მეცნიერებმა 20 მილიონი წლის წინ გამქრალი უზარმაზარი ტექტონიკური ფილის კვალს მიაგნეს
მეცნიერებმა დღევანდელი სამხრეთ ჩინეთის ზღვის მიმდებარედ 20 მილიონი წლის წინ გამქრალი, დიდი ზომის ტექტონიკური ფილის კვალი აღმოაჩინეს.
მის არსებობაზე კუნძულ ბორნეოზე მდებარე მთების ქვების ფრაგმენტები და დედამიწის მანტიაში განლაგებული უზარმაზარი მასა მიანიშნებს. მისი თავდაპირველი ზომა წყნარი ოკეანის მეოთხედი იყო და ის პონტოსის სახელითაა ცნობილი. ეს ფილა სწორედ ამავე სახელწოდების ოკეანის ქვეშ მდებარეობდა.
ტექტონიკური ფილები მუდმივად მოძრაობაშია. ასეთი ოკეანური მასები კონტინენტურთან შედარებით უფრო მკვრივია და მის ქვეშ იძირება. ზოგჯერ ისინი ამ პროცესში სრულად არ ქრება, არამედ მისი ფრაგმენტები მთების ფორმირებაში მონაწილეობს. მსგავსი ნიმუშების გამოკვლევა უძველესი ფილების მდებარეობასა და წარმოქმნაზე გვაწვდის ინფორმაციას.
მეცნიერები ბორნეოზე სწორედ ამგვარი ადრინდელი ფენიქსის ფილის კვალის მოძებნას ცდილობდნენ. ისინი ქვების მაგნიტურ მახასიათებლებს აანალიზებდნენ, რადგან მათში ფორმირების დროინდელი მაგნიტური ველია "ჩაჭერილი". შესაბამისად, ეს მონაცემები განედების მიხედვით ცვალებადია.
ავტორებმა უჩვეულო რამ შენიშნეს: ქვის ნიმუშების მაგნიტური მახასიათებლები ამჟამინდელ განედს არ ემთხვეოდა. ამის მიზეზის დასადგენად სპეციალისტებმა კომპიუტერული მოდელირების მეთოდი გამოიყენეს და რეგიონის 160 მილიონწლიანი გეოლოგია გამოიკვლიეს.
ფილების რეკონსტრუქციამ აჩვენა, რომ ტექტონიკური მასა, რომელიც ოკეანის ქვეშ უნდა ყოფილიყო, იქ არ ფიქსირდებოდა. დადგინდა, რომ სინამდვილეში ამ ადგილზე სხვა, აქამდე უცნობი ფილა არსებობდა, რომელსაც პონტოსი უწოდეს.
ის სულ მცირე 160 მილიონი წლის წინ უნდა წარმოქმნილიყო, მაგრამ შესაძლოა, უფრო ადრეც გაჩენილიყო. დროთა განმავლობაში ეს ფილა დაპატარავდა და ავსტრალიის ფილის ქვეშ მოექცა, შედეგად კი 20 მილიონი წლის წინ გაქრა. ამან ნათელი მოჰფინა ჩვენი პლანეტის მანტიაში აღმოჩენილ მასასაც, რომლის წარმოშობაც აქამდე ბურუსში იყო გახვეული.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Gondwana Research გამოქვეყნდა.
კომენტარები