კოსმოსში მოგზაურობა შესაძლოა, ერექციულ ფუნქციას ვნებდეს
მეცნიერებმა კოსმოსური ფრენის სიმულირების მეშვეობით შეისწავლეს, როგორ მოქმედებს ამასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფაქტორი ერექციულ ფუნქციაზე. ეს მათ მამრი ვირთხების მაგალითზე გამოიკვლიეს და ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან ქსოვილებზე გაამახვილეს, როგორიცაა გარე სასქესო ორგანოს შიდა დისტალური არტერია და ე.წ. კავერნული სხეული.
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ გალაქტიკური კოსმოსური რადიაციის გამო ზემოხსენებულ ქსოვილებში არაადრენერგულ არაქოლინერგიული (NANC) ნერვულ-შეკავშირებული მოდუნების პროცესი ფერხდება. ამ დარღვევებს კი, პოტენციურად, ერექციული დისფუნქციის გამოწვევა შეუძლია.
ახალმა კვლევამ მეცნიერებს საშუალება მისცა, რომ ასტრონავტთა ჯანმრთელობაზე ხანგრძლივი კოსმოსური მისიების სავარაუდო უარყოფითი გავლენა გამოევლინათ. მათ შორის მთვარისკენ და მარსისკენ ფრენებისას, რაც მომავალში იგეგმება კიდეც. ეს ნიშნავს, რომ ეკიპაჟი რადიაციისა და მიკროგრავიტაციის პირობებში დიდი ხნით იქნება, რითაც რისკები იზრდება.
ავტორები აღნიშნავენ, რომ მათი მიგნება მოულოდნელი არ ყოფილა. აქამდე უკვე ცნობილი იყო, რომ გალაქტიკური კოსმოსური რადიაცია ენდოთელიუმსა და ნერვულ სისტემას აზიანებს, ორივე მათგანი კი სათანადო ერექციული ფუნქციისთვის აუცილებელია. ასევე, სასქესო ქსოვილების დამცავი მექანიზმი ნაკლებად გამძლეა, ვიდრე გულსისხლძარღვთა ცენტრალური სისტემა მთლიანობაში, ამიტომ მათ შესაძლოა, მეტი ზიანი მიადგეს. ეს გავლენა ვირთხებში ექსპერიმენტიდან ხანგრძლივი პერიოდის გასვლის შემდეგაც დაფიქსირდა.
მკვლევრები შესაძლო გამოსავალსაც გვთავაზობენ, მაგალითად, ქსოვილებში მოდუნების ზემოხსენებული პროცესის აღდგენას. უკანასკნელი შედეგები, პოტენციურად, ასტრონავტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ახალი გზების მოძიებაში დაგვეხმარება, მაგრამ უფრო თერაპიულად, ვიდრე ტექნიკურად. ამ საკითხზე მეტის გასაგებად დამატებითი კვლევებია საჭირო.
ახალი ნაშრომი გამოცემაში The FASEB Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები