DFRLab-მა გამოავლინა სამედიცინო დეზინფორმაციის გამავრცელებელი ქსელი, რომლის უკან ქართული ტურისტული კომპანია დგას
DFRLab-მა გამოავლინა ქსელი, რომელიც ტურისტული კომპანიის რეკლამირებისა და შემოსავლის გაზრდის მიზნით ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ არასანდო ინფორმაციას ავრცელებდა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ წარმოადგენდეს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება DFRLab-თან პარტნიორობის ფარგლებში. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
ატლანტიკური საბჭო მიუკერძოებელი ორგანიზაციაა, რომლის მისიაც გლობალური მომავლის ჩამოყალიბებაა. ატლანტიკური საბჭო მსოფლიო მოვლენებში აშშ-ის ჩართულობის გაზრდითა და პარტნიორებთან მუშაობის გზით გლობალური გამოწვევებისთვის გამოსავალს ეძებს.
ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორია ღია წყაროებზე დაყრდნობით იდენტიფიცირებას უკეთებს და ააშკარავებს დეზინფორმაციას მთელი მსოფლიოს გარშემო.
DFRLab-მა გამოავლინა რამდენიმე პლატფორმაზე მოქმედი ქსელი, რომელიც Facebook-ის ქართველი მომხმარებლებისთვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ არასანდო და სატყუარა (clickbait) ინფორმაციას ავრცელებდა. ქსელი 71 ვებსაიტისგან, Facebook-ის 29 გვერდისგან, 19 ჯგუფისგან და 52 ანგარიშისგან შედგებოდა. DFRLab-მა ქსელი დააკავშირა ტურისტულ კომპანიასთან, Avia.ge, რომელიც კლიენტებს ტურებსა და თვითმფრინავის ბილეთების ყიდვას სთავაზობს.
კვლევის თანახმად, კომპანია მომხმარებელთა მოზიდვას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობდა. კერძოდ, სატყუარა სტატიების ბმულებით სოციალური ქსელის მომხმარებლები Avia.ge-ის რეკლამებს ხედავდნენ. სტატიები მოიცავდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მეცნიერულად დაუსაბუთებელ ინფორმაციას — მათ შორის მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს — რომელთა გათვალისწინებაც მომხმარებლებისთვის რისკის შემცველი შეიძლება იყოს.
ტურისტული კომპანია, როგორც ჩანს, ლეგიტიმურია და საქართველოს ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. საქართველოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, დირექტორი — და კომპანიის წილების ერთპიროვნული მფლობელიც — შოთა თელიაშვილია. სწორედ ამ პიროვნებასთანაა დაკავშირებული აღნიშნული ქსელი და ამ ქსელთან ასოცირებული ვებსაიტები.
Facebook-ის გვერდები
DFRLab-მა ამ ქსელში ჩართული 29 Facebook-გვერდი გამოავლინა. მათგან უმრავლესობა 2016-2022 წლებშია შექმნილი. გვერდებს საერთო ჯამში 2.1 მილიონი გამომწერი ჰყავდა და 1.5 მილიონი მოწონება ჰქონდა. 2022 წლის მარტიდან 2023 წლის მარტამდე პერიოდში ამ გვერდებმა (თუ არ ჩავთვლით უშუალოდ Avia.ge-ის კომპანიის ოფიციალურ გვერდებს) 10 მილიონზე მეტი ინტერაქცია დააგროვა, რაც თვიურად, საშუალოდ, 780,000 ინტერაქციას უტოლდება. Meta-ს მონიტორინგის პლატფორმის, CrowdTangle-ის გამოყენებით, DFRLab-მა აღმოაჩინა, რომ პოსტების 68 პროცენტს იმ ვებსაიტების ბმულები ერთოდა, რომლებიც ერთი ფართო ქსელის ნაწილს წარმოადგენს. ხოლო პოსტების 28 პროცენტი შეიცავდა ვიდეოებს, რომლებიც ამოჭრილი იყო სხვადასხვა გასართობი ტელეპროგრამიდან თუ სერიალიდან და ორიგინალ კონტენტად საღდებოდა. ეს ვიდეოები, თავის მხრივ, სხვადასხვა გვერდზე ერთდროულად ზიარდებოდა.
გვერდები საქართველოდან და აშშ-დან იმართებოდა. ქსელის 19 გვერდს, მათ შორის Avia.ge-ის ოფიციალურ გვერდს, ერთი ადმინისტრატორი ჰყავდა, რომელიც გვერდს აშშ-დან მართავდა. ადმინის მოქმედებების შესახებ არსებული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ ეს გვერდები კოორდინირებულად იმართებოდა. გარდა ამისა, Avia.ge-ის გვერდზე მითითებული ტელეფონის ნომერი ერთ-ერთი ყალბი გვერდის, „1001 ფაქტის“ საკონტაქტო ინფორმაციაშიც მეორდებოდა. სამ გვერდს კი ერთი და იგივე საკონტაქტო მეილი ჰქონდა მითითებული. DFRLab-მა ეს მეილი ათობით სხვა ვებსაიტთან დააკავშირა. ქსელთან ასოცირებულ ამ ვებსაიტებზე ინფორმაციას ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ.
ქსელის ოთხ გვერდს სახელში Avia-ს სხვადასხვა ვერსია ერია. ეს გვერდები მხოლოდ ტურიზმზე კონცენტრირდებოდა და მათზე Avia.ge-ის რეკლამები იყო განთავსებული. ამ სიაშია კომპანიის ოფიციალური გვერდიც, „Avia.ge • იაფი ავიაბილეთები“. ქსელის რვა გვერდი კონცენტრირდებოდა მკურნალობის მეთოდებზე ან, ზოგადად, ჯანმრთელობაზე. ამ გვერდებს ერქვათ ისეთი სახელები, როგორიცაა „ხალხური მედიცინა“, „ჯანმრთელობა“, „ექიმები“ და „ბებიის სამკურნალო რეცეპტები“. რამდენიმე გვერდი გასართობი კონტენტის შემქმნელად იყო შენიღბული და ავრცელებდა როგორც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას, ასევე Avia.ge-ის რეკლამებს. მათგან ორს ქართული პოპულარული ტელესერიალების სახელები ერქვა. აუდიტორიის შეცდომაში შესაყვანად და მოსაზიდად, ამ გვერდებზე აღნიშნული შოუების მონაწილეთა სურათებიც იდებოდა.
ერთი გვერდი, „Aww.ge • ჯანმრთელობა“ იმიტირებდა ფარმაცევტულ კომპანიასა და სამედიცინო ცენტრს, „ავერსს“, რა მიზნითაც იყენებდა მის ლოგოს და ბრენდის ფერებს. გვერდზე მითითებული იყო აშშ-ის ტეხასის შტატის მისამართი, რომელიც ასევე ეწერა ქსელის სხვა გვერდის, „X Development-ის“, საკონტაქტო ინფორმაციაში. ეს უკანასკნელი განვითარების კომპანიად წარმოჩნდებოდა, თუმცა მასზე, ძირითადად, ქვეყნდებოდა სატყუარა ინფორმაცია ვებსაიტიდან, Brandnews.ge და ზიარდებოდა გასართობი მასალა.
ქსელის 29 გვერდიდან 18 გვერდი, ძირითადად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სატყუარა და არასანდო ინფორმაციას ავრცელებდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბმულების შემცველ პოსტებს, როგორც წესი, მომხმარებლები გადაჰყავდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დეზინფორმაციის და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამავრცელებელ ვებსაიტებზე. ეს საიტები, ძირითადად, კონცენტრირდებოდა ხალხური მედიცინის რეცეპტებზე და ალტერნატიულ მედიცინაზე. გარდა ამისა, ვებსაიტების ბმულებზე Facebook-ის მომხმარებლები Avia.ge-ის რეკლამებს ხედავდნენ.
ქსელის გვერდებზე Avia.ge-ის ვებსაიტის ბმულების შემცველი პოსტები ერთდროულად — რამდენიმე წუთის შუალედში — სისტემატურად იდებოდა. ეს ან გარკვეულ ტექნიკურ კოორდინაციაზე მიუთითებს, ან იმაზე, რომ გვერდები ცენტრალურად იმართებოდა და დაკავშირებული იყო Avia.ge-ისთან.
Facebook-ის ჯგუფები
DFRLab-მა ასევე გამოავლინა ამ ქსელში ჩართული Facebook-ის 19 ჯგუფი, რომლებშიც ქსელის ვებსაიტებთან და Facebook-ის გვერდებთან დამაკავშირებელ მასალას აზიარებდნენ. მათგან ზოგი უკვე დიდი ხანი, 2014 წლის აპრილიდან მოყოლებული არსებობდა, ზოგი კი, როგორც ჩანს, ერთდროულად, ჯგუფ-ჯგუფად იქმნებოდა.
ჯგუფ-ჯგუფად გახსნილი Facebook-ჯგუფებს შექმნის თარიღისა და ნუმერაციის პრინციპით შეთხზულ ერთი ტიპის სახელებს არქმევდნენ. მოგვიანებით კი მათ მეტად თემატურ სახელებს ურჩევდნენ.
მაგალითად, თელიაშვილმა 2017 წლის 27 მაისს ჯგუფი "27.05.2017 7" შექმნა. იმავე დღეს შეიქმნა რამდენიმე სხვა ჯგუფი, რომლებსაც ანალოგიური პრინციპით დაერქვათ სახელები. 2022 წლის 15 სექტემბერს თელიაშვილმა ჯგუფს სახელი შეუცვალა და მეტად თემატური — თუმცა კი მაინც ზოგადი — სახელი, „რემონტი“ დაარქვა.
ანალოგიური ტენდენცია შეიმჩნევა იმ სხვა ჯგუფების შემთხვევაშიც, რომლებიც იმავე დღეს შეიქმნა. DFRLab-მა 2017 წლის 27 მაისს შექმნილი ექვსი ჯგუფი გამოავლინა, მაგრამ სახელების დარქმევის თელიაშვილისეული მეთოდი იმაზე მიანიშნებს, რომ ქსელში სხვა ისეთი ჯგუფებიც შედის, რომლებიც DFRLab-ს ჯერ კიდევ არ გამოუვლენია.
ამ Facebook-ჯგუფებს კიდევ ერთი საერთო ნიშანი ის ჰქონდათ, რომ მათ ერთი და იგივე ადმინისტრატორები ჰყავდათ. მაგალითად, DFRLab-ის მიერ შესწავლილი 19 ჯგუფიდან შვიდს ადმინების გუნდად ერთი და იგივე 13 ადმინისტრაციული ანგარიშის სხვადასხვა კომბინაცია ჰყავდა. მართალია, სხვადასხვა ჯგუფში ადმინების ზუსტი შემადგენლობა განსხვავდებოდა, თუმცა მათში ერთი და იგივე ადმინისტრატორები შედიოდნენ. ეს ქსელის შემადგენელ ერთეულებს შორის კოორდინირებული მოქმედების კიდევ ერთი მაჩვენებელია.
გარდა ამისა, მრავალ ჯგუფში ზიარდებოდა ერთი და იგივე მასალა, რომელიც ხშირად რელიგიურ გამოსახულებებს შეიცავდა. სავარაუდოდ, ეს ჯგუფების წევრების გაზრდის ადრეული მცდელობა იყო და მიზნად რელიგიური ქართველების ამგვარი პოზიტიური პოსტებით მოზიდვას ისახავდა.
Facebook-ის ანგარიშები
ქსელში ასევე შედიოდა 52 პირადი ანგარიში, რომელთაგან 40 ყალბი ანგარიშის ნიშნებს შეიცავდა. ეს ანგარიშები მართავდნენ ზემოთ გაანალიზებულ ჯგუფებს და ავრცელებდნენ ქსელის ვებსაიტებზე, გვერდებზე და, ასევე, Avia.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალას. მათგან, სულ მცირე, 13 ანგარიში სხვა მომხმარებლებისგან ან, ზოგადად, ინტერნეტიდან მოპარულ სურათებს იყენებდა, რაც სიყალბის ერთ-ერთი ინდიკატორია.
ქსელის ხუთი ანგარიში პროფილის სურათად პასპორტის/პირადობის მოწმობის ფოტოს იყენებდა. 11 ანგარიშის მომხმარებლის სახელში კი გამეორებული იყო სიტყვა, "Avia". გარდა ამისა, ამ სიაში მოხვედრილი ანგარიშების URL და პროფილის სახელები ერთმანეთისგან აცდენილი იყო, რაც სიყალბის კიდევ ერთი ნიშანია.
სამი ანგარიში პროფილის ფოტოდ, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ სურათებს იყენებდა. DFRLab-მა ეს დასკვნა იმის საფუძველზე გამოიტანა, რომ სურათებში შეინიშნება არაბუნებრივი შტრიხები — როგორიცაა უჩვეულო კბილები, თმა თუ კანი — და, ასევე, თვალების ერთნაირი განლაგება.
ვებსაიტები
ქსელი Facebook-ის პლატფორმის მიღმა არსებულ რამდენიმე ვებსაიტსაც იყენებდა. ამ ვებსაიტებზე Avia.ge-ის რეკლამები იყო განთავსებული და მომხმარებლებს სამედიცინო სატყუარა ინფორმაციით იზიდავდა. მათზე იტვირთებოდა მკურნალობის ყალბი და გამოუცდელი მეთოდები. სტატიებს ჰქონდა სენსაციური სათაურები და იმ მომხმარებლების მოსაზიდად იყო გამიზნული, რომლებსაც ხალხურ მედიცინასთან დაკავშირებული რეცეპტები აინტერესებთ.
მაგალითად, ქსელის სამ ვებსაიტზე — Folktips.org, Mysesxi.ge, and Vap.ge — გამოქვეყნებული იყო სტატია იდენტური სათაურით, „უდიდესი აღმოჩენა! ნაპოვნია დიაბეტის ბუნებრივი წამალი! ახლა თქვენ აღარ გჭირდებათ ინსულინის ყოველდღე მიღება“.
ამ ვებსაიტებზე სტატიების ტექსტები, დიდი ალბათობით, მანქანური თარგმანითაა შესრულებული, რადგან მათში ქართულ გრამატიკასთან და სინტაქსთან შეუთავსებელი, თვალშისაცემი შეცდომებია დაშვებული. სტატიის მთავარ ფოტოდ გამოყენებული სურათის ინტერნეტში დაძებნით, DFRLab-მა აღმოაჩინა მსგავსი სტატიები, რომლებიც რუსულ ენაზეა დაწერილი. სტატიის რუსულენოვანი ვერსიის Google Translate-ში გადატანის მერე ქსელის ვებსაიტებზე გამოქვეყნებული ქართულენოვანი ვერსიის იდენტური თარგმანი მივიღეთ.
ეს სამი ვებსაიტი იმ მსგავსი საიტებისგან შემდგარი ქსელის ნაწილია, რომლებიც, როგორც ჩანს, მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ მომხმარებლები Avia.ge-ის ვებსაიტებზე მიეზიდა. იდენტური კონტენტის გარდა, სულ მცირე სამი ვებსაიტის გვერდებზე გხვდებოდა Avia.ge-ის ბანერის ტიპის რეკლამები, თუმცა მათი Image-ფაილები ქსელის სხვა ვებსაიტების სერვერებზე იყო ატვირთული. მაგალითად, folktips.org-ზე გამოსახული Avia.ge-ის ბანერის ტიპის რეკლამა ატვირთული იყო vap.ge-ზე, ხოლო Wamlebi.info-ზე გამოსახული ბანერი — Vau.ge-ზე.
კოორდინირებული და ცენტრალიზებული მართვის კიდევ ერთი ინდიკატორი ის იყო, რომ საიტი, რომელზეც მომხმარებლები რეკლამაზე დაწკაპუნების მერე გადადიოდნენ, რამდენიმე გამოსახულებისთვის იყენებდა ერთსა და იმავე, სპეციალურად შექმნილ მოკლე URL-ს: tiny.cc/aviahard.
გარდა ამისა, სულ მცირე 71 ასოცირებული ვებსაიტი იყენებდა Google Analytics-ის ერთსა და იმავე კოდს, რაც ასევე საიტებს შორის შესაძლო კოორდინაციასა და ცენტრალიზებულ მართვაზე მიუთითებს. ამ შემთხვევაში, Google Analytics-ის ერთ კოდს (UA-62572792) იყენებდა 71-ვე ვებსაიტი, მათ შორის folktips.org, mysesxi.ge, vap.ge და თავად avia.ge. ამ საიტების რიცხვში იყო ასევე Adsocial.ge, ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედიის მართვის კომპანია, რომლის ციფრული მარკეტინგის მენეჯერად ("Digital Manager") შოთა თელიაშვილია მოხსენიებული.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ვებსაიტი, რომელიც ამ კოდს იყენებს, ერთმნიშვნელოვნად არაა დაკავშირებული Avia.ge-ის ქსელთან, რადგან ზოგი მათგანი, შესაძლოა, თელიაშვილის ციფრული მარკეტინგის კომპანიის კეთილსინდისიერი კლიენტი იყოს.
ამ საიტებს შორის კავშირის არსებობის ბოლო ინდიკატორი იმ მომხმარებელთა ანგარიშებს ეხება, რომლებიც ვებსაიტების სისტემებში ინფორმაციის გასაახლებლად შედიოდნენ. რადგან საიტები ვებსაიტებისა და ბლოგების კონტენტის სამართავ პლატფორმას, WordPress-ს იყენებს, იმ მომხმარებელთა ანგარიშების იდენტიფიცირებაა შესაძლებელი, რომლებიც საიტების სისტემაში შედიან და მასალას ტვირთავენ. ქსელის იმ საიტების WPScan ანალიზით, რომლებიც WordPress-ს იყენებენ, გამოაშკარავდა, რომ საიტების სისტემებში მრავალი ერთი და იგივე მომხმარებელი შედიოდა. ამ მომხმარებლებს შორის იყო იმ პირთა სახელები და გვარებიც, რომლებიც თელიაშვილთან პირადი თუ პროფესიული კავშირი აქვთ — მათ შორისაა პირი, რომელიც მისი შეყვარებული უნდა იყოს.
ქსელში ასევე შედიოდა ვებსაიტი Wamlebi.info. მასზე განთავსებულ „ჩვენ შესახებ“ სექციაში წერია, რომ ის არის „ყველაზე დიდი ბაზა საქართველოში მედიკამენტების შესახებ“ და ამტკიცებს, რომ ყიდის გელებსა და დიეტურ დანამატებს, რომლებსაც, DFRLab-ის კვლევით, რუსული ჰერბალური კომპანია, Handel’s Garden, აწარმოებს. Wamlebi.info-ს ვებსაიტზე განთავსებული მრავალი პროდუქტი ჯანდაცვის სანდო ორგანიზაციების მიერაა დამტკიცებული ან აფთიაქებსა და მაღაზიებში იყიდება. ვებსაიტი მომხმარებელს სახელსა და ტელეფონის ნომერს სთხოვს და ამცნობს, რომ მათ დეტალური ინფორმაციისთვის კომპანიის წარმომადგენელი დაუკავშირდებათ. თითოეულ პროდუქტს მომხმარებლების შეფასებების სექცია ერთვის. DFRLab-მა აღმოაჩინა, რომ კომენტარები ყალბია, რადგან მომხმარებელთა ფოტოები ინტერნეტში სხვადასხვა წყაროდანაა წამოღებული. ამას გარდა, კომენტარებში მანქანური თარგმანი უნდა იყოს გამოყენებული, რადგან ისინი გაუმართავი ქართულითაა დაწერილი.
DFRLab-ის კვლევის შედეგების შეჯამების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული ქსელი სხვადასხვა ვებსაიტს, მომხმარებლის ანგარიშს, გვერდსა და ჯგუფს შორის კოორდინირებისა და გაყალბების ნიშნებს ავლენს. ქსელი იმ ტაქტიკებს იყენებდა, რომლებიც DFRLab-ს აქამდეც გამოუვლენია და აღუნუსხავს. ამ ტაქტიკებს შორისაა ყალბი ანგარიშებისა და გვერდების გამოყენება და მასალის მანქანური თარგმანი. ქსელი ფინანსური სარგებლის მისაღებად საზიანო მასალას ავრცელებდა და კომპანიის შემოსავლის გასაზრდელ მარკეტინგულ სტრატეგიად დეზინფორმაციას იყენებდა. ქსელის სამიზნე იყო ქართული აუდიტორია და ავრცელებდა პოტენციურად საზიანო, დაუსაბუთებელ სამედიცინო რჩევებს — მათ შორის ყალბ სამკურნალო საშუალებებზე — რომელთა მიყოლაც ადამიანებისთვის რისკის შემცველი შეიძლება იყოს.
-
გადახედვამედია-ომბუდსმენი: რიგ შემთხვევებში მაუწყებელს ვალდებულებაც კი წარმოექმნება, არ განათავსოს პოლიტიკური რეკლამა. მედია-ომბუდსმენი: რიგ შემთხვევებში მაუწყებელს ვალდებულებაც კი წარმოექმნება, არ განათავსოს პოლიტიკური რეკლამა.
- ფიშერი: EU-ს წევრობა საუკეთესო იქნებოდა საქართველოს ეკონომიკისთვის ფიშერი: EU-ს წევრობა საუკეთესო იქნებოდა საქართველოს ეკონომიკისთვის
-
გადახედვააშშ-მა ისრაელს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების გასაზრდელად 30-დღიანი ვადა წაუყენა აშშ-მა ისრაელს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების გასაზრდელად 30-დღიანი ვადა წაუყენა
-
გადახედვათბილისში ავარიის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაიღუპა თბილისში ავარიის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაიღუპა
-
გადახედვაკახა ბექაური: ნათია მეზვრიშვილი ყალბი ინფორმაციის გავრცელებას ცდილობს კახა ბექაური: ნათია მეზვრიშვილი ყალბი ინფორმაციის გავრცელებას ცდილობს
-
გადახედვამეთიუ მილერი: ჩვენ გვსურს, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვიხილოთ მეთიუ მილერი: ჩვენ გვსურს, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ვიხილოთ
-
გადახედვაPOLITICO: დიდი ბრიტანეთი ისრაელის მინისტრებისათვის სანქციების დაწესებას გეგმავს POLITICO: დიდი ბრიტანეთი ისრაელის მინისტრებისათვის სანქციების დაწესებას გეგმავს
-
გადახედვაWizz Air ისრაელის მიმართულებით 2025 წლის იანვრამდე აღარ იფრენს Wizz Air ისრაელის მიმართულებით 2025 წლის იანვრამდე აღარ იფრენს
-
გადახედვაირაკლი ღარიბაშვილი: გახარიამ სტაჟიანი აგენტის, სალომე ზურაბიშვილის ომის ქარტიაზე ხელმოწერით დაადასტურა მზაობა, შევიდეს ამ სისხლიანი აგენტურის კოალიციაში ირაკლი ღარიბაშვილი: გახარიამ სტაჟიანი აგენტის, სალომე ზურაბიშვილის ომის ქარტიაზე ხელმოწერით დაადასტურა მზაობა, შევიდეს ამ სისხლიანი აგენტურის კოალიციაში
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილი: ჩვენ არ დავუშვით, არავის ვაპატიეთ ქვეყანაში კორუფციის, ნეპოტიზმისა და პიროვნული სარგებელის მიღების იოტისოდენა ფაქტები ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ არ დავუშვით, არავის ვაპატიეთ ქვეყანაში კორუფციის, ნეპოტიზმისა და პიროვნული სარგებელის მიღების იოტისოდენა ფაქტები
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილი: ჩვენი გუნდის პროგრამა იმდენად შთამბეჭდავია, რომ მტერს თვალებს უბრმავებს ბიძინა ივანიშვილი: ჩვენი გუნდის პროგრამა იმდენად შთამბეჭდავია, რომ მტერს თვალებს უბრმავებს
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილი: ეკონომიკური ზრდის ტემპით არათუ რეგიონში, ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზე ვართ შალვა პაპუაშვილი: ეკონომიკური ზრდის ტემპით არათუ რეგიონში, ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზე ვართ
-
გადახედვა"სარბიელმა" წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი და ნაკრების დებიუტანტი დაასახელა "სარბიელმა" წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი და ნაკრების დებიუტანტი დაასახელა
-
გადახედვაჩინეთის არმიამ თაივანის ირგვლივ სამხედრო წვრთნები ჩაატარა — ვითარება დაძაბულია ჩინეთის არმიამ თაივანის ირგვლივ სამხედრო წვრთნები ჩაატარა — ვითარება დაძაბულია
-
გადახედვადემი მურმა ბრიუს უილისის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა დემი მურმა ბრიუს უილისის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა
-
გადახედვარატომ არის მატილდა გვარლიანის გამოსვლა VS-ზე ამდენად მნიშვნელოვანი? რატომ არის მატილდა გვარლიანის გამოსვლა VS-ზე ამდენად მნიშვნელოვანი?
-
გადახედვაპრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ადასტურებს, რომ ნიკა გილაური პრემიერობის კანდიდატი იქნება პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ ადასტურებს, რომ ნიკა გილაური პრემიერობის კანდიდატი იქნება
-
გადახედვაგაიცანით Robovan: Tesla-მ ფუტურისტული დიზაინის სამგზავრო ფურგონი წარადგინა გაიცანით Robovan: Tesla-მ ფუტურისტული დიზაინის სამგზავრო ფურგონი წარადგინა
-
გადახედვანახეთ: როგორია მარსის პოლარული ყინულის ქვეშ არსებული "ფარული რელიეფი" ნახეთ: როგორია მარსის პოლარული ყინულის ქვეშ არსებული "ფარული რელიეფი"
-
გადახედვამამუკა მდინარაძის თქმით, ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ "ოცნების" ბანერის დაზიანებით დანაშაული ჩაიდინეს მამუკა მდინარაძის თქმით, ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ "ოცნების" ბანერის დაზიანებით დანაშაული ჩაიდინეს
-
გადახედვაყაზბეგის და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე ავარია მოხდა — არიან დაშავებულები ყაზბეგის და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე ავარია მოხდა — არიან დაშავებულები
კომენტარები