ჩვენი გალაქტიკის ცენტრი "პულსირებს" — სიგნალები შავი ხვრელიდან მოდის
სხვა გალაქტიკების ცენტრალურ ზემასიურ შავ ხვრელებთან შედარებით, ირმის ნახტომის ბირთვში არსებული მშვილდოსანი A* აქტიურობით არ გამოირჩევა. ამის მიუხედავად, ის უმოქმედოდ სულაც არაა და საინტერესო მახასიათებლებიც აქვს, მაგალითად, ერთგვარად პულსირებს.
მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, ეს ყოველ 76 წუთში ერთხელ ხდება, რა დროსაც ამ შავი ხვრელის გამა გამოსხივება "მერყეობს". სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მსგავსი პროცესი რადიო და რენტგენული ტალღების პერიოდულ ცვალებადობას ემთხვევა, რაც მიანიშნებს, რომ მშვილდოსან A*-ს გარშემო რაღაც ძალიან სწრაფად მოძრაობს.
რა თქმა უნდა, თავად შავი ხვრელიდან სინათლე თავს ვერ აღწევს, მაგრამ მის ე.წ. მოვლენათა ჰორიზონტს აქეთ არსებული მატერიისგან რადიაცია გამოიყოფა, რომელსაც სხვადასხვა ტალღური სიგრძე და ინტენსივობა აქვს. 2022 წლის კვლევის თანახმად, რადიოტალღები დაახლოებით 70 წუთში ერთხელ იცვლება, ხოლო 2017 წლის ნაშრომის მიხედვით, რენტგენული სხივების შემთხვევაში 149-წუთიანი პერიოდულობა გვხვდება. ეს რადიო და გამა გამოსხივების მაჩვენებელს დაახლოებით ორჯერ აღემატება.
ირმის ნახტომის ცენტრალური ზემასიური შავი ხვრელის გამა გამოსხივების საბოლოო დასტური მხოლოდ 2021 წელს მივიღეთ, ამიტომ მეცნიერებმა იფიქრეს, რომ მასზე დაკვირვებით რაიმე საინტერესოს აღმოაჩენდნენ. მათ საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემები გააანალიზეს, რომელიც ფერმის კოსმოსურმა ტელესკოპმა მოიპოვა, შედეგად კი გამა გამოსხივების 76.32-წუთიანი ცვალებადობა გამოავლინეს.
ავტორთა აზრით, სხვა ტალღური სიგრძეების "რყევასთან" გარკვეული შესაბამისობა შემთხვევითი არ უნდა იყოს, არამედ ეს ყველაფერი მთლიანობაში ორბიტულ მოძრაობას უკავშირდება. 2022 წლის კვლევამ ცხადყო, რომ მშვილდოსან A*-ს გარშემო ცხელი აირის ნაკადი გადაადგილდება, რომელსაც ერთიანობას მძლავრი მაგნიტური ველი უნარჩუნებს და ნაწილაკთა ერთდროულ აჩქარებას განაპირობებს, რა პროცესშიც რადიაცია გამოიყოფა.
ცხელი აირის ეს ღრუბელი შავი ხვრელიდან იმ მანძილითაა დაშორებული, რაც მერკურისა და მზეს შორისაა. ამის მიუხედავად, მისი ხანმოკლე ორბიტული პერიოდი მიუთითებს, ის ძალიან სწრაფად მოძრაობს, სინათლის სიჩქარის 30%-ით.
ასევე, მონაცემების მიხედვით, ზემოხსენებული ნაკადი სხვადასხვა ტალღურ სიგრძეს ასხივებს. თეორიულად, გადაადგილებისას მას ენერგიული "ანთებები" ახასიათებს, ხოლო გაგრილებისას უფრო აქტიურად რადიოტალღებს გამოყოფს. ამ ჰიპოთეზასთან გამა გამოსხივების მოდელიც თანხვედრაშია.
ახალი ნაშრომი arXiv-ზეა ხელმისაწვდომი.
კომენტარები