ასტეროიდ ბენუზე მოპოვებული ნიმუშების რაოდენობამ მოლოდინს უკვე გადააჭარბა
24 სექტემბერს, თბილისის დროით 18:52 საათზე, იუტის შტატის უდანოში კაფსულა დაეშვა, რომელშიც ასტეროიდ ბენუს ზედაპირზე შეგროვებული ნიმუშები იყო მოთავსებული. NASA-მ საკვლევი მასალა მისია OSIRIS-REx-ის ფარგლებში მოიპოვა.
ზონდმა საერთო ჯამში 6.2 მილიარდი კილომეტრი გაიარა. სამიზნე ობიექტამდე მიღწევის შემდეგ აპარატმა მისი ზედაპირზე მცირე ზომის ფრაგმენტები და მტვერი შეაგროვა, რომლებიც დედამიწაზე ორბიტიდან ჩამოუშვა. ნიმუშების მინიმალურ ზღვრულ ოდენობად 60 გრამი იყო გათვალისწინებული, მაგრამ ახლა უკვე ცნობილია, რომ სპეციალისტთა გუნდმა კაფსულიდან უკვე 70.3 გრამი ამოიღო.
ეს მატერია ჯერ მხოლოდ სათავსოს ზედა მხრის მიმდებარედაა შეგროვებული (როგორც გარეთა, ისე შიდა ნაწილში), რაც ნიშნავს, რომ მეტს უნდა ველოდოთ. NASA-ში აცხადებენ, რომ დამატებითი გრუნტი TAGSAM-ად წოდებულ მექანიზმშია, რომელსაც მოგვიანებით გახსნიან.
აღნიშნული პროცესი მარტივი არაა, რადგან აღმოჩნდა, რომ TAGSAM-ის 35 მომჭერი ოფიციალურად დაშვებული ხელსაწყოებით ვერ მოიხსნება. საქმე ისაა, რომ სპეციალისტები ხელთათმანიანი კონტეინერიდან მუშაობენ, რაც კონკრეტულ რეგულაციებს ექვემდებარება. ეს ნიმუშების დაბინძურებისგან დაცვას ემსახურება.
OSIRIS-REx აშშ-ის კოსმოსური სააგენტოსთვის პირველი ასეთი მისიაა, თუმცა მსოფლიოში, იაპონიის Hayabusa-ს შემდეგ, მეორე ადგილზეა. ამის მიუხედავად, მის ფარგლებში ასტეროიდზე მოპოვებული ნიმუშების რაოდენობა წინამორბედისას აჭარბებს.
როგორც ცნობილია, სააგენტო ამ მატერიის 25%-ს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 35 სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებას გაუგზავნის, 4%-ს კანადის კოსმოსურ სააგენტოს, 0.5%-ს კი იაპონიას. გრუნტის 70% ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში დარჩება, სადაც მას მეცნიერები შეისწავლიან.
სტეროიდის გრუნტის გამოკვლევა შესაძლოა, მეცნიერებს მზის სისტემის ევოლუციისა და დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ მეტის გაგებაში დაეხმაროს.
კომენტარები