აღმოაჩინეს ახალი მადანი, რომელიც დედამიწაზე ერთ-ერთ უიშვიათეს ელემენტს შეიცავს
შიდა მონღოლეთის ბაიან ობოს სამთო-მომპოვებლურ ზონაში ჩინელმა მეცნიერებმა ახალი, მოყავისფრო მოშავო, მადანი აღმოაჩინეს, რომელსაც ნიობობაოტიტი ეწოდება. მას ის გამოარჩევს, რომ დედამიწაზე ერთ-ერთ უიშვიათეს ელემენტს შეიცავს, რომელსაც ზეგამტარული მახასიათებლები აქვს.
ამ მადნეულში გვხვდება რკინა, ტიტანი, ბარიუმი, ქლორიდი და ნიობიუმი. სწორედ ეს უკანასკნელია კომპონენტი, რომლის მიგნებაც სპეციალისტებს განსაკუთრებით გაუხარდათ. ის იშვიათ ელემენტთა სიაშია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენს პლანეტაზე ძალიან მცირე ოდენობით გხვდება.
ესაა ღია მონაცრისფრო ლითონი, რომელიც ფოლადის წარმოებაში გამოიყენება, რადგან მას სიმტკიცეს ზედმეტი წონის დამატების გარეშე სძენს. ასევე, ნიობიუმი სხვა შენადნობების შემცველობაშიცაა და ნაწილაკთა ამაჩქარებლებსა თუ ამისდაგვარ მოწინავე სამეცნიერო მოწყობილობებში გვხვდება. საქმე ისაა, რომ აღნიშნული ელემენტი დაბალ ტემპერატურაზე ზეგამტარ მახასიათებლებს ავლენს.
ჩინეთისთვის ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რადგან ნიობიუმის 95%-ის იმპორტს ახორციელებს. შესაბამისად, ახალი მადნის მიკვლევა ქვეყნისთვის ამ ელემენტის თვითკმარ რესურსს ნიშნავს.
მისი დიდი ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილს ბრაზილიიდან მიეწოდება, მეორე ადგილზე კი კანადაა. როგორც ცნობილია, ნიობიუმის მაღაროს გახსნა აშშ-ში, ნებრასკის შტატშიც, იგეგმება, რაც იქ პირველი მსგავსი პროექტი იქნება.
ეს ლითონი შესაძლოა, მომავალში უფრო მოთხოვნადი გახდეს, რადგან მეცნიერები ნიობიუმ-ლითიუმისა და ნიობიუმ-გრაფენის ელემენტების შექმნაზე მუშაობენ. ასეთი ბატარეები აალების რისკს შეამცირებს და უფრო სწრაფად დაიტენება. მაგალითად, სპეციალისტთა ვარაუდით, ნიობიუმ-გრაფენის ელემენტები დაახლოებით 30 წელს გაძლებს და სრულად დასატენად 10 წუთზე ნაკლები დასჭირდება.
კომენტარები