ჩინელმა ასტრონავტებმა კოსმოსში სალათის ფოთოლი, პომიდორი და ხახვი გაზარდეს
ჩინელმა ასტრონავტებმა, რომლებიც ქვეყნის კოსმოსურ სადგურზე Tiangong მისია Shenzhou 16-ის ფარგლებში გაემგზავრნენ, იქ მცენარეები გაზარდეს.
მისიის მეთაური ძინ ჰაიპენი ეკიპაჟის ორ წევრთან ერთად დედამიწის ორბიტაზე მოძრავ მოდულში მაისის მიწურულიდან მოყოლებული იმყოფებოდა. ისინი პლანეტაზე 31 ოქტომბერს დაბრუნდნენ, მანამდე კი კონტროლი მისია Shenzhou 17-ის მონაწილეებს გადააბარეს.
ისინი ამ დროის განმავლობაში Tiangong-ში სხვადასხვა მცენარეს ზრდიდნენ, რისთვისაც სპეციალურ მოწყობილობებს იყენებდნენ. შედეგად, მათ კოსმოსურ პირობებში თავდაპირველად სალათის ფოთოლი მოიყვანეს, შემდეგ კი პომიდორი ჩერი და მწვანე ხახვი.
ჩინეთის ასტრონავტთა კვლევითმა და მოსამზადებელმა ცენტრმა დედამიწაზე ეს პროცესები გაიმეორა, რათა მეცნიერებმა შედეგები ერთმანეთს შეადარონ და გააანალიზონ, როგორ იზრდება მცენარეები ორ განსხვავებულ ადგილას. სააგენტოში ამბობენ, რომ ამგვარად ბოსტნეულის ზრდის ხელშემწყობ ტექნოლოგიას Environmental Control and Life Support System (ECLSS) ცდიან და მომავალში მასშტაბების გაფართოებას გეგმავენ.
"სისტემა შესაძლოა, ღრმა კოსმოსის კვლევის მიმართულებითაც გამოვიყენოთ, მათ შორის მთვარესა და მარსზე დასაშვები ეკიპაჟიანი მისიების დროს.
ECLSS-ს ის გამოარჩევს, რომ მისი მეშვეობით მოყვანილი მცენარეები ჰაერიდან ნახშირორჟანგს შთანთქავს, რათა ფოტოსინთეზის მეშვეობით ჟანგბადი გამოყოს, შემდეგ კი სითხის გამოყოფის გზით წყალი აღადგინოს და გაწმინდოს", — აცხადებენ მეცნიერები.
ჩინეთი გეგმავს, რომ მთვარეზე ასტრონავტები 2030 წლამდე გაგზავნოს. ასევე, მომდევნო დეკადაში ამ ქვეყანას იქ ბაზის შექმნაც სურს, რომელსაც International Lunar Research Station (ILRS) ეწოდება. შედარებით შორეულ მიზნებში, რა თქმა უნდა, მარსის მისიაცაა.
კომენტარები