გიგანტური ტალღები საკმაოდ ხშირია — მეცნიერებმა მათი პროგნოზირების გზას მიაგნეს
ხელოვნური ინტელექტის (AI) დახმარებით მკვლევრებმა განტოლება აღმოაჩინეს, რომლითაც უზარმაზარი ტალღების პროგნოზირებაა შესაძლებელი.
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მათემატიკური განტოლება აღმოაჩინეს, რომლის მეშვეობითაც ოკეანეში ანომალიური, არასტანდარტული, ტალღების პროგნოზირებაა შესაძლებელი. ეს ტალღები უჩვეულოდ დიდი ზომის გამო ზოგჯერ საზიანოა — ისინი იმდენად მძლავრია, რომ გემების გადაბრუნება ან დამტვრევაც კი შეუძლია.
მეცნიერებმა ანომალიური ტალღების მოდელირებისთვის ხელოვნური ინტელექტი (AI) და მიზეზობრივი ანალიზი გამოიყენეს.
მეცნიერებმა AI სისტემას დიდი ინფორმაცია მიაწოდეს ოკეანის ტალღებთან დაკავშირებით. ეს მონაცემები მათ სპეციალური მოტივტივე მოწყობილობების მეშვეობით შეაგროვეს მსოფლიოს 158 ადგილიდან. საერთო ჯამში, მათი მეშვეობით მილიარდზე მეტი ტალღის შესახებ შეკრიბეს ინფორმაცია.
ტალღების გამომწვევი ზუსტი მიზეზის განსაზღვრა მარტივი სულაც არაა. შესაძლოა, ისინი არსაიდანაც კი გაჩნდეს.
"მათ მრავალი ფაქტორის კომბინაცია იწვევს, რომლებიც რისკების შეფასების მიზნით ჯერჯერობით არავის გაუერთიანებია", — განმარტა დიონ ჰაფნერმა, კვლევის მთავარმა ავტორმა — "კვლევის ფარგლებში მიზეზობრივი ცვლადები აღვრიცხეთ, როლებიც ანომალიურ ტალღებს ქმნის; შემდეგ ხელოვნური ინტელექტი გამოვიყენეთ და ისინი მოდელში გავაერთიანეთ, რომელსაც შეუძლია, ანომალიური ტალღების ფორმირების ალბათობა გამოთვალოს".
ზოგიერთი ასეთი ტალღა 20 მეტრამდეც კი აღწევს. მაშ, რის გამო ხდება ეს: ქარის, წყალქვეშა დინებების თუ რაიმე სხვა ფაქტორის? მეცნიერებს სწორედ ამის გარკვევა სურდათ.
"ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ ანომალიური ტალღები მუდმივად ჩნდება", — განაცხადა იოჰანეს გემრიხმა, კვლევის თანაავტორმა — "რეალურად, მონაცემთა ბაზაში 100 ათასი ტალღა აღვრიცხეთ, რომლებსაც არასტანდარტული ტალღები შეგვიძლია ვუწოდოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიურად ოკეანის რაიმე ადგილას დაახლოებით ერთი გიგანტური ტალღა იჩენს თავს. მეორე მხრივ, ყველა ასეთი ტალღა ექსტრემალურად დიდი არ არის".
მკვლევართა ხელოვნურმა ინტელექტმა განსაზღვრა, როგორ წარმოიქმნება უზარმაზარი ტალღები, ეს ინფორმაცია კი მკვლევრებს განტოლების ფორმით მიაწოდა. მეცნიერებს უკვე შეუძლიათ, საკითხის საკვლევად სამომავლო ნაშრომებში ეს განტოლება გამოიყენონ.
კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ მათი განტოლება შეიძლება 50 ათასამდე სატვირთო გემს დაეხმაროს მგზავრობისას. ეს იმიტომ, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელია წინასწარ გავიგოთ, თუ როდის შეიძლება, შესაბამის პირობებში სახიფათო ტალღა წარმოიშვას.
"სანაოსნო კომპანიები მარშრუტებს კარგად გეგმავენ წინასწარ, ამიტომ შეუძლიათ, ჩვენი ალგორითმი გამოიყენონ და შეაფასონ, რამდენადაა შანსი, რომ გემი გზად სახიფათო ტალღებს შეხვდეს. ამის მიხედვით ისინი შეძლებენ, ალტერნატიული მარშრუტები შეარჩიონ", — დასძინა ჰაფნერმა.
კვლევა ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences (PNAS) გამოქვეყნდა.
კომენტარები