რეკორდულმა კოსმოსურმა აფეთქებამ დედამიწის ატმოსფერო "შეაზანზარა"
2022 წლის 9 ოქტომბერს მეცნიერებმა უმძლავრესი კოსმოსური აფეთქება დააფიქსირეს, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 2.4 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული, ახლად წარმოქმნილი შავი ხვრელიდან მომავალ გამა გამოსხივებას უკავშირდება. მას GRB 221009A უწოდეს.
ახალი კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ 18 ტერაელექტრონვოლტი ენერგიის მქონე ამ მოვლენამ, რომელიც რეკორდულად კაშკაშა იყო, დედამიწის იონოსფეროში ელექტრული ველის შესამჩნევი ცვალებადობა გამოიწვია.
"სატელიტური მონაცემებისა და საგანგებოდ შექმნილი ანალიტიკური მოდელის მეშვეობით დავამტკიცეთ, რომ GRB 221009A-მ დედამიწის იონოსფეროს გამტარობაზე საგრძნობლად იმოქმედა. ამან ცვლილებები განაპირობა არა მხოლოდ მის ქვედა რეგიონში, არამედ შრის ზედა ნაწილში, დაახლოებით 500 კილომეტრ სიმაღლეზე", — აცხადებენ ავტორები.
გამა გამოსხივება მთელს ელექტრომაგნიტურ სპექტრში უმძლავრესია, მეორე ადგილს კი რენტგენული რადიაცია იკავებს. სინათლის ასეთ ნაწილაკებს ჩვეულებრივ ხილულ ფოტონებზე მილიარდჯერ ან ტრილიონჯერ მეტი ენერგია აქვს და ისინი ისეთი მოვლენებისას წარმოიქმნება, როგორიცაა ზეახალი ვარსკვლავების აფეთქება ან უფრო მცირემასშტაბიანი ამოფრქვევები მზეზე. ასეთი ნაკადები ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს მიერ შთაინთქმება, მაგრამ ზოგჯერ მის ზედა ფენებთან ურთიერთქმედებს და გარკვეულ ცვლილებებს იწვევს.
როგორც წესი, ეს იონოსფეროში ხდება, რომელიც 50-1000 კილომეტრ სიმაღლეზეა. იქ მზის ულტრაიისფერი და რენტგენული რადიაციის მიერ ატმოსფერული ატომებსა და მოლეკულების იონიზაცია მიმდინარეობს, ენერგიული მოვლენები კი ძალიან დაბალი სიხშირის რადიოტალღებზე აისახება. სწორედ მათზე დაკვირვებით გამოავლინეს მეცნიერებმა GRB 221009A-ს თანმდევი ცვლილებები.
ატმოსფეროზე მისი გავლენა მზის ამოფრქვევების მსგავსი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს 22.7 სექსტილიონ კილომეტრ დისტანციაზე მოხდა. ამგვარი ეფექტი მიანიშნებს, რამდენად მძლავრ გამა-აფეთქებასთან გვაქვს საქმე. ის მხოლოდ დაახლოებით 7 წუთს გაგრძელდა, თუმცა იონოსფეროში ცვლილებებმა 10 საათს გასტანა.
ახალი მიგნება დედამიწის ატმოსფეროზე შორეული კოსმოსური აფეთქებების გავლენის უკეთ შესწავლასა და პროგნოზირებაში დაგვეხმარება. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები