დააფიქსირეს კვერცხისმდებელი ძუძუმწოვარი, რომელიც ბოლოს 60 წლის წინ შენიშნეს
მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ ატენბოროს გრძელნისკარტა ძუძუმწოვარი გადაშენდა. უკვე 60 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც ეს არსება ბოლოს დააფიქსირეს. და აი ახლა, უცნაური ძუძუმწოვარი ინდონეზიაში ისევ გამოჩნდა.
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა სიხარული ვეღარ დამალა, როდესაც ეს პატარა ბეწვიანი ძუძუმწოვარი დაინახეს. მათ ის შავ-თეთრ კადრებში სირთულით, მაგრამ მაინც გაარჩიეს.
"აღმოჩენა 3,5-წლიანი დიდი შრომის შედეგია", — განმარტა ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიოლოგმა ჯეიმს კემპტონმა.
ჯეიმსის გუნდმა გადაიტანა მიწისძვრა, მალარია, წურბელები და აი შედეგად, 80 კამერიდან მხოლოდ ერთმა დააფიქსირა ციცქნა არსება. უშვიათესი იქედნე ექსპედიციის ბოლო დღეს გამოჩნდა.
ამ მომენტისთვის დედამიწაზე სულ რამდენიმე კვერცხისმდებელი ძუძუმწოვარია შემორჩენილი. ეს არის იხვნისკარტას ერთი და იქედნისებრთა სამი სახეობა. ეს არსებები იმ გადაშენებას გადაურჩნენ, რომელმაც არამფრენი დინოზავრები გაანადგურა. თუმცა, ამ უძველესი ძუძუმწოვრების რაოდენობა სულ უფრო მცირდება.
Zaglossus attenboroughi ასევე გადაშენების საფრთხის წინაშეა. სახეობას სახელი ბრიტანელი ბილოგისა და ტელეწამყვანის, სერ დევიდ ატენბოროს პატივსაცემად უწოდეს.
"ამ სახეობას ზღარბის ეკლები, ჭიანჭველაჭამიას დინგი და თხუნელას ფეხები აქვს. ეს ფაქტიურად ჰიბრიდული არსებაა. ის სხვა ძუძუმწოვრებს არ ჰგავს, რადგან ევოლუციის შესაბამის ტოტს 200 მილიონი წლის წინ გამოეყო", — თქვა კეპტონმა.
ბევრს მიაჩნდა, რომ სახეობა გადაშენდა, მაგრამ აი 60 წლის შემდეგ, პირველად გვაქვს მტკიცებულება, რომ არსება ჯერ არ გადაშენებულა. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ ვიცით თუ რამდენი ინდივიდი შემორჩა.
ამ ცხოველებისთვის მიგნება ნაწილობრივ რთული იმიტომაცაა, რომ ისინი ძირითადად მარტო ცხოვრობენ.
მკვლევრების თქმით, თავად სერ დევიდ ატენბორო აღფრთოვანებულია.
კომენტარები