რა გვასწავლა შოვმა — რას აკეთებს საქართველო კლიმატის ცვლილების ზეგავლენასთან ადაპტაციისთვის
სამწუხაროდ, საშიშროებისა თუ საჭიროებების დასანახად ადამიანებს კონკრეტული, შემზარავი მაგალითები გვჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ევოლუციურად ჩვენს ფსიქიკას ხანდახან საფრთხის გადამეტებული აღქმაც კი სჩვევია, ეს, სახელმწიფო დონეზე, ხშირად არ ვრცელდება და არც სიფრთხილედ ითარგმნება.
საჭირო ცვლილებების მიზეზად ხანდახან დიდი ტრაგედიებიც არ კმარა; თუმცა შესაძლოა, შოვის შემთხვევა ასეთი კატასტროფების რიცხვში არ შედიოდეს და მიდგომების შეცვლა მართლაც მოახერხოს. ამას სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებაც უწყობს ხელს, რომელიც ქვეყანას კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავებასა და მის ზეგავლენასთან ადაპტირების კუთხით აქვს.
სტატიიდან გაიგებთ რა გვასწავლა შოვმა, როგორ აისახება კლიმატის ცვლილება ჩვენს ქვეყანაზე და რას აკეთებს საქართველო კატასტროფების რისკის/ზიანის შემცირების კუთხით.
რა გვასწავლა შოვმა?
2024 წლის თებერვალში გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შოვის მოვლენებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ეს კონკრეტული კატასტროფა კლიმატის ცვლილებით (დათბობა, ატმოსფერული ნალექების რეჟიმის ცვლილებები და სხვა) გამოწვეული ნეგატიური ზემოქმედების შედეგია.
"მსოფლიოში და შესაბამისად საქართველოში, კლიმატის გლობალური ცვლილების საერთო ფონზე, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად მოიმატა ჰიდრომეტეროლოგიური და გეოლოგიური მოვლენების აქტივიზაციის ხარისხმა, რამაც, თავის მხრივ, განაპირობა ისეთი სტიქიური ბუნებრივი პროცესების მასშტაბების ზრდა, როგორებიცაა: ნალექების ინტენსივობის ზრდა, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, მყინვარების აქტიური დნობა (გლაციალური მოვლენები), თოვლის ზვავები, მეწყრები, ღვარცოფები, კლდეზვავები (განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, რომლებსაც უკავშირდება მთათა დაშლის პროცესები) და სხვა".
დასკვნაში წერია, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს შოვში გლაციალური ღვარცოფის განვითარება ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური ფაქტორების თანხვედრის შედეგია. უფრო კონკრეტულად, ეს მყინვარისა და ნარჩენი თოვლის საფარის ინტენსიურ დნობას, წვიმის სახით მოსულ ჭარბ ატმოსფერულ ნალექებს, ატმოსფერული ჰაერის მაღალ ტემპერატურას, ხეობის სათავეებში კლდეზვავის მოწყვეტას, გრუნტის წყლების გამოდინებასა და მეწყრულეროზიულ პროცესებს უკავშირდება.
"კლიმატის ცვლილებით გამოწვეული გლაციალური და გეოდინამიკური კასკადური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის გამო, კავკასიონის სამხრეთი ფერდის ზონაში არსებულ ტერიტორიებზე ნარჩუნდება სხვადასხვა მასშტაბის ბუნებრივი საფრთხეები. შესაბამისად, არსებული საშიშროების ხარისხის შეფასების მიზნით საჭიროა გაგრძელდეს კომპლექსური კვლევები", — ნათქვამია დოკუმენტში.
ასევე იხილეთ: მსოფლიო ყინულს კარგავს, კავკასიონი გამონაკლისი არ არის — ინტერვიუ ლევან ტიელიძესთან
კლიმატის ცვლილების გავლენით კავკასიონის მყინვარების დნობაზე საუბრობდა გლაციოლოგი ლევან ტიელიძეც. Climate Central-ის მიხედვით კი, არსებობს გასათვალისწინებელი ალბათობა იმისა, რომ სტიქიამდე ერთი დღით ადრე, ონის მუნიციპალიტეტში, სადაც შოვი მდებარეობს, ამინდის გაუარესება კლიმატის ცვლილების ეფექტებს უკავშირდებოდა. შეგახსენებთ, რომ სტიქიამდე შოვში უხვი ნალექი მოვიდა. (ამ პლატფორმის გამოყენება ყველას შეუძლია, კონკრეტულ ტერიტორიაზე კონკრეტულ დროს კლიმატის ცვლილების შესაძლო გავლენის დასანახად).
გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნაში ნათქვამია, რომ "შოვის სტიქიის მსგავსი გენეზისის და იმ ჯაჭვური (კასკადური) მოვლენების თანხვედრის შემთხვევაში, მსგავსი კატასტროფის პროგნოზირება სირთულეს წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის (შესაბამისად საქართველოსთვის) და პრაქტიკულად შეუძლებელია". თუმცა, ცალსახაა, რომ კატასტროფის რისკის შეფასებისა და პრევენციის კუთხით ქვეყანა გამოწვევის წინაშეა.
შოვის შემთხვევაში რეკომენდაციები ასეთია: მდ. ბუბისწყლის ხეობაში სტიქიის გავრცელების არეალში (26 ჰა) დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება. მდ. ბუბისწყლის ხეობაში და კურორტ შოვის სტიქიის გავრცელების არეალისათვის უნდა შემუშავდეს გადაადგილების წესები და მოეწყოს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები.
რა გვასწავლა კვლევებმა
"ზოგადად, მიდგომა ორნაირია — წინასწარი მუშაობა და კვლევების საფუძველზე იმის დანახვა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს კატასტროფის რისკის შესამცირებლად და მეორე: როცა უკვე მოხდება კატასტროფა, შემდგომი რეაგირება, ანუ კუდში დევნა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ამ მდგომარეობაში ვართ — კუდში მივსდევთ ამ პროცესს", — ამბობს გეოგრაფი კახა ბახტაძე.
წლიდან წლამდე უპრეცედენტოდ დამთბარი ზაფხულის შემჩნევა რთული აღარავისთვის აღარაა. იმატებს ექტრემალური ამინდით გამოწვეული კატასტროფების რიცხვიც. კვლევის თანახმად, თუ კლიმატთან დაკავშირებით ქვეყნების ამჟამინდელი პასიური პოლიტიკა გაგრძელდება, 2100 წლისთვის, დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 2.7 ცელსიუს გრადუსით მოიმატებს პრეინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით. ეს კი 2 მილიარდზე მეტ ადამიანს (პროგნოზების თანახმად, 2100 წლის მსოფლიო მოსახლეობის 22%-ს), კლიმატის ცვლილების ლეტალური გამოვლინებების წინაშე დაუცველად დატოვებს.
2021 წელს, კლიმატის ცვლილების ზეგავლენასთან დაკავშირებული 100 000-ზე მეტი კვლევის გაანალიზებით დადგინდა, რომ ეს პროცესი პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების 85%-ზე ახდენს უარყოფით გავლენას. გამონაკლისი არც საქართველოს მოსახლეობაა. თუმცა, ადაპტაციის კუთხით სხვა ქვეყნების გამოცდილების გადმოტანა ჩვენთან საკმაოდ რთულია. ეს საქართველოს ლანდშაფტის მრავალფეროვნებითაა გამოწვეული. ეს მრავალფეროვნება კი გარემოში მიმდინარე პროცესების მრავალმხრივობასაც ნიშნავს. მიუხედავად ამისა, ადაპტაციის ნაწილში სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება მაინც მნიშვნელოვანია.
"ამ პატარა ქვეყანაში ერთ ნაბიჯს გადადგამ და უკვე სხვა გეოგრაფიულ და კლიმატურ მოცემულობაში ხარ. ეს კიდევ უფრო ართულებს ჩვენ შემთხვევაში ამ პრობლემას, რადგან უამრავი ადგილობრივი კვლევა და ანალიზი გვჭირდება იმისათვის, რომ დავგეგმოთ ეს ადაპტაცია და კატასტროფების რისკების შემცირების ღონისძიებები. ამ მხრივ ადამიანური რესურსი, მე ვიტყოდი, რომ არსებობს საქართველოში და ალბათ, ამ ადამიანური რესურსის ეფექტიანად გამოყენება არის მნიშვნელოვანი", — გვიყვება ლაშა ნაკაშიძე, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში. ფონდი საქართველოში კლიმატის ცვლილების კანონზე მუშაობაში მონაწილეობს.
კახა ბახტაძე კი ამბობს, რომ იმ მასშტაბის კვლევით სამუშაოებს, რაც საქართველოს მასშტაბით ამ აქტუალური პრობლემის შესასწავალადაა საჭირო, მხოლოდ სახელმწიფო ან რომელიმე ორგანიზაცია ვერ გაწვდება. საჭიროა კომპლექსური თანამშრომლობა უნივერსიტეტებს, სახელმწიფო და კვლევით ორგანიზაციებს შორის. ამ მხარეებმა ერთმანეთთან უნდა ითანამშრომლონ და ამოცანები ერთად დასახონ, შემდგომში კი ერთობლივად იმოქმედონ ამოცანების მისაღწევად. თუმცა, მისივე თქმით, საქართველოში ეს ბოლომდე კარგად არ მუშაობს.
"ერთ-ერთი სისტემა, რომელიც მეტნაკლებად აეწყო, არის სეისმური მონიტორინგის სისტემა, რომელიც ილიას უნივერსიტეტში მდებარეობს, ბევრი საერთაშორისო რესურსით, მაგრამ გამართულია და უნივერსიტეტშია. უნივერსიტეტის საქმიანობა სწორედ კვლევაა, ახალი ინოვაციური მიდგომების მოძიება და შემდეგ ამ მიდგომების გამოყენება პროცესში. ამით რამდენიმე სარგებელს ვიღებთ — ეს პროცესი ცოცხალია, ახალგაზრდა კადრები იზრდებიან, რომლებიც ახალ მეთოდოლოგიებს სწავლობენ, ეს ინფორმაცია ერთ ადგილას კი არ გროვდება, არამედ მისი დამუშავება და გავრცელება ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზე და იქიდანაც უკუკავშირი გვაქვს. ჩვენ თუ ამ პროცესების მართვა გვინდა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი რესურსებით, ან იგივე ადამიანური რესურსებით ძალიან ძნელია. როცა კვლევებზე ვლაპარაკობთ მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული ვართ საერთაშორისო თანამშრომლობაზე", — ამბობს კახა ბახტაძე.
ეუთოს, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს გარემოსდაცვითი ორგანიზაციის მიერ დაარსებული ინიციატივის — ENVSEC-ის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში ასახულია ის საფრთხეები, რომლის წინაშეც კლიმატის ცვლილების გავლენით საქართველო და ზოგადად, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები ვართ.
ქვემოთ მოცემულ ვიზუალიზაციაზე, რომელიც დოკუმენტს ერთვის, ვხედავთ, რომ 2030 წლისთვის აჭარა და შავი ზღვის სანაპირო ეკონომიკური, საარსებო და კვებითი დაუცველობის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს; წყალდიდობების მაღალი რისკისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო აქ ადამიანის ჯანმრთელობასაც შეიძლება შეექმნას საფრთხე. ჩრდილო დასავლეთ საქართველო კი ნიადაგის დეგრადაციის, ბიომრავალფეროვნების შემცირებისა და ეკონომიკური დაუცველობის საფრთხის წინაშეა. აქ კულტურულ თუ ბუნებრივ მემკვიდრეობასაც ემუქრება დაზიანება, ამინდის ექსტრემალური მოვლენების — უხვი ნალექის, წყალდიდობების გამო. რისკის ქვეშაა ადამიანების ჯანმრთელობაც. მცხეთა-მთიანეთის რეგიონი კი ენერგეტიკული დაუცველობის მიმართ შეიძლება იყოს მოწყვლადი, ისევე როგორც შეიძლება კლიმატის ცვლილების გავლენით ინფრასტრუქტურული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდეს. დოკუმენტის მიხედვით, ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეც საფრთხის წინაშეა თბილისშიც. ქალაქში სოციალური, ეკონომიკური და საარსებო დაუცველობაა მოსალოდნელი. აქ თბური ტალღებისა და ექსტრემალური მოვლენების გამო ადამიანური დანაკარგების რისკიც მაღალია. რუკაზე აღნიშნულია კახეთის რეგიონიც, სადაც საფრთხეებად კვებითი დაუცველობა, წყლის რესურსების შემცირება და ნიადაგის დეგრადაციაა მონიშნული. ანგარიშის თანახმად, კლიმატის ცვლილების გავლენით დასავლეთ საქართველო ჭარბი ნალექისა და წყალდიდობების რისკის წინაშეა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველო თბური ტალღებისა და გვალვების.
ანგარიშში მოცემული ვიზუალიზაციის თანახმად, თითოეული ჩამოთვლილი ადგილი 2030 წლისთვის, კლიმატის ცვლილების გავლენით, მაღალი რისკის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.
ზემოთ მოცემული ვიზუალიზაცია ზოგად მონაცემებს ეყრდნობა, რომელიც სხვადახვა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ ექსპერტთა ჯგუფების მიერაა მოპოვებული. თუმცა საფრთხეების შესაფასებლად გაცილებით დეტალური და საფუძვლიანი კვლევაა საჭირო.
ასევე იხილეთ: გაუდაბნოება საქართველოში — როცა სასოფლო-სამეურნეო მიწების 35% დეგრადირებულია
ამ მხრივ ნაბიჯები ნელ-ნელა იდგმება. ლაშა ნაკაშიძის ინფორმაციით კი საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამა, კლიმატის მწვანე ფონდის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მდინარეების აუზში ბუნებრივი საფრთხეების შესწავლა უნდა მოხდეს.
"ეს მოიცავს საქართველოს მასშტაბით 11 მდინარის აუზში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების შესწავლას, შესაბამისად, ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტების გამოკვლევას. ეს არის პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ ადაპტაციისა და კატასტროფების რისკების მართვის კუთხით გეგმები შევიმუშავოთ", — ამბობს ლაშა ნაკაშიძე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში გარკვეული სახის მონიტორინგის სისტემა არსებობს. თუმცა ძირითადი პრობლემა ამ სისტემის მიერ მოპოვებული მონაცემების დამუშავებას უკავშირდება. კახა ბახტაძის თქმით, საქართველოს ყველა რეგიონში დგას მონიტორინგის სადგური. ამ პუნქტების მიერ მოპოვებული ინფორმაცია ცენტრალურ ოფისში ავტომატურად იგზავნება. გარდა ამისა, გვაქვს ორი რადარი, რომლის გავლითაც ატმოსფეროში მიმდინარე პროცესების ცოცხალი დაკვირვება ხდება. თუმცა საჭიროა მონაცემების დამუშავებისთვის კონკრეტული, საქართველოზე მორგებული მეთოდოლოგიის შემუშავება იმისათვის, რომ უკვე არსებული ტექნოლოგია ადრეული გაფრთხილების სისტემის მუშაობაში გამოიხატოს.
"მონაცემების ნაწილზე მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ გასაკეთებელი არის ის, რომ ვისწავლოთ, როგორ დავამუშავოთ ეს მონაცემები, ოღონდ ისე, იმ მეთოდოლოგიით, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მონაცემები შეიძლება სხვადასხვა მეთოდოლოგიით სხვადასხვაგვარად დაამუშავო და სხვადასხვა შედეგი მიიღო. შესაბამისად, შესარჩევია ისეთი მოდელები, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის იქნება გამოყენებადი, რელევანტური და შედეგებს მოგვცემს", — ამბობს კახა ბახტაძე.
რა გვასწავლა სტატისტიკამ
საქართველოში წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების სტატისტიკა განსაკუთრებულად მზარდია. ბოლო 30 წელს (1993-2023) წინა 30 წელს (1962-1992) თუ შევადარებთ, წყალდიდობების/წყალმოვარდნების შემთხვევები 7-ჯერ არის გაზრდილი. 1993 წლიდან 2023 წლამდე საქართველოში 407 წყალმოვარდნა/წყალდიდობაა აღრიცხული, ხოლო 1962 წლიდან 1992 წლამდე — 57.
თუმცა კლიმატის ცვლილება მხოლოდ წყალდიდობების რიცხვის ზრდას როდი განაპირობებს. მეწყრის საშიშროების გამო საქართველოში სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება ეკომიგრანტი და საკუთარ საცხოვრებელ გარემოს სიცოცხლისთვის საფრთხისშემცველი პირობების გამო ტოვებს. ადამიანთა ნაწილი კი ასეთი შესაძლებლობის გარეშე იღუპება. ეს მოხდა შოვსა და გურიაში, 2023 წელს. 3 აგვისტოს შოვში მოვარდნილ ღვარცოფს 32 ადამიანი ემსხვერპლა. გურიის სტიქიამ კი, რომლის დროსაც უხვი ნალექის ფონზე მდინარეები კალაპოტებიდან გადმოვიდა, 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემების თანახმად, ბოლო 9 წლის განმავლობაში (2013-2022), წინა 9 წელთან შედარებით (2004-2022), თითქმის 300%-ითაა გაზრდილი მეწყრულ-ღვარცოფული მოვლენების დროს, სხვადასხვა კატეგორიის საშიშროების რისკის ზონაში მოქცეული ობიექტების, კონკრეტულად დასახლებული პუნქტების რაოდენობა.
სტიქია აქტიური იყო 2024 წლის თებერვალშიც. ხულოს მუნიციპალიტეტში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერმა 9 ადამიანი მოიყოლა.
ბუნებრივია, კლიმატის ცვლილების ეფექტების შერბილებას გლობალური ძალისხმევა სჭირდება და ამ მიზნის მისაღწევად ცალკეული, მხოლოდ ერთი პატარა ქვეყნის მონდომება არ კმარა. თუმცა, გლობალურ დათბობასთან ბრძოლაში ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია წვლილის შეტანა. ამასთან, ადგილობრივ დონეზე, კლიმატის ცვლილების ეფექტებით გამოწვეული კატასტროფებით მომდგარი ზარალისა და ადამიანური დანაკარგის პრევენცია და შემცირება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია.
ასევე იხილეთ: წყალში ვდგავართ, ცეცხლი გვიკიდია — კლიმატის დატათონის გამარჯვებული ინფოგრაფიკა
მსოფლიოში, 1930-დან 2010 წლამდე ექსტრემალური ტემპერატურით გამოწვეული სიკვდილიანობა 40-ჯერაა გაზრდილი. მსგავსი მონაცემი საქართველოში არ გვაქვს, თუმცა როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში, წლიდან წლამდე სხვადასხვა ტიპის საფრთხის რისკი იზრდება.
კლიმატის ცვლილების კანონი და ადაპტაციის ეროვნული გეგმა
"ქვეყანას, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არ გააჩნია კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ეროვნული გეგმა. უკვე მრავალი წელია ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა. ეს ფინანსებთანაცაა დაკავშირებული. ამ ეტაპზე, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაფინანსების საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია და უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ ამ მიმართულებით უფრო მეტ აქტიურობას", — გვიყვება ლაშა ნაკაშიძე, WFD-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში.
ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD) საქართველოს პარლამენტს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავებაში ეხმარება. ასეთი კანონი საქართველოს არ ჰქონია და მისი მიღება ძალიან მნიშვნელოვანია უამრავი საკითხის დასარეგულირებლად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ კანონისთვის ადაპტაციის გეგმის შემუშავება უნდა იყოს. გარდა ამისა, კლიმატის ცვლილების კანონი მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესშიც.
შოვის შემთხვევამ, განსაკუთრებით ჟურნალისტებს, კარგად დაგვანახა, თუ რამდენად პრობლემურია სხვადასხვა ტიპის ბუნებრივ კატასტროფასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება საჯარო უწყებებიდან. მოსალოდნელია, რომ კლიმატის ცვლილების კანონმა ამ პრობლემის მოგვარების გზაც გვიჩვენოს. კანონი დაარეგულირებს იმას, თუ რომელ უწყებას რა როლი, კომპეტენცია და ვალდებულება აქვს კლიმატის ცვლილების მიმართულებით. WFD-ის მხრიდან კანონზე მომუშავე გუნდი იმედოვნებს, რომ სხვადასხვა სამინისტრო, კანონის მიღების შემდეგ, მეტად ჩაერთვება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებში, მონაცემების დამუშავების, მოწოდებისა თუ სხვა თვალსაზრისით.
"2022 წლის ოქტომბერში დავიწყეთ კანონზე მუშაობა. ფართო საჯარო კონსულტაციები უძღვის წინ კანონპროექტის შემუშავებას. შევქმენით მწვანე წიგნი და თეთრი წიგნი, რომელიც აპრობირებული პრაქტიკაა. ორივე არის საკონსულტაციო დოკუმენტი, რომლის მეშვეობითაც საზოგადოების უკუკავშირის გათვალისწინებაა შესაძლებელი კანონპროექტის შემუშავებისას. ჩემს გამოცდილებაში მქონია, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს გარდა სხვა სამინისტროები, ასე ვთქვათ, ზერელედ უყურებენ კლიმატის ცვლილების საკითხს, იგივე მონაცემების მოწოდებისა და ჩართულობის თვალსაზრისით. ვფიქრობ, კანონი ამის გამოსწორებას შეძლებს და კონკრეტულად განუსაზღვრავს სხვადასხვა უწყებას ჩართულობის აუცილებლობას", — ამბობს ლაშა ნაკაშიძე.
მწვანე წიგნში აღნიშნულია, რომ WFD-ს მიერ 2022 წელს ჩატარებული ეროვნული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 88% მხარს უჭერს კლიმატის ცვლილების კანონმდებლობისა და რეგულაციების შემოღებას. თეთრ წიგნში კი ვკითხულობთ, რომ განხილვებისას პარლამენტის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა კლიმატის კანონში წლიური სამიზნეების და სექტორული მიზნების შეტანას. საკანონმდებლო ორგანოში შეთანხმდნენ, რომ კლიმატის კანონში უნდა იყოს გათვალისწინებული კლიმატ-ნეიტრალურობის სამიზნე 2050 წლისთვის.
კლიმატის ცვლილების ზეგავლენასთან ადაპტაცია და ასევე, კატასტროფის რისკის მართვა და შემცირება ძალიან მნიშვნელოვანი და საკმაოდ კომპლექსური საკითხია. ამ მხრივ აუცილებელია კერძო სექტორის ჩართულობაც. სხვა კუთხით, საჭიროა მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდაც კლიმატის ცვლილებასთან და ზოგადად, ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებით. გამომდინარე იქიდან, რომ რისკების შესწავლის მიუხედავად, მათი 100%-ით აცილება არარეალისტური მიზანია, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა იცოდნენ, როგორ უნდა იმოქმედონ სხვადასხვა საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში — ვის მიმართონ, რა ტიპის საბაზისო უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეთ და ა.შ. ამ მიმართულებით ყველა დაინტერესებული მხარის გააქტიურებაა საჭირო, რასაც კლიმატის ცვლილების კანონი ისახავს მიზნად.
კონსულტაციები გრძელდება, კლიმატის ცვლილების კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს ჯერ არ მიუღია, არ გვაქვს ადაპტაციის სტრატეგიაც და მისი შემუშავებისთვის საჭირო კვლევებიც, ამ ეტაპზე, სათანადო მასშტაბითა და ტემპით არ მიმდინარეობს.
ჯერჯერობით, პასუხგაუცემელი გვრჩება კითხვა — რამდენი ადგილია საქართველოში, სადაც შოვის განმეორების მაღალი რისკია? თუმცა ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სამომავლოდ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისას ადამიანური დანაკარგი მინიმუმამდე დავიყვანოთ. სხვა საკითხია, რამდენად გონივრულ ვადებში შევძლებთ ამ ცოდნის კონკრეტულ, ქმედით ნაბიჯებად გარდაქმნას.
კომენტარები