ინდოეთი მთვარეზე გაშვებულ აპარატებს ვერ უკავშირდება — რა ხდება
ინდოეთის კოსმოსის კვლევის ორგანიზაცია (ISRO) მთვარეზე მისია Chandrayaan-3-ის ფარგლებში გაგზავნილი დასაშვები მოდულისა და მავალის "გამოღვიძებას" უშედეგოდ ცდილობს. სააგენტომ აპარატები დედამიწის ერთადერთი თანამგზავრის 14-დღიანი სუსხიანი ღამის განმავლობაში დროებით ძილის რეჟიმში გადაიყვანა, მაგრამ მათთან კავშირის აღდგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
22 სექტემბერს ISRO-მ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ დასაშვებ მოდულ Vikram-სთან და მავალ Pragyan-თან კომუნიკაცია ვერ დამყარდა. წარუმატებელი აღმოჩნდა 25 სექტემბრის მცდელობებიც, რაც ნიშნავს, რომ მთვარის სამხრეთ პოლუსზე გაშვებული პირველი აპარატებისგან სიგნალებს არ ვიღებთ.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მცდელობებს მომდევნო დღეებშიც არ დაიშურებენ. ამის მიუხედავად, აღიარებენ იმასაც, რომ კავშირის აღდგენის შანსი ყოველ საათში იკლებს.
ინდოეთმა მთვარეზე გაშვებული Vikram და Pragyan სამხრეთ პოლუსზე 23 აგვისტოს უსაფრთხოდ დასვა, რითაც Chandrayaan-3 ამ რეგიონში განხორციელებულ პირველ წარმატებულ მისიად იქცა. ასევე, მსგავსი მიღწევით ინდოეთმა საბჭოთა კავშირის, აშშ-ისა და ჩინეთის გვერდით დაიკავა ადგილი.
პირველ 2 კვირაში აპარატების მეშვეობით სამეცნიერო კვლევები და ექსპერიმენტები ჩატარდა. მათ შორის მეცნიერებმა გაზომეს მთვარის გრუნტის ზედა ფენის ტემპერატურა, გააანალიზეს იქაური მტვრის შემადგენლობა და გოგირდის კვალს მიაგნეს. ეს შესაძლოა, ციური სხეულის წარსული ვულკანური აქტიურობის შესახებ მეტის გაგებაში დაგვეხმაროს.
ინდური მთვარემავალი ძილის რეჟიმში 2 სექტემბერს გადაიყვანეს, დასაშვები მოდული კი მას 2 დღეში შეუერთდა. მართალია, პირველადი მისია წარმატებით დასრულდა, თუმცა ISRO-ში იმედს იტოვებენ, რომ აპარატებისგან სიგნალს მიიღებენ.
კომენტარები