ტყუპებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ვეგანური დიეტა გულის ჯანმრთელობას აუმჯობესებს
ახალი კვლევის მიხედვით, ვეგანური დიეტა სულ რაღაც 2 თვეში ინსულინის დონის დაწევას, წონის კლებასა და იმ ცილების რაოდენობის შემცირებას განაპირობებს, რომლებიც გულის დაავადებებთან და ინსულტთანაა დაკავშირებული. ეს ამტკიცებს, რომ კვების ამგვარი რაციონი არა მხოლოდ გარემოსთვის, არამედ ადამიანთა ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა.
მეცნიერებმა ექსპერიმენტი იდენტური ტყუპების 22 წყვილზე ჩაატარეს და ისინი ორ ჯგუფად დაჰყვეს. ყველა მათგანის რაციონში ისეთი ჯანსაღი საკვები შედიოდა, როგორიც ბოსტნეული, ხილი, მთლიანი მარცვლეული, თხილეული და სხვადასხვა მცენარის თესლია. ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ ტყუპებიდან თითო ინდივიდი დამატებით ხორცის ზომიერ რაოდენობასაც იღებდა.
პირველი 4 კვირის განმავლობაში ორივე ჯგუფს სპეციალურად მომზადებული საუზმე, ლანჩი და სადილი ეგზავნებოდა. ასევე, მკაცრი ინსტრუქციები, რომლითაც ხემსის შერჩევისას უნდა ეხელმძღვანელათ. ამის მომდევნო 4 კვირის განმავლობაში მონაწილეებმა ჯანსაღი საკვების მომზადება უკვე თავად დაიწყეს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მათი მიზანი წონის კლების პროვოცირება არ ყოფილა, ამიტომ ტყუპები იმდენ საჭმელს იღებდნენ, რამდენიც დაანაყრებდათ.
შედეგად, ორივე ჯგუფში გულსისხლძარღვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება დაფიქსირდა, მაგრამ ეს ყველაზე შესამჩნევი სწორედ იმ ადამიანებში იყო, რომლებიც ვეგანურ დიეტაზე გადავიდნენ. მათ ორგანიზმში ინსულინის დონემ 20%-ით იკლო. შემცირდა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინული ქოლესტერინის რაოდენობაც, ცხიმოვანი მოლეკულების, რომლებიც გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს ზრდის.
ჩვენს ორგანიზმში მათი დონე 100 მგ/დლ-ზე ნაკლები უნდა იყოს. ექსპერიმენტამდე ხორცისმჭამელ ტყუპისცალებში ეს მაჩვენებელი 118.5 მგ/დლ-ს უდრიდა და ის 116.1 მგ/დლ-მდე დაეცა. ვეგანური რაციონის მქონე ინდივიდებში კი 110.7 მგ/დლ-დან 95.5 მგ/დლ-ზე ჩამოვიდა.
ავტორები ამბობენ, რომ ეს შესაძლოა, მეორე ჯგუფში წონის კლებითაც იყოს განპირობებული, რადგან კალორიების რაოდენობა არ კონტროლდებოდა. შესაბამისად, ამ ბიოლოგიურ მექანიზმს პირდაპირპროპორციულად მხოლოდ ვეგანურ დიეტასთან ვერ დავაკავშირებთ, რადგან სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც გასათვალისწინებელია, როგორიც ფიზიოლოგიურო ცვლილებებია.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დაფიქსირდა ვიტამინ B12-ის დონის ოდნავ შემცირებაც, ამიტომ ვეგანურ კვებაზე გადასვლისას ასეთი საჭირო ნივთიერებების მიღებაც აუცილებელია. მაშასადამე, სწორი ვეგანური რაციონით ჩვენს ჯანმრთელობას ვარგებთ. სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფში ეს წონაზე, სისხლის წნევაზე, დიაბეტის რისკსა და გულზე დადებითად აისახება. თუნდაც მეტი მცენარეული საკვების მიღებაც კარგი შედეგის მომტანია, რასაც მეცნიერები ხაზგასმით ამბობენ.
მათი ნაშრომი გამოცემაში JAMA Network Open გამოქვეყნდა.
კომენტარები