Google-მა გეოთერმული ქარხანა გახსნა, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს — როგორ მუშაობს
Google-მა დახვეწილი გეოთერმული პროექტი წამოიწყო და ნევადაში ქარხანა ოფიციალურად აამუშავა. ეს ამ ტიპის პირველი პროექტია. იგი კომპანიის ახლომდებარე მონაცემთა ცენტრებს ნახშირბადისაგან თავისუფალი ელექტროენერგიით მოამარაგებს.
ახალი ქარხანა ფირმა Fervo-სთან პარტნიორობის ფარგლებში გაიხსნა. Google-ს სურს, 2030 წლისთვის სრულებით ისეთ ენერგიას მოიხმარდეს, რომლის წარმოების დროსაც ნახშირორჟანგის ემისიები არ გამოიყოფა. ქარხნის გახსნა სწორედ ამ გეგმის ნაწილია.
ქარხანამ მხოლოდ და მხოლოდ 3.5 მეგავატი ენერგია უნდა გამოიმუშაოს. მისი მთავარი სარგებელი ისაა, რომ გეოთერმული ენერგიის მისაღებად ექსპერიმენტულ მეთოდებს იყენებს. შესაბამისად, თუკი მცდელობა გაამართლებს, ტექნიკებს უფრო ფართო მასშტაბით გამოვიყენებთ, რათა მსოფლიო ენერგიით ისე მოვამარაგოთ, რომ კლიმატს საფრთხე არ შევუქმნათ.
როგორც წესი, გეოთერმული ქარხნის ასაშენებლად იდეალური ადგილის შერჩევაა საჭირო. ეს ბუნებრივი რეზერვუარი უნდა იყოს, სადაც ნიადაგი უაღრესად გაბზარულია და შედარებით მარტივად გასაბურღია. ამ გზით მილებმა დედამიწის თბილ შიგნეულობამდე უნდა ჩააღწიოს.
საგულისხმოა, რომ ასეთი ადგილები საკმაოდ ცოტა და მათი პოვნა რთულია. ამას გარდა, არ არსებობს იმის გარანტია, რომ მოსაპოვებელი ენერგია საკმარისი იქნება. შესაბამისად, გარისკვა საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს.
Fervo ნავთობისა და გაზის ინდუსტრიაში არსებულ მიდგომას იყენებს — მიწას არამხოლოდ ვერტიკალურად ბურღავს, არამედ საკმარისი სიღრმის მიღწევის შემდეგ ჰორიზონტალურადაც; მერე ჭარბი წნევის მქონე სითხეებს იყენებენ, რათა ქვები კიდევ უფრო დაანაწევრონ.
შემდეგ ეტაპზე მილებს ალაგებენ და მიწისქვეშ წყალს ტუმბავენ. იგი გაფართოებულ ჰორიზონტალურ არხში გადის, ცხელდება და შემდეგ ზედაპირს უბრუნდება, რათა ელექტრობის მწარმოებელი ტურბინი მოამარაგოს. სისტემა დახურულია, ანუ იმავე წყალს ხელახლა იყენებს და პროცესში არაფერი იკარგება.
თავისთავად, Google-ის ქარხანა ამ ეტაპზე ბევრ ელექტროენერგიას არ გამოიმუშავებს. ენერგიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად იგი მზისა და ქარის ენერგიასაც გამოიყენებს.
ახალი ადგილი უკვე ფუნქციონირებს. შესაძლოა, ეს ნახშირბადისგან თავისუფალი განახლებადი ენერგიის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყოს და გეოთერმული ქარხნები ისეთ ადგილებშიც კი აშენდეს, სადაც ერთ დროს წარმოუდგენელი ჩანდა.
ცნობისთვის, აშშ-ში გეოთერმულ ელექტროენერგიის წარმოების კუთხით მსოფლიოში ლიდერია. ამის მიუხედავადაც კი, მუშა გეოთერმული ქარხნები მხოლოდ 6 შტატშია, მათ შორის ნევადაში, კალიფორნიასა და იუტაში.
კომენტარები