა რთული კერძი იყო და აღწერა გამიჭირდებოდა. მითხრეს, მაშინ რაიმე ადვილი გააკეთე და იმის რეცეპტი გვასწავლეო. ავდექი და დარიჩინის ფუნთუშები გამოვაცხვე. რამდენიმე დღის შემდეგ, ნაცნობებმა მითხრეს, შენი რეცეპტით ჩვენც გამოვაცხვეთ და ძალიან კარგი გამოვიდაო. უზომოდ მესიამოვნა და აი, ეგ იყო ის მომენტი, როცა მივხვდი, რომ საჯაროდ კიდევ უფრო მეტი რეცეპტი უნდა გამეზიარებინა. ჩემი პროფესია — შეფმზარეულობა ხომ ადამიანებისთვის გასტრონომიული სიამოვნების მინიჭებაა. კულინარიის ვლოგერობა კი, ერთგვარად, გასტრონომიის გაციფრულებაა — ფაქტობრივად, ადამიანებს შენს გემოებს ირიბად, ციფრული სამყაროს მეშვეობით ასინჯებ”. გავაცნობიერე, რომ ციფრული სივრცე და ტექნიკა ჩემთვის შესაძლებლობაა, რომ ადამიანებს ის გავუზიარო, რისი კეთებაც ძალიან მიყვარს. მივანიჭო ადამიანებს სიამოვნება, ვასწავლო ჩემეული რეცეპტი, ვასწავლო, როგორ გამოუვიდეს კერძი კარგად".
ფოტო: iTechnics
როგორც ამბობს, მუშაობის პროცესში მიხვდა, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი ტექნიკის შერჩევას ხარისხიანი ვიდეოს შესაქმნელად. საკუთარი ვლოგებისთვის Apple-ის ტექნიკას, უმეტესად კი, iPhone-ს იყენებს. მისი თქმით, ამ ერთ მოწყობილობაში, ფაქტობრივად, ყველა ფუნქცია ერთიანდება, რის გამოც, iPhone-ს საკუთარ გადამღებ ჯგუფს უწოდებს.
"ზოგადად, კონტენტის შექმნა ძალიან შრომატევადია. ხშირად მსმენია, რომ გარეშე თვალით, ამ საქმიანობას სერიოზულად არ აღიქვამენ და უბრალოდ, ვიდეოს ჩაწერის ღილაკზე თითის დაჭერა ჰგონიათ. რეალურად კი, ძალიან ბევრ შრომას და დროს მოითხოვს. დიდი მნიშვნელობა აქვს კამერას, მონტაჟს, განათებას და სხვა ტექნიკას. თან მუდმივად განვითარების და დახვეწის სურვილი გიჩნდება — ფართო ხედის კარგ კადრს რომ გადაიღებ, მერე კარგი მაკროს გადაღება გინდება, მერე უფრო პროფესიონალური მონტაჟი და ა.შ. მე პირადად, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც და ამ საქმიანობაშიც iPhone-ს ვიყენებ. ყველაფრისთვის — გადაღებისთვისაც, მონტაჟისთვისაც. პირველ რიგში, ხარისხის, ამავდროულად კი, იმ კომფორტის გამო, რომ შემიძლია ერთი მოწყობილობით, აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთო, რაც მჭირდება. ფაქტობრივად, iPhone ჩემი გადამღები ჯგუფია. ასევე, ძალიან აქტიურად ვიყენებ AirPods-ს და ამ ბოლო დროს, Apple Watch-ს. როცა შეფ-მზარეული ხარ, კერძის მზადების გარდა, მენეჯმენტიც გიწევს, ყოველდღიურად, ბევრი ზარი, შეტყობინება შემოდის. ამიტომ სამუშაო პროცესში, როცა ორივე ხელი დაკავებული მაქვს, AirPods და Apple Watch ძალიან მეხმარება".
მომავალი — აღმოჩენები
საუბრის დასასრულს, დიმიტრის სამომავლო გეგმებზეც ვისაუბრეთ. აღმოჩნდა, რომ ერთადერთი სურვილი აქვს: "მინდა ვისწავლო, ვისწავლო და ვისწავლო. ვაპირებ ბევრი ვიმოგზაურო, ბევრი ახალი კულტურა გავიცნო, ახალი გემოები ვეძებო და რაც შეიძლება მეტი რამ აღმოვაჩინო. მხოლოდ ეგ მიზანი მაქვს. უფრო პროცესზე ვფიქრობ, შედეგს კი, მჯერა, რომ ეს პროცესი მოიტანს".
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები