კოსმოსური კოცონი: ჯეიმს ვების ტელესკოპმა ირმის ნახტომის გული გადაიღო
ჯეიმს ვების ტელესკოპმა 500 000 ვარსკვლავის ფოტო გადაიღო.
ინფრაწითელი შესაძლებლობების წყალობით, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ახალი აღმოჩენების გაკეთებას აგრძელებს. ამჯერად, ტელესკოპმა ირმის ნახტომის ცენტრში "შეიხედა" და ახალი გასაოცარი ფოტო შემოგვთავაზა.
ჩვენი გალაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონი, Sagittarius C-ია. ამ რეგიონს გალაქტიკის გულსაც ეძახიან და ის ზემასიური შავი ხვრელიდან დაახლოებით 300 სინათლის წლის მანძილზეა.
მკვლევრების თქმით, აქ დაახლოებით 500 000 ვარსკვლავი იქმნება და სწორედ ეს დააფიქსირა ტელესკოპმა. ერთი შეხედვით, ასეთ ექსტრემალურ გარემოში ამდენი ვარსკვლავი არ უნდა იყოს. ამჟამად ასტრონომებს ამის ახსნა არ შეუძლიათ.
"ამ რეგიონის ასეთი მაღალი გარჩევადობის ფოტო არასდროს გვქონია, ეს ნამდვილი კოსმოსური კოცონია! ამიტომ, ახლა ჩვენ უამრავ ახალ მახასიათებელს ვხედავთ. ეს საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ ვარსკვლავების ფორმირება ისე, როგორც არასდროს", — თქვა მკვლევარმა, სამუელ ქროუმ.
სურათზე ნაჩვენები ტერიტორია დაახლოებით 50 სინათლის წლის სიგანისაა. ის დედამიწიდან 25 000 სინათლის წლის მანძილითაა დაშორებული.
მკვლევრების თქმით, ეს ადგილი საკმარისად ახლოს არის ჩვენთან და ჯეიმს ვებს ცალკეული ვარსკვლავების შესწავლაც შეუძლია.
ეს საშუალებას იძლევა შეგროვდეს უპრეცედენტო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება წარმოიქმნას ვარსკვლავები ამ მხარეში. ასტრონომებს აინტერესებთ, წარმოიქმნება თუ არა უფრო მასიური ვარსკვლავები ირმის ნახტომის ცენტრში, მისი სპირალური მკლავების კიდეებისგან განსხვავებით.
"მასიური ვარსკვლავები ერთგვარი ქარხნებია, რომლებიც თავიანთ ბირთვში მძიმე ელემენტებს აწარმოებენ. ამიტომ, მათი უკეთ გაგება სამყაროს მნიშვნელვანი ნაწილის წარმოშობის შესწავლის ტოლფასია", — ამბობენ მკვლევრები.
კომენტარები