მეცნიერებმა 155 მილიონი წლის წინ გაუჩინარებული კონტინენტი აღმოაჩინეს
155 მილიონი წლის წინ ავსტრალიის დასავლეთ ნაწილს კონტინენტი გამოეყო, რომელსაც არგოლენდი ეწოდება. მას შემდეგ ის გაუჩინარდა, თუმცა მეცნიერებმა ახლა ხმელეთის ამ მასის მდებარეობა აღმოაჩინეს.
უკანასკნელი კვლევის მიხედვით, არგოლენდი ავსტრალიას ტექტონიკური ძალების გავლენით გამოეყო და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისკენ დაიძრა. მისი არსებობის შესახებ აქამდეც ვიცოდით, რადგან ამაზე ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს ოკეანური აუზის გეოლოგიური მახასიათებლები მიუთითებს. ინდოეთისგან განსხვავებით, რომელიც სუპერკონტინენტ გონდვანისგან 120 მილიონი წლის წინ გამოცალკევდა და დღემდე დაუნაწევრებლად მოაღწია, არგოლენდი ფრაგმენტებად დაიშალა. ამ დრომდე უცნობი იყო, სად მოხვდა საბოლოოდ ისინი.
"ვიცოდით, რომ ის ავსტრალიის ჩრდილოეთით უნდა ყოფილიყო, ამიტომ მისი კვალის პოვნას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმდებარედ ველოდით", — აცხადებენ სპეციალისტები.
მათ ამ კონტინენტის მიერ განვლილი გზა აღადგინეს და დაადგინეს, რომ მისი ფრაგმენტები ინდონეზიისა და მიანმარის გარშემო მიმოიფანტა, მაგრამ ამ ნაწილებისგან კონტინენტის რეკონსტრუქცია ვერ მოხერხდა. ავტორებმა დამატებითი კვლევები ჩაატარეს და თითქმის 200 მილიონი წლის წინანდელი პატარა ოკეანეების კვალს მიაგნეს. ისინი, სავარაუდოდ, მაშინ წარმოიქმნა, როცა არგოლენდზე ნაპრალები გაჩნდა, სანამ მისი 5000-კილომეტრიანი მასა განცალკევდებოდა.
"ეს პროცესი 50-60 მილიონი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაახლოებით 155 მილიონი წლის წინა პერიოდამდე. ფრაგმენტებმა და მათ შორის არსებულმა ოკეანეებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისკენ დაიწყო გადაადგილება", — ამბობენ მეცნიერები.
მათი თქმით, არგოლენდი იმდენად დანაწევრებული იყო, რომ შეგვიძლია არქიპელაგად მოვიხსენიოთ. მისი ისტორიის შესწავლა ამ არეალის კლიმატსა და ბიომრავალფეროვნებაზე მეტის გასაგებად მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსმა მოვლენამ რეგიონზე და იქ ცხოველთა სახეობების არათანაბარ გადანაწილებაზე დიდი გავლენა იქონია.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Gondwana Research გამოქვეყნდა.
კომენტარები