ხელახლა დავინახეთ გალაქტიკა, რომელიც გვიჩვენებს, როგორი იყო ადრეული სამყარო
ასტრონომებმა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით ხელახლა დაინახეს გალაქტიკა, რომელიც, სხვა მაგვარ სისტემებთან ერთად, ადრეულ სამყაროზე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.
AzTECC71-ის სახელით ცნობილი ობიექტი უზარმაზარია და იქ ვარსკვლავები აქტიურად წარმოიქმნება. ის ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა, როცა დიდი აფეთქებიდან 900 მილიონი წელი იყო გასული. წესით, ამ პერიოდში მსგავსი გალაქტიკები ძალიან იშვიათი უნდა ყოფილიყო, მაგრამ დაკვირვებები ცხადყოფს, რომ ისინი კოსმოსში მოსალოდნელზე 10-ჯერ უფრო გავრცელებული იყო.
თუ ამ გალაქტიკის შესახებ მონაცემები ზუსტია, ეს იმაზეც მიუთითებს, რომ ადრეულ სამყაროში ბევრად მეტი მტვერი გვხვდებოდა, ვიდრე ვვარაუდობდით. მართალია, ის სურათებში მცირე ზომის კაშკაშა ლაქად ჩანს, მაგრამ საკმაოდ დიდია და წელიწადში ასობით ახალ ვარსკვლავს წარმოქმნის. მეცნიერთა აზრით, შესაძლოა, შორეულ კოსმოსში კიდევ მრავალი ასეთი სისტემა "იმალებოდეს", რომლებსაც ამჟამინდელი ტექნოლოგიით უბრალოდ ვერ ვაფიქსირებთ.
ისინი, როგორც AzTECC71, მტვრის ღრუბლითაა გარშემორტყმული, რომელიც ხილულ სინათლეს შთანთქავს და მხოლოდ ინფრაწითელს ატარებს, მის მიმართ კი ვების ტელესკოპი მგრძნობიარეა. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს გალაქტიკა ჩვენგან ისედაც ძალიან შორსაა, მაგრამ მისმა გამოსხივებამ სამყაროს გაფართოების პარალელურად სპექტრის წითელ დიაპაზონში გადაინაცვლა, ანუ ერთგვარად გაიწელა, რასაც წითელ წანაცვლებას უწოდებენ.
AzTECC71-ს ხმელეთზე განლაგებულმა ობსერვატორიებმა დააფიქსირა, როგორც პოტენციურად შორეული ობიექტი, მაგრამ ხილულ სპექტრზე მომუშავე ჰაბლის ტელესკოპით ის ვეღარ დავინახეთ. ის ადრეულ კოსმოსზე დაკვირვებისას შედარებით ნაკლებად მტვრიან გალაქტიკებზეა კონცენტრირებული, თუმცა ვები მსგავსი ღრუბლის მიღმაც "იხედება". სწორედ ამან მოგვცა შესაძლებლობა, ეს ადრეული სისტემა შეგვესწავლა. ასტრონომები იმედოვნებენ, რომ კიდევ მრავალ ამგვარ ობიექტს გამოავლენენ.
ავტორთა ახალი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები