ერთადერთ ნათელ წერტილად და იმედად პრეზიდენტი გვრჩება — ლაზარეს დედის წერილი
განახლება: დღეს, 2024 წლის 12 აპრილს, მოსამართლემ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ლაზარე გრიგორიადისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეს.
- სასამართლო პროცესის შემდეგ ლაზარეს დედამ, თამთა კალანდაძემ თქვა, რომ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს.
- თამთა კალანდაძე ჯერ კიდევ გასული წლიდან ამბობდა, რომ პროცესი პოლიტიზებულია და "ერთადერთ ნათელ წერტილად და იმედად" პრეზიდენტი ზურაბიშვილი რჩება. მან ამის შესახებ დაწერა On.ge-ზე გამოქვეყნებულ Op-ed-ში, რომელიც თავდაპირველად, გასული წლის 17 ნოემბერს გამოვაქვეყნეთ. მკითხველს კიდევ ერთხელ ვთავაზობთ თამთა კალანდაძის წერილს, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილს მიემართება.
პატარა ლაზარე იყო ძალიან მშვიდი და მარტივად აღსაზრდელი, უპრობლემო, უსაყვარლესი ბავშვიკი. ძალიან ინტერესიანი, უშიშარი... "მაუგლის" ეძახდნენ.
გაიზარდა თავისი გულისტკივილებით. გააანალიზა ბევრი რამ, პროტესტი გაუჩნდა: აუტანლობა უსამართლობის, ბოროტების, ტყუილის, დამცირების, ბულინგის, ცინიზმის.
არ მოსწონდა, როდესაც ვინმეს ჩაგრავდნენ, ეხმარებოდა ყველას, ვისაც უჭირდა.
სულ ბოლოს, სანამ საქართველოში ვიყავი, აივანზე იდგა, შეშფოთებული სახით შემოვარდა სახლში, რაღაცა აიღო და გადახტა აივნიდან. ბებო დაცემულა, თითი მოუტეხია, ლაზარემ პირველადი დახმარება გაუწია და შემდგომ სასწრაფოს გაატანა დაზარალებული.
დადგა მის ცხოვრებაში მომენტი, როდესაც დაიწყო რადიკალური ცვლილებები მის გარეგნობაში, მისი პირსინგები, საყურეები, "ერენული" თვალები. ესეც ერთგვარი პროტესტია, ვინაიდან მართალი ბიჭია, უსაზღვრო თავისუფალი სულის მქონე, სამართლიანი, პრინციპული; არ მოგატყუებს რომც იცოდეს, რომ გულს გატკენს, მაგრამ ძალიან თბილი, მოსიყვარულე და უკონფლიქტოა. არავის ერჩის, თუ მას არ ერჩიან. უბრალოდ, არ უნდა წაართვა, რისიც სჯერა და სწამს.
ერთ ეპიზოდს გავიხსენებ: ერთად მოგვიწია ტრანსპორტით გადაადგილება და იმდენი ხალხის სისასტიკე ვიგრძენი, ენერგია გამომეცალა, გავნადგურდი.
მე და ჩემი შვილი გვერდიგვერდ მივდიოდით და დედას აგინებდნენ, ისეთი ზიზღი გამოსჭვიოდა ამ ხალხისგან, მე არ ვიცი, ვის მიმართ შეიძლება გამიჩნდეს მსგავსი რეაქცია. ვკითხე, ლაზა, როგორ იტან ამ ყველაფერს? მიპასუხა, ხან ვატარებ, ხან გავუღიმებ, ხან გულს გავუგზავნი და მომენტალურად ეცვლებათ ეს გაბოროტებული face-ებიო.
ლაზარე დღეს პატიმარია, ალბათ ძალიან უჭირს ასეთ კომუნიკაბელურ და მოქმედ ადამიანს იზოლაციაში ყოფნა. სამწუხაროდ, კრიტიკული აზრის და თავისუფლებისკენ ლტოლვის სურვილმა, მისთვის ციხის გზაზე გაიარა.
8 თვეა, სპექტაკლს ვუყურებთ სასამართლოს შენობაში. აქციიდან მხოლოდ ჩემი ლაზა ზის ციხეში. იმდენი რამ გაიარა, რაც მისი ინტერვიუდან გავიგეთ... 17 ნოემბრის პროცესი კი ისევ გადადეს, გააჭიანურეს... მარტივად, არაფრისმთქმელი სახეებით... მოსამართლე, თურმე, დაკავებულია და დეკემბრამდე ვერ მოიცლის, პროკურატურამ კიდევ 12 მოწმე უნდა დაკითხოს (საოცრებაა, ამდენი მოწმე ბრძანდებოდა ადგილზე და ლაზარე 29 მარტს დააკავეს). ასე იმედიანად და ნაყოფიერად მუშაობს ჩვენი მართლმსაჯულება.
მის გამოსვლებში ხშირად მომხვდა ყურში და ნიშნად მივიღე ახალგაზრდებზე დადებით კონტექსტში საუბარი. მართლაც, ამ თაობის ხელშია ჩვენი ბედკრული ქვეყნის მომავალი, ჩვენ (წინა თაობებმა) ვერაფერი შევძელით, რომ უკეთეს ქვეყანაში გვეცხოვრა, რადგან ვერ მოვიშორეთ საუკუნოვანი მჩაგვრელი, მკვლელი, ოკუპანტი რუსეთი.
ჩვენი მისწრაფებაა ევროპა და ევროპული ღირებულებები, კმარა მონობა და ლაქუცი.
კომენტარები