ახალი კვლევის მიხედვით, ვირთხებს წარმოსახვის უნარი აქვთ
ჰოვარდ ჰიუზის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტში მომუშავე მეცნიერებმა ინოვაციური მეთოდის მეშვეობით ვირთხების გონება გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ მათ წარმოსახვის უნარი აქვთ. სპეციალისტთა მიდგომა კვლევაში ვირტუალური რეალობისა და ნეიროკომპიუტერული ინტერფეისის გამოყენებას გულისხმობდა.
მათ დაასკვნეს, რომ ამ მღრღნელების ფიქრის პროცესი ადამიანისას ძალიან ჰგავს. ასევე, ჰიპოკამპში, რომელიც ტვინში ახალი მოგონებების ფორმირებაში მონაწილე რეგიონია, გამოვლინდა განსხვავებული ნერვული აქტივობა მაშინ, როცა ცხოველები კონკრეტული ადგილებისა და მოვლენების გახსენებას ცდილობდნენ. მსგავსი სიგნალები ჩვენს ტვინშიც წარმოიქმნება.
"ვირთხას ადგილებისა და გარემოს წარმოდგენა შეუძლია ისე, რომ იქ არ წავიდეს. მაშინაც კი, როცა მისი ფიზიკური სხეული უძრავადაა, სივრცით ფიქრებს შორეულ არეალებში მიჰყავს", — ამბობენ ავტორები.
მათ რეალურ დროში მომუშავე "ფიქრების დეტექტორი" შექმნეს, რომელსაც ტვინის აქტივობის დაფიქსირება და მისი ინტერპრეტირება შეუძლია მაშინ, როცა ცხოველები ვირტუალურ რეალობაში გადაადგილებას ცდილობენ. ნეიროკომპიუტერული ინტერფეისის მეშვეობით ეს სიგნალები პირდაპირ გარე მოწყობილობას გადაეცემოდა, რომელიც ვირთხების ჰიპოკამპიდან წამოსულ ინფორმაციას აკვირდებოდა.
ტვინის ეს არეალი ფაქტებისა და მოვლენების დამახსოვრებასა და გარემოს ე.წ.კოგნიტიური რუკის შედგენაში გვეხმარება. აქამდე უცნობი იყო, გვხვდებოდა თუ არა მსგავსი ფენომენი ცხოველებში, ანუ შეეძლოთ თუ არა მათ ადგილების უბრალოდ წარმოდგენა იქ ფიზიკური მისვლის გარეშე.
აღმოჩნდა, რომ ვირთხებში მსგავსი უნარი განვითარებულია. ისინი ჰიპოკამპის ამ ფუნქციას ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ერთ ადგილზე კონცენტრაციისთვის, აკონტროლებენ, როგორც ადამიანები წარსული გამოცდილებების გახსენებისას.
"რაიმეს წარმოსახვა ადამიანთა ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი უნარია. ახლა დავადგინეთ, რომ მსგავსი რამ ცხოველებსაც შეუძლიათ და ამის შესწავლის გზასაც მივაგენით", — აცხადებენ მეცნიერები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Science გამოქვეყნდა.
კომენტარები