ძველეგვიპტურ სამარხში 5000 წლის ღვინო აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა ეგვიპტის პირველი დინასტიის დედოფალ მერნეიტის სამარხში ძვირფასი ნივთები და ჭურჭელი აღმოაჩინეს, რომელშიც 5000 წლის წინანდელი ღვინის კვალია. ზოგიერთი ქილა ჯერ კიდევ დალუქულია, ეს და სხვა არტეფაქტები კი მიუთითებს, რომ აღნიშნული ქალი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო.
არაა გამორიცხული, რომ ის არა მხოლოდ დედოფალი, არამედ ფარაონი ყოფილიყო, მაგრამ ამის დაზუსტებით თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია. ამ დროისთვის ეგვიპტის ჩვენთვის ცნობილი პირველი ქალი მმართველი ნეფრუსებეკია, რომელსაც მერნეიტი ათასწლეულით უსწრებს.
ასეა თუ ისე, ქალაქ აბიდოსში არსებულ სამეფო ნეკროპოლისში მიკვლეული სამარხის სიმდიდრე მის მაღალ სოციალურ სტატუსსა და ძლევამოსილებაზე მიანიშნებს. მეცნიერები, ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტროსთან თანამშრომლობით, აკლდამის მიმდებარედ გათხრებს განაგრძობენ და იმედოვნებენ, რომ სხვა არტეფაქტებსაც იპოვიან.
უნდა ითქვას, რომ არქეოლოგებმა ღვინის ჭურჭელში სასმლის კვალის გარდა ყურძნის თესლებსაც მიაგნეს. ასევე, წარწერებს, რომელთა თანახმადაც დედოფალი მნიშვნელოვან საქმეებს ხელმძღვანელობდა, მაგალითად, სამეფო ქონება ებარა.
მერნეიტის სამარხი საკმაოდ დიდი ზომის კომპლექსია, რომლის ცენტრშიც დედოფლის აკლდამაა განთავსებული, გარშემო კი მისი მსახურები არიან დასაფლავებულნი. ეს ნაგებობა აბიდოსის იმ ნეკროპოლისშია, სადაც კაცი ფარაონების სარკოფაგებია განლაგებული.
სპეციალისტები ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით იმის გარკვევას ცდილობენ, თუ როგორაა აგებული კომპლექსი. გაირკვა, რომ მასალად გამოუმწვარი აგურები, თიხა და ხეა გამოყენებული, მათ შორის 41 მსახურის საფლავშიც. ანალიზმა აჩვენა ისიც, რომ ნაგებობა ერთბაშად არ აშენებულა, არამედ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე ეტაპად.
აქედან ასკვნიან, რომ შესაძლოა, მსახურები მსხვერპლშეწირვის რიტუალისას არ დაუხოცავთ, არამედ იქ თავიანთი სიცოცხლის ბუნებრივი სიკვდილით დასრულების შემდეგ დამარხეს. კომპლექსს მეცნიერები ჯერ კიდევ იკვლევენ და იმედი აქვთ, რომ მერნეიტის შესახებ მეტს გაიგებენ.
კომენტარები