კლიმატის ცვლილება 2050 წლისთვის ლუდის ხარისხზეც იმოქმედებს — კვლევა
მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში შეისწავლეს, რა გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებას სვიაზე, რომელიც ლუდის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია. მათ დაადგინეს, რომ 2050 წლისთვის ამ მცენარის ხარისხის საგრძნობლად გაფუჭება და მისი მოსავლის რაოდენობის კლებაა მოსალოდნელი.
სპეციალისტთა პროგნოზით, მომდევნო 27 წლის განმავლობაში სვიის მოსავალი 4-18 %-ით შემცირდება, ხოლო მისი ხარისხი 20-31%-ით გაუარესდება. ეს, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება ლუდის ინდუსტრიაზეც, რომლისთვისაც აღნიშნული მცენარე უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით ზაფხულის მიწურულს.
ავტორებმა, ძირითადად, გერმანიაში, ჩეხეთსა სლოვენიაში არსებული იმ არეალების მონაცემები გაანალიზეს, სადაც მსოფლიოს 90% სვია მოჰყავთ. ეს ინფორმაცია 1970-დან 2050 წლამდე ინტერვალს მოიცავდა, ანუ წარსულს, აწმყოსა და სავარაუდო მომავალს. მათ დაასკვნეს, რომ კლიმატის ცვლილების გავლენით სვია, 1994 წლამდე პერიოდთან შედარებით, თითქმის 20 დღით ადრე იწყებს დამწიფებას.
ეს ყოველწლიურად სვიის მოსავლის რაოდენობის თითქმის 0,2 მეტრული ტონით შემცირებას იწვევს. ასევე, ხარისხი დაახლოებით 0.6%-ით ეკარგება ე.წ. ალფა მჟავასაც, რომელიც ამ მცენარეში გვხვდება და ლუდის მომწარო გემოზეა პასუხისმგებელი.
"ლუდის მოყვარული ადამიანები კლიმატის ცვლილებას ნამდვილად იგრძნობენ, იქნება ეს ფასის თუ ხარისხის მხრივ. ჩვენი მონაცემების თანახმად, ეს გარდაუვალია", — აცხადებენ მეცნიერები.
ისინი ლუდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ურჩევენ, წინასწარი ზომები მიიღონ, რათა კლიმატის ცვლილების ასეთ შედეგებთან ადაპტაცია არ გაუჭირდეთ. კვლევამ აჩვენა, რომ 2050 წლამდე ტემპერატურის 1.4 გრადუსი ცელსიუსით მომატება და ატმოსფერული ნალექის 24მმ-ით შემცირებაა მოსალოდნელი. წვიმის ნაკლებობა სვიის ყანებში სარწყავი სისტემების დანერგვის აუცილებლობას უსვამს ხაზს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მცენარე სათანადოდ ვერ გაიხარებს.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
კომენტარები