ყველაფერი, რაც DataFest Tbilisi 2023-ის ჰაკათონებზე უნდა იცოდეთ — ინტერვიუ ჯუბო ბერიძიშვილთან
9-11 ნოემბერს DataFest Tbilisi 2023 ტარდება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით მონაცემთა უდიდესი ფესტივალია. მის ფარგლებში, უკვე მეშვიდედ, თავს მოიყრიან მონაცემთა მეცნიერები, ჟურნალისტები, დეველოპერები, გრაფიკული დიზაინერები, მარკეტოლოგები და ყველა ის ადამიანი, ვინც ტექნოლოგიებითაა დაინტერესებული.
წელს ფესტივალი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროებს მოიცავს. ამ თემების გარშემო ჩატარდება ვორკშოპები, ჰაკათონები, დისკუსიები და ა.შ. DataFest Tbilisi სამ ჰაკათონს უმასპინძლებს, ესენია:
- დემტექი;
- გენდერული მონაცემების ვიზუალიზაციის ჰაკათონი;
- ჰაკათონი საქართველოში დროის გამოყენებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ.
მათში ჩართვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი პრიზები, დემტექის გამარჯვებული კი დამატებით, მონაწილეობას მიიღებს სტაჟირების პროგრამაში The Democracy Tech Entrepreneur და გაემგზავრება კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე, რომელიც 2024 წლის მაისშია დაგეგმილი.
ღონისძიების შესახებ ორგანიზატორი ორგანიზაციის ForSet წარმომადგენელ ჯუბო ბერიძიშვილს ვესაუბრეთ:
გასული წლის (და არა მხოლოდ) ღონისძიების ერთ-ერთი უმთავრესი თემატიკა მისინფორმაცია იყო, რაც, დიდწილად, მაშინდელმა კონტექსტმა განაპირობა. წელს DataFest უკვე გენდერულ, დემოკრატიულ და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზეცაა კონცენტრირებული. რა არის ამის მიზეზი?
DataFest Tbilisi 2023-ის ორგანიზატორია ForSet — არასამთავრობო ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტოს, დიზაინის სტუდიისა და დეველოპერული კომპანიის უნიკალური ჰიბრიდი. ორგანიზაციის მიზანი მონაცემების, დიზაინისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით სოციალურად მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაა. შესაბამისად, ფორსეტის გუნდი ყოველ წელს ვცდილობთ, DataFest Tbilisi-ს პლატფორმა უმწვავესი სოციალური პრობლემების საპასუხოდ და ამ საკითხების ირგვლივ თავმოყრილი ადამიანების გასაძლიერებლად გამოვიყენოთ.
მომდევნო წელს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს არჩევნებს ველოდებით და გვინდა, მონაცემებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება — ჟურნალისტები, მკვლევრები, სტუდენტები, დეველოპერები, აქტივისტები, დიზაინერები, ბიზნესმენები, საჯარო სექტორი და ყველა, ვინც მომდევნო უმნიშვნელოვანესი წლისთვის დემოკრატიის დაცვაში, თანასწორობის მიღწევასა და არჩევნებში მოქალაქეების მონაწილეობის წახალისებაშია ჩართული.
წელს ფესტივალი 9-11 ნოემბერს ჩატარდება და მის ფარგლებში ვიხილავთ არაერთ ვორკშოპს, შთამაგონებელ გამოსვლასა თუ საკონკურსო აქტივობას. მათში ღია მონაცემების, მონაცემთა ვიზუალიზაციის, "სთორითელინგის", ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა მეცნიერებისა და სხვა ტექნოლოგიური მეთოდების გამოყენებით სწორედ გენდერულ, დემოკრატიულ და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის ინოვაციური გზები იქნება წარმოდგენილი .
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილი 3 ჰაკათონიდან ერთ-ერთი დემტექია. რას უნდა ელოდონ მასში მონაწილე ადამიანები, რა დაევალებათ და რას ემსახურება ის?
დემტექის ჰაკათონის მონაწილეებმა უნდა შექმნან ტექნოლოგიური პროდუქტის (აპლიკაცია, ხელსაწყო, "დეშბორდი", თამაში, "ფლაგინი" და ა.შ.) პროტოტიპი, რომელიც უპასუხებს შემდეგი გამოწვევებიდან ერთ-ერთს ან რამდენიმეს:
- საარჩევნო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობა ინტერაქციული მედიაპლატფორმების დახმარებით;
- ამომრჩევლის ინფორმირება ციფრული რესურსების გამოყენებით;
- ციფრულ სამყაროში დეზინფორმაციასთან და მისინფორმაციასთან ბრძოლა.
აღსანიშნავია, რომ ჰაკათონში მიიღება როგორც ახალი ტექ პროდუქტების პროტოტიპები, ასევე უკვე არსებულის გაუმჯობესების შემოთავაზებები.
ჰაკათონი სავსეა ხილვადობის, ფულადი პრიზების, მენტორობისა და მაღალი დონის ნეთვორქინგის შესაძლებლობებით. მისი გამარჯვებულები მიიღებენ ფულად პრიზს და ავტომატურად გახდებიან პრესტიჟული პროგრამის Democracy Tech Entrepreneur Fellowship მონაწილეები ანდერს რასმუსენის მიერ დაფუძნებულ დანიურ არასამთავრობო ორგანიზაციაში Alliance of Democracies. ამის გარდა, გამარჯვებული გუნდი/მონაწილე კოპენჰაგენში, 2024 წლის მასშტაბურ დემოკრატიის სამიტზე, წარადგენს საკუთარ პროდუქტს და იქ დამატებითი ფულადი პრიზების მიღების საშუალება მიეცემა.
ჰაკათონზე რეგისტრაცია 29 ოქტომბერს სრულდება. ის ღიაა ზემოთ ჩამოთვლილი დემოკრატიული გამოწვევებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის. ასევე, ამ და დანარჩენი ორი ჰაკათონის მონაწილეები DataFest Tbilisi-ზე დასწრებას უფასოდ შეძლებენ.
ჩატარდება ჰაკათონი საქართველოში დროის გამოყენებისა და გენდერული თანასწორობის შესახებაც. რატომაა ის მნიშვნელოვანი? რა პრობლემების ხაზგასმა გსურთ და რას ელით მონაწილეებისგან?
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ბოლოდროინდელმა კვლევებმა ქალების აუნაზღაურებელი ე.წ. ზრუნვის შრომისა და უთანასწორობის მიმართულებით მძიმე გამოწვევები გამოავლინა. ეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიურად ჩართვის ბარიერი და, ზოგადად, საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის დამაბრკოლებელი ფაქტორებია.
ამ პრობლემებთან დაპირისპირების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ცნობადობის ამაღლების კამპანიებია. ამისთვის საჭიროა ვიზუალიზაციები, რომელთა მეშვეობითაც აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომისა და უთანასწორობის შესახებ არსებულ ინფორმაციას საზოგადოებას მარტივი და დამაჯერებელი ფორმით მივაწვდით.
სწორედ ასეთი ვიზუალიზაციების შექმნის მიზნით ვმასპინძლობთ ჰაკათონს საქართველოში დროის გამოყენებისა და გენდერული თანასწორობის შესახებ, რომლის მონაწილეებსაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევების შედეგებს გავუზიარებთ. ისინი ამ მონაცემების მიხედვით ვიზუალიზაციებს ანიმაციის, დეშბორდის, ქვიზის, ინფოგრაფიკის ან სხვა ვიზუალური ფორმატების გამოყენებით შემქნიან.
ჰაკათონის საპრიზო ფონდი 5000 ლარია. კვლევების მონაცემები უკვე ხელმისაწვდომია, რეგისტრაცია კი 1 ნოემბერს სრულდება. ის ღიაა ზემოხსენებული პრობლემებით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის.
სიძულვილის ენა ციფრულ სივრცეში — ეს, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ აქტუალური საკითხია, რომელსაც წლევანდელ DataFest-ზე ცალკე ჰაკათონი დაეთმობა. მის ფარგლებში რაზე გამახვილდება ყურადღება და რისი წარმოჩენა გსურთ?
ციფრულ სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენება, განსაკუთრებით კი ქალების მიმართ, იმ მასშტაბებს აღწევს, რომ უკვე ყველასთვის აშკარაა. ტექნოლოგიების მეშვეობით მათი კიბერბულინგი, მუქარები და დისკრიმინაცია საზოგადოებაში არსებულ გენდერულ სტერეოტიპებს, სექსიზმსა და მიზოგინიას საგრძნობლად აღრმავებს. ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ამ პრობლემებს ჰაკათონით დავუპირისპირდებით, რომლის მონაწილეებიც შექმნიან მონაცემთა ვიზუალიზაციას, ჩატბოტებს, ინტერაქციულ ხელსაწყოებს ან სხვა ინოვაციურ პროდუქტებს შემდეგი გამოწვევების ირგვლივ:
- ქალთა მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება (კიბერბულინგი, მუქარა, გამოძალვა) ციფრულ სივრცეში
- ქალი აქტივისტებისა და პოლიტიკური ფიგურების დისკრიმინაცია.
ჰაკათონის საპრიზო ფონდი 4000 ევროა, რეგისტრაცია კი 1 ნოემბერს სრულდება. როგორც წინა შემთხვევებში, აქაც მონაწილეობის მიღება შეუძლია ამ პრობლემებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს.
როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს ტექნოლოგიებსა და მონაცემთა ვიზუალიზაციას ადამიანის უფლებების სფეროში?
იმის გარდა, რაც უკვე ვახსენე, ტექნოლოგიები და ვიზუალიზაცია ორგანიზაციებსა და ინდივიდებს ეხმარება, რომ:
- აამაღლონ ცნობადობა ადამიანთა უფლებების მნიშვნელობისა და დარღვევის შესახებ აპლიკაციების, ჩატბოტების, ვებგვერდების, სოციალური მედიისა და სხვა გზებით;
- შეაგროვონ და გააანალიზონ დიდი რაოდენობის მონაცემები, რაც ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და დემოკრატიის საკითხების უკეთ გააზრების საშუალებას იძლევა;
- შექმნან მონაცემებსა და ფაქტებზე დამყარებული, დამაჯერებელი ვიზუალიზაციები, რაც მეტად ეფექტიანია როგორც საზოგადოებისთვის, ისე პოლიტიკაში ჩართული ადამიანებისთვის.
დაბოლოს, რით იქნება გამორჩეული DataFest Tbilisi 2023? რა სიახლეები გველის წელს ღონისძიებაზე?
ფესტივალის მეშვიდე გამოშვება 33-ზე მეტ სპიკერს უმასპინძლებს, მათ შორის ისეთი გამორჩეული გლობალური ორგანიზაციებიდან, როგორებიცაა Canva, Flourish, J2 Ventures, Chatham House, Oxford Internet Institute, Centre for Information Resilience, Arena Technologies და სხვა.
ფესტივალის მონაწილეებს შეეძლებათ არა მხოლოდ შორიდან უსმინონ მათ შთამაგონებელ პრეზენტაციებს, არამედ დაესწრონ იმავე სპიკერების სიღრმისეულ ვორკშოპებს, გაიცნონ სფეროს ლიდერები და შეიძინონ ახალი ტექ უნარ-ჩვევები.
ფესტივალი გამორჩეულია მრავალფეროვანი თემებითაც — მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი, მონაცემები სტარტაპებში, ხელოვნური ინტელექტის ეთიკა და რეგულაცია, მონაცემთა აქტივიზმი და ღია მმართველობა, დეზინფორმაცია და არჩევნები, მონაცემთა ჟურნალისტიკა და ვიზუალიზაცია, კლიმატის ცვლილება და გარემოს მონაცემები.
სიახლეა ფესტივალის მასპინძელ სივრცეშიც — DataFest Tbilisi პირველად გაიმართება სასტუმრო პულმანში, სადაც 700-მდე დამსწრეს ველოდებით.
DataFest Tbilisi 2023, რომლის ფარგლებშიც ჰაკათონები ტარდება, არის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე მასშტაბური ფესტივალი, მონაცემების, ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების შესახებ. ფესტივალმა 2017 წლიდან დღემდე 80-მდე ქვეყნიდან 4 ათასზე მეტ მონაწილეს, 200-ზე მეტ ვორქშოფსა და სპიკერს უმასპინძლა, მათ შორის, ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა: Google, Meta, და Amazon.
ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, ევროპის საბჭო, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამა, ZINC NETWORK.
პარტნიორები არიან: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, გრანთ თორნთონ საქართველო, Alliance of Democracies, National Endowment for Democracy, Open Government Partnership.
მხარდამჭერები არიან: Making Science Sweeft, ოპტიო, ტერმინალი, სმარტ აკადემია, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, askgov.ge და ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამა.
მედიაპარტნიორები: next.on.ge, marketer.ge, Business Media, dev.ge, entrepreneur.ge
კომენტარები