ისტორიაში პირველად, ქირურგებმა კაცს მთლიანი თვალი გადაუნერგეს
ისტორიაში პირველად, ქირურგებმა ადამიანს მთლიანი თვალი გადაუნერგეს. სახის გადანერგვის პროცედურების კუთხით ეს ნამდვილ გარღვევად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა ტრანსპლანტატის მიმღები კაცი დანახვას ახალი თვალიდან.
46 წლის აარონ ჯეიმსი 2021 წელს ელექტრულ შოკს გადაურჩა, თუმცა სერიოზული ფიზიკური ტრავმები მიიღო. მათ შორის, მან სახის დიდი ნაწილი დაიზიანა და მარცხენა თვალი დაკარგა. NYU Langone Health-ის ქირურგებმა დონორს სახის ნაწილი და მთლიანი მარცხენა თვალი, ასევე სისხლის მარაგი და ოპტიკური ნერვი, მოაშორეს, შემდეგ კი ისინი ჯეიმსს გადაუნერგეს.
ოპერაცია 2023 წლის 27 მაისს ჩატარდა ედუარდო როდრიგეზის ხელმძღვანელობით. ტრანსპლანტატის მიმღები ამჟამად გამოჯანმრთელების პროცესშია; მისი ახალი თვალი საკმაოდ ჯანსაღად გამოიყურება — იგი სისხლით კარგად მარაგდება, წნევას ინარჩუნებს და ელექტრულ სიგნალებსაც წარმოქმნის.
ჯეიმსი, რომელსაც ჯანმრთელი მარჯვენა თვალი აქვს, თვალის გადანერგვის ოპერაციისთვის იდეალური კანდიდატი იყო. ეს იმიტომ, რომ სახის ტრანსპლანტაციის გამო იმუნიტეტის დამთრგუნველი მედიკამენტები ნებისმიერ შემთხვევაში დასჭირდებოდა. შესაბამისად, თვალის გადანერგვის მცდელობა ნამდვილად ღირდა, თუნდაც მხოლოდ კოსმეტიკური დანიშნულებით.
"შემიძლია, სუნი კვლავ შევიგრძნო, კვლავ შემიძლია ჭამა, საკვების გემოს შეგრძნება. წელიწადნახევრის შემდეგ პირველად, შემიძლია ცოლს ვაკოცო. მინდა ახლა ხალხში გავიდე, ნიღაბი არ ვატარო და არ დავიფარო", — თქვა ჯეიმსმა AFP-სთან ინტერვიუში — "მინდა ამან რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მიაღწიოს, რომლებმაც შეიძლება ამ საშუალების შესახებ არ იცოდნენ — განსაკუთრებით თვალის შესახებ".
ედუარდო როდრიგეზის, ოპერაციის ხელმძღვანელის თქმით, სახის გადანერგვა ექსპერიმენტული პროცედურა აღარაა და "მკურნალობის სტანდარტად" უნდა მიიჩნეოდეს, როცა სერიოზულ დასახიჩრებასთან გვაქვს საქმე.
ასევე იხილეთ: მსოფლიოში პირველად, ქირურგებმა კაცს სახისა და ხელების ტრანსპლანტები წარმატებით გადაუნერგეს
მიუხედავად გამოჯანმრთელების კარგი ტემპისა, ჯეიმსი გადანერგილი თვალიდან ჯერაც ვერ ხედავს.
სავარაუდოდ, ამ პრობლემის გადასაჭრელად სხვადასხვა დახვეწილი მეთოდის გამოყენება იქნება საჭირო. მათ შორისაა: გენური თერაპია, რათა ოპტიკური ნერვი ბუნებრივად აღდგეს; ქსოვილის დასაცავად სპეციალური მოწყობილობის გამოყენება; ისეთი აპარატების გამოყენება, რომლებიც სიგნალებს იღებს და დაზიანებულ ნერვულ გზებს უვლის გვერდს.
ვინ იცის, იქნებ სფეროს ექსპერტთა ერთობლივი მუშაობით ერთ დღეს მართლაც მოხერხდეს, რომ, ჯეიმსმა თუ ვერა, სხვა პაციენტებმა მაინც შეძლონ ახალი თვალიდან დანახვა.
კომენტარები