მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი კვლავ დაიძრა — რა ვიცით
მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი, რომელიც როდ-აილენდის შტატზე დიდია, სამი ათწლეულის შემდეგ პირველად ისევ დაიძრა.
4 000 კვადრატული კილომეტრის ფართობისა და დაახლოებით 400 მეტრის სისქის, ქალაქის ზომის აისბერგი A23a 1986 წლის აგვისტოში გაჩნდა. ეს მაშინ, როდესაც ანტარქტიდის სანაპირო ზოლს გამოეყო. მცურავი ყინულის უზარმაზარი ნაჭერი მალევე მეჩეჩს წამოედო და უედელის ზღვაში დარჩა.
და აი ახლა, სატელიტური სურათებით ჩანს, რომ აისბერგი ისევ დაიძრა.
უედელის ზღვის აისბერგების უმეტესობის მსგავსად, მოსალოდნელია, რომ A23a ანტარქტიდის ცირპოლარული დინებასთან ერთად გადაინაცვლებს და საბოლოოდ სამხრეთ ატლანტის ოკეანეში აღმოჩნდება. საბოლოოდ, ისევე როგორც ყველა აისბერგი, ის დადნება.
აისბერგის მოულოდნელი გააქტიურების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
"მე მინდოდა გამეგო თუ რა შეიძლება გამხდარიყო ამის მიზეზი, მაგრამ ზუსტი პასუხი არავის აქვს", — თქვა ენდრიუ ფლემინგმა, დარგის ექსპერტმა.
სიტყვა აისბერგი მომდინარეობს ჰოლანდიური სიტყვიდან "ijsberg", რაც ყინულის მთას ნიშნავს. ზოგადად, აისბერგი, რომელიც წარმოიქმნება ანტარქტიდაში, უფრო დიდი და ბრტყელი ფორმისაა. რაც შეეხება არქტიკას, იქ გაჩენილი აისბერგი უფრო პატარაა.
სტანდარტულად, აისბერგის მასის დაახლოებით 90 პროცენტი წყლის ზედაპირის ქვემოთაა.
ცნობისთვის, თავად A23a-ც კი მცირეა ყველა დროის უდიდეს აისბერგთან შედარებით. ყველა დროის უდიდესი აისბერგი 1956 წლის ნოემბერში გაჩნდა. თავიდან მისი მასშტაბები დაახლოებით ასეთი იყო: 335 კილომეტრი სიგრძეში და 97 კილომეტრი სიგანეში. მთლიანობაში, ფართობით 31 000 კვადრატული კილომეტრი. ეს სამჯერ აღემატება ჰავაის დიდ კუნძულს.
თუმცა, დღეს მოქმედი აისბერგებიდან ყველაზე დიდი A23a-ია.
კომენტარები