ზღვის კუები გადაშენების პირას არიან
ზღვის კუებში მამრების რაოდენობა სულ უფრო მცირდება.
მწვანე ზღვის კუ გადაშენების პირას მყოფი სახეობაა. ამის მთავარი მიზეზი ადამიანია. ადამიანები კუების კვერცხებს იღებენ, ამცირებენ სახეობის ჰაბიტატს და აბინძურებენ გარემოს, რაც საბოლოოდ კუების გადაშენებას იწვევს.
მიუხედავად ამისა, არსებობს კიდევ ერთი სერიოზული საფრთხე, რომელშიც ასევე ადამიანები არიან დამნაშავე — მამრობითი სქსის ზღვის კუები თითქმის აღარ იჩეკებიან.
ასევე: გლობალური დათბობის გამო ფლორიდაში ყველა კუ მდედრობითი სქესისა იბადება
ცნობილია, რომ ეს ნაწილობრივ ტემპერატურის მატებით არის გამოწვეული. თუმცა, ახალმა კვლევამ ამის კიდევ ერთი მიზეზი გამოავლინა.
კვლევის ავტორის, არტურ ბარაზას თქმით, გარკვეული დამაბინძურებლები ზღვის კუებში "ფემინიზიაციას" უწყობს ხელს.
"კვლევამ აჩვენა, რომ დამაბინძურებლები გავლენას ახდენს ზღვის კუების სქესის პროპორციაზე. ეს ნიშნავს, რომ იზრდება მდედრი კუების რაოდენობა და მცირდება ამავე სახეობის მამრები", —თქვა ბარაზამ.
მწვანე ზღვის კუს (Chelonia mydas) დიდი გეოგრაფიული დიაპაზონი აქვს. ის ბინადრობს ატლანტის, წყნარი ოკეანისა და ინდოეთის ოკეანეების ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ რეგიონებში, ასევე ხმელთაშუა ზღვაში.
ამ მომენტისთვის, ზოგ თბილ ადგილას, მაგალითად, დიდი ბარიერული რიფის ჩრდილოეთ ნაწილში, ყოველ ახლად გამოჩეკილ ერთ მამრზე ასობით ახად გამოჩეკილი მდედრი მოდის.
ეს იმიტომ ხდება, რომ ზღვის კუები გამოჩეკის მხრივ ტემპერატრაზე არიან დამოკიდებული. ანუ, ემბრიონის სქესი განისაზღვრება ბუდეში, კვერცხის გარშემო ქვიშის ტემპერატურით. ვიცით, რომ თბილი ტემპერატურა მდედრი კუების გამოჩეკვას უწყობს ხელს. შესაბამისად, ტემპერატურის მატებასთან ერთად, ხშირად მდედრები იჩეკებიან.
თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, ეს არ არის ერთადერთი ფაქტორი, რომელიც სქესის განსაზღვრაში მონაწილეობს.
კვლევის ფარგლებში, ბარაზა და მისი კოლეგები ზღვის მწვანე კუებზე გრძელვადიან მონიტორინგს ახორციელებდნენ. მათ ეს დიდი ბარიერული რიფის სამხრეთით მდებარე პატარა ქვიშიან კუნძულზე ქნეს.
მკვლევრების ცნობით, ყოველწლიურად იქ 200-დან 1800-მდე მდედრი დებს კვერცხს. ამ კუნძლზე სქესებს შორის შედარებითი ბალანსია. თითო მამრზე მხოლოდ ორი ან სამი მდედრი მოდის.
მკვლევრებმა კუნძულზე 17 ბუდე შეისწავლეს. ისინი კვერცხის დადებიდან 17 საათში აგროვებდნენ მათ. შემდეგ კვერცხებს ადგილზე აბრუნებდნენ. ამის პარალელურად მკვლევრები საათობრივად იწერდნენ საბუდარისა და პლაჟის ტემპერატურას.
გამოჩეკვის შემდეგ, მკვლევრებმა კუების სქესი აღრიცხეს და 18 მძიმე ლითონზე შეამოწმეს. მძიმე ლითონები ძირითადად კადიუმი და ქრომი იყო. ასევე აღრიცხეს ორგანული დამაბინძურებლები, როგორიცაა პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები (PAHs), პოლიქლორირებული ბიფენილები (PCBs) და პოლიბრომირებული დიფენილეთერები (PBDEs).
"ეს დამაბინძურებლები სენესტროგენების როლს ასრულებენ. საუბარია მოლეკულებზე, რომლებიც მდედრობითი სქესის ჰორმონების რეცეპტორებს ებმიან. როდესაც კვერცხი მწიფდება, ის შთანთქავს მდედრის მიერ აკუმულირებულ დამაბინძურებლებს და ემბრიონის ღვიძლს გადასცემს. აქ ისინი გამოჩეკიდან წლების შემდეგაც კი რჩება", — თქვეს მკვლევრებმა.
აღმოჩნდა, რომ ეს დამაბინძურებლები მდედრში კვებისას ხვდება.
კვლევამ გამოავლინა, რომ კუნძულზე საბუდრებში სექსის პროპორციები ცვალებადია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მაინც მდედრები იჩეკებიან. გამოჩეკილთა ღვიძლში დამაბინძურებლების დონე დაკავშირებული იყო საბუდარში მეტი მდედრის გამოჩეკასთან. ანუ, რაც მეტი იყო დამაბინძურებელი, მით მეტი იჩეკებოდა მდედრი.
"მამრების შემცირებასთან ერთად, მდედრებს სულ უფრო უჭირთ შესაბამისი მეწყვილის პოვნა. კლიმატის ცვლილებასთან ერთად, დამაბინძურებლების რაოდენობაც იზრდება, რაც კუებს პირდაპირ საფრთხეს უქმნის", — თქვა ბარაზამ.
მკვლევრების თქმით, სათბური აირების გამოყოფის შემცირებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მოხდეს დამაბინძურებლების კონტროლიც. წინაარმდეგ შემთხვევაში მამრი ზღვის კუების რაოდენობა სულ უფრო შემცირდება, რაც საბოლოოდ სახეობის გადაშენებას გამოიწვევს.
კვლევა Frontiers in Marine Science-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები