NASA-მ იუპიტერის თანამგზავრზე ორგანული ნაერთები და მარილები აღმოაჩინა
NASA-ს კოსმოსურმა ზონდმა ჯუნომ იუპიტერის უდიდეს ბუნებრივ თანამგზავრ განიმედზე ორგანული ნაერთები და მარილები გამოავლინა. მათი კვალი აპარატმა 2021 წლის ივლისში, ციურ სხეულთან ჩავლისას დააფიქსირა, როცა მისი შემადგენლობა სპექტრომეტრ JIRAM-ით გააანალიზა.
დაახლოებით 5 270-კილომეტრიანი განიმედი მთელს მზის სისტემაში ყველაზე დიდი თანამგზავრია, რომელიც ზომით პლანეტა მერკურისაც კი აღემატება. ფიქრობენ, რომ მისი ყინულოვანი საფარის ქვეშ უზარმაზარი ოკეანეა, ამიტომ ის მეცნიერებისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა. ჯუნომ იქ ისეთი მარილები აღმოაჩინა, როგორიცაა ჰიდრატული ნატრიუმის ქლორიდი, ამონიუმის ქლორიდი და ნატრიუმის ჰიდროკარბონატი. ასევე, დაფიქსირებულია ორგანული ნაერთების, ალიფატური ალდეჰიდების, პოტენციური კვალიც.
განიმედზე მათი მიგნება საინტერესოა, რადგან იუპიტერის მძლავრი მაგნიტური ველის გავლენით, წესით, მისი თანამგზავრების ზედაპირზე ასეთი ნაერთების შენარჩუნებისთვის სათანადო პირობები არაა. ამის მიუხედავად, განიმედის ეკვატორის მიმდებარე არეალი შედარებით დაცულია. სწორედ იქ მიაგნეს სპეციალისტებმა მარილებსა და ორგანულ ნაერთებს.
"ეს მიუთითებს, რომ ჩვენ წინაშეა ნარჩენი ღრმა ოკეანური მარილწყალისა, რომელმაც ამ გაყინული ციური სხეულის ზედაპირზე ამოაღწია", — აცხადებენ მკვლევრები.
ახალი შედეგები შესაძლოა, განიმედის ზედაპირის ქვეშ ჰიდროთერმულ აქტივობაზეც მიანიშნებდეს, ანუ ოკეანისა და მის დაბლა არსებული კლდოვანი წარმონაქმნების ურთიერთქმედებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ არაა გამორიცხული, ეს სხვა ფენომენითაც იყოს განპირობებული
"რადგან განიმედს ევროპაზე (იუპიტერის სხვა თანამგზავრი) ბევრად სქელი ქერქი აქვს, მის ზედაპირსა და შიდა არეალს შორის მიმოცვლა შესაძლოა, ასეთ შემადგენლობაზე პასუხისმგებელი არ იყოს და ქერქ-ზედაპირს შორის მიმოცვლაზე, ანუ ეგზოგენურ დანაშრევებაზე მიუთითებდეს", — ამბობენ მეცნიერები.
მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.
კომენტარები