მეცნიერები 20-ჯერ მეტად მეწველ ძროხებს ამრავლებენ — ეს კლიმატისთვისაც კარგია
ძროხები კლიმატის ცვლილებასთან და შესაბამის საფრთხეებთან არიან დაკავშირებული. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მონელებისას მეთანს გამოიმუშავებს. ეს სათბური გაზი გლობალური დათბობის მხრივ მნიშვნელოვანი ფაქტორია.
არის სხვა ფაქტორებიც: ტყეების განადგურება ხშირად მესაქონლეობის შედეგია. მსხვილფეხა საქონლის საძოვრების შესაქმნელად ადამიანები ტყეებს ჩეხავენ.
დაბოლოს, ძროხის სასუქი ნახშირბადის მაღალ კვალს ტოვებს. მეთანი და სხვა საშიში აირები ატმოსფეროში ცხოველების ექსკრემენტების არასათანადო მოპყრობისა და განადგურების შედეგად თავისუფლდება.
ამასთან, აღსანიშნავია ის რესურსები, წყლისა და ენერგიის სახით, რასაც ძროხების მოვლა და გამრავლება საჭიროებს.
ნაკლები ძროხა, მეტი რძე
ამ პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი გზა ძროხების რაოდენობის შემცირებაა. ეს შეიძლება გაკეთდეს რძის წარმოების გაზრდით ისე, რომ ნაკლები მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იყოს საჭირო იმავე რაოდენობის გამომუშავებისთვის.
შესაბამისად, ილინოისის უნივერსიტეტის მკვლევრები ამრავლებენ ძროხებს, რომლებსაც 20-ჯერ მეტი რძის გამომუშავება შეუძლიათ. მეტიც, ცხოველები უფრო გამძლე არიან დაავადებებისა და ინფექციების მიმართ.
"ჩვენ გვსურს ისეთი ძროხის გამრავლება, რომელიც ბევრად მეტ რძეს აწარმოებს, მდგრადია დაავადებების მიმართ და შესაბამისად, ნაკლებად სახიფათოა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით. ამისთვის ტანზანიაში 100 ახალი ემბრიონი შევქმენით და ჩვენ მათ გამრავლებას ხელს შევუწყობთ", — თქვა პროექტის ავტორმა მეტ უილერმა.
კლიმატისადმი მდგრადი მეცხოველეობა
ინიციატივა ახალია, მაგრამ მას დიდი პოტენციალი აქვს. ექსპერტების თქმით, ეს პირველი ნაბიჯია კლიმატისადმი მდგრადი ცხოველების გამრავლებისკენ. იგივე ტექნოლოგია შეიძლება გამოიყენონ პირუტყვის დასაცავად ცვალებადი კლიმატისგან.
"ეს ძალიან კარგად იმუშავებს მექსიკაში, ტეხასში, ნიუ-მექსიკოსა და კალიფორნიაში. დროა მსგავს გადაწყვეტაზე ფიქრი დავიწყოთ. ადამიანებმა ცხოველებისა და მცენარეების მოშინაურების მომენტიდან ევოლუციაზე კონტროლი დაიწყეს, ახლა შემდეგი ეტაპის დროა. რაც მთავარია, დღეს ეს აუცილებელია", — თქვა უილერმა.
კომენტარები