ჩვენი გალაქტიკის ცენტრში არსებული ბნელი რეგიონის "პარადოქსი" ამოხსნილია
ჩვენი გალაქტიკის ცენტრში ტურბულენტური ღრუბელია, რომელშიც ცივი, მკვრივი და გამჭვირვალე აირია თავმოყრილი. მას The Brick-ს უწოდებენ და აქამდე გაურკვეველი იყო, რატომ წარმოიქმნება იქ მოსალოდნელზე ბევრად ცოტა ვარსკვლავი, მაგრამ ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ნათელი მოჰფინა იმას, თუ რა ხდება იქ.
ნაკლები აქტიურობის მიუხედავად, ამ ღრუბელში 56 000 მნათობია, მაგრამ 60 მილიონი მზის მასის მქონე მოლეკულური ღრუბლისთვის ეს მცირე რაოდენობაა. ამის ახსნა რამდენიმე ფაქტორით შეიძლება, მათ შორის იმით, რომ ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, ზედმეტად ტურბულენტურია ან ძალიან ძლიერი მაგნიტური ველი აქვს.
ამ საკითხის უკეთ შესასწავლად ასტრონომებმა მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორია გამოიყენეს და The Brick-ში ნახშირბადის მონოქსიდის ემისია გაზომეს. აღმოჩნდა, რომ ღრუბლის ცენტრში მისი მაღალი კონცენტრაციაა და ის ყინულის სახით გვხდება.
"ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით მყარ მდგომარეობაში არსებული მოლეკულების გაზომვის ახალ გზებს ვხსნით, როცა აქამდე მხოლოდ აირზე დაკვირვება შეგვეძლო. ეს უკეთ გვიჩვენებს, სადაა მოლეკულები თავმოყრილი და როგორ გადაადგილდება ისინი", — აცხადებენ მეცნიერები.
ყინული ვარსკვლავთა ფორმირების შეფერხებულ პროცესს სულაც არ ხსნის, არამედ პირიქით. ასეთი ობიექტები სწორედ ცივ აირში იბადება, რასაც მკვრივ არეალებში ეყრება საფუძველი, რომლებიც გრავიტაციის გავლენით კოლაფსს განიცდის. შედეგად მნათობს მიღებთ.
წესით, ყინული ღრუბელში არსებულ ცივ ტემპერატურაზე უნდა მიანიშნებდეს, მაგრამ სპეციალისტებმა საწინააღმდეგო რამ დაადგინეს. სინამდვილეში, The Brick-ის ცენტრის მიმდებარედ შედარებით თბილა, ვიდრე სხვა ამგვარ რეგიონებში, რაც თავსატეხს ხსნის.
ავტორები ამბობენ, რომ ვების მონაცემებში შესაძლოა, ამ ღრუბლის შესახებ კიდევ ბევრი საინტერესო რამ აღმოვაჩინოთ. მაგალითად, როგორი თანაფარდობითაა იქ წყალი, ნახშირორჟანგი, ნახშირბადის მონოქსიდი და რთული მოლეკულები.
ახალი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდება.
კომენტარები