ნეანდერტალელები მამონტებზე 2-ჯერ მძიმე სპილოებზე ნადირობდნენ — კვლევა
ახალი კვლევის მიხედვით, ევროპის ტერიტორიაზე ნეანდერტალელები მამონტებზე 2-ჯერ მძიმეწონიან სპილოებზე ნადირობდნენ. ეს, რა თქმა უნდა, მათ შეთანხმებულად მოქმედებას გულისხმობდა, რაც ამ სახეობის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის.
მიმდინარე წლის დასაწყისში MONREPOS-ის არქეოლოგიური კვლევების ცენტრში მომუშავე მეცნიერებმა სწორეშვიანი სპილოს (Palaeoloxodon antiquus) ძვლებზე არსებული ნაკაწრები აღწერეს. ამ ნაშთებს გერმანიაში მდებარე Neumark-Nord 1-ის ზონაში მიაგნეს. სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ეს კვალი შესაძლოა, უკვე მკვდარ ცხოველზე ზემოქმედების შედეგი ყოფილიყო, მაგრამ ერთ-ერთ არეალში ასეთი ნიმუშების სიუხვის გამო ივარაუდეს, რომ საქმე ნანადირევთან უნდა ჰქონოდათ.
ამის შესახებ მეტის გასაგებად იმავე მეცნიერებმა სწორეშვიანი სპილოს ძვლები აღმოსავლეთ გერმანიაში არსებულ ორ სხვა ზონაშიც შეისწავლეს. ნაშთების სამივე წყება დაახლოებით 125 000 წლის წინანდელია, რაც უკანასკნელ გამყინვარებათაშორის პერიოდს ემთხვევა, როცა დედამიწაზე ისეთივე ტემპერატურა იყო, როგორიც ახლაა.
ნიმუშების სიმცირის მიუხედავად, ნაკაწრების მსგავსება გასაოცარია. სპეციალისტთა თქმით, ეს მიანიშნებს, რომ სპილოებზე ნადირობა და მათი ლეშის ასე დამუშავება იმ დროს ნეანდერტალელებში გავრცელებული იყო. სამივე არეალში გამოვლინდა ზრდასრული მამრი სწორეშვა სპილოების ერთნაირი სიუხვეც, რომლებიც მდედრებზე დიდი ზომისანი იყვნენ და, სავარაუდოდ, მარტო გადაადგილდებოდნენ.
აღმოსავლეთ გერმანიის ერთ-ერთ ზონაში იდენტიფიცირდა ძვლებზე სხვა ცხოველთა ნაკბილარიც, საიდანაც ადგენენ, რომ ნეანდერტალელებს მათთან ერთგვარი კონკურენცია დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ.
მაინც რაში იყენებდნენ ამ უზარმაზარ ნანადირევს ნეანდერტალელები?
ავტორთა გამოთვლების თანახმად, მხოლოდ ერთი ასეთი სპილოდან მიღებული ხორცი მათთვის საჭირო ყოველდღიურ კალორაჟს 2500-ჯერ აღემატებოდა. გამოდის, რომ ზამთარშიც კი ამ ხორცის დიდ ნაწილს გაფუჭებამდე უბრალოდ ვერ მოიხმარდნენ, თუ არ შეინახავდნენ. ავტორთა აზრით, ნეანდერტალელები მოპოვებულ მარაგს ან მართლაც როგორღაც ინახავდნენ, ან მრავალრიცხოვან ჯგუფებად იკრიბებოდნენ, რათა ერთად ეჭამათ.
ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი ერთ ადგილზე დიდი ხნის განმავლობაში უნდა დარჩენილიყვნენ, რადგან ამხელა მარაგით ვერ ივლიდნენ და ვერც სიახლოვეში შეინახავდნენ.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები