ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა იუპიტერის ატმოსფეროში მაღალი სიჩქარის მქონე აირის ნაკადი დააფიქსირა. ის 4 800 კილომეტრ მანძილზეა გადაჭიმული და პლანეტის ეკვატორს ღრუბლების თავზე მიუყვება. ეს ინფორმაციას გვაწვდის იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთქმედებს ამ გიგანტური ციური სხეულის სხვადასხვა შრე ერთმანეთთან

"ამან სრულებით გაგვაოცა. ის, რასაც აქამდე იუპიტერის ატმოსფეროში ბუნდოვანი ნისლის სახით ვხედავდით, მკაფიო წარმონაქმნი აღმოჩნდა, რომელსაც შეგვიძლია, პლანეტის სწრაფი ბრუნვის პარალელურად ვადევნოთ თვალი", — აცხადებენ მეცნიერები.

ფოტო: NASA, ESA, CSA, STScI

მათ მსოფლიოში უმძლავრესი ტელესკოპის ახლო ინფრაწითელი კამერის მიერ 2022 წლის ივლისში მოპოვებული მონაცემები გააანალიზეს. მაშინ მას იუპიტერისთვის სურათები 10-საათიანი შუალედით, 4 სხვადასხვა ფილტრით, უნდა გადაეღო, რაც მცირე ცვლილებების გამოვლენის საშუალებას იძლევა. ეს ასეც მოხდა და შედეგად სპეციალისტებმა ახალი ატმოსფერული დინება დააფიქსირეს.

აქამდე ინფრაწითელ, ხილულ, რადიო და ულტრაიისფერ ტალღებზე დაკვირვებით მზის სისტემის აირის გიგანტი პლანეტის ატმოსფეროს ქვედა შრეებს ვსწავლობდით, სადაც ამიაკის ყინულის ღრუბლებია განლაგებული. ვების ახლო ინფრაწითელი მგრძნობელობის მეშვეობით ახლა უკვე ზედა ფენები გავაანალიზეთ, რომლებსაც ღრუბელთა მთავარი სარტყლისგან 25-50 კილომეტრი აშორებს. რაც მთავარია, ისინი არა ბუნდოვნად, არამედ დეტალურად გამოჩნდა.

ფოტო: NASA, ESA, CSA, STScI

ზემოხსენებული აირის ნაკადი (ქარი) 515 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს და დედამიწაზე მეხუთე კატეგორიის ქარიშხლებზე ორჯერ მძლავრია. ის ღრუბლებიდან დაახლოებით 40 კილომეტრით ზემოთ მძვინვარებს, სადაც იუპიტერის ქვედა სტრატოსფეროა.

ასტრონომებმა ვებისა და ჰაბლის მონაცემები გააერთიანეს, რისი წყალობითაც ციური სხეულის ეკვატორული ატმოსფეროს ბაზური მდგომარეობა დაადგინეს. ასევე, შემაერთებელ შტორმებსაც დააკვირდნენ, რომლებიც ახალ დინებასთან არაა დაკავშირებული.

იუპიტერზე არსებული ქარის მახასიათებლები.

ფოტო: NASA, ESA, CSA, STScI

მეცნიერებმა ამ ინფორმაციის მეშვეობით გააანალიზეს, რამდენად სწრაფად ფორმირდება შტორმები იუპიტერზე. ვების დამატებითი დაკვირვებებით შეიძლება ისიც გავიგოთ, თუ როგორც იცვლება მსგავსი ნაკადების სიჩქარე და სიმაღლე დროთა განმავლობაში.

მკვლევრების თქმით, პლანეტის სტრატოსფეროში ქარი და ტემპერატურა განმეორებადი ფაზების ფარგლებში საკმაოდ ცვალებადია. თუ ახალაღმოჩენილი ნაკადის სიმძლავრე ამ პროცესებთანაა დაკავშირებული, მომდევნო 2-4 წელში მისი ვარირებაცაა მოსალოდნელი.

ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Astronomy გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.