მარიანას ღრმულში ახალი ვირუსი აღმოაჩინეს
ჩინელმა მეცნიერებმა წყნარი ოკეანის მიმდებარედ, მარიანას ღრმულში, აქამდე უცნობ ვირუსს მიაგნეს. მას ოფიციალურად vB_HmeY_H4907 ეწოდა და ის 8 839 მეტრ სიღრმეზე აღმოაჩინეს.
ეს ვირუსი ბაქტერიოფაგთა ტიპს მიეკუთვნება, რომელიც ბაქტერიებში აღწევს, მათ აინფიცირებს და იქვე მრავლდება.
"ჩვენი ინფორმაციით, ეს გლობალურად ოკეანეში ყველაზე დიდ სიღრმეზე ნაპოვნი ცალკეული ფაგია", — აცხადებს წყლის ვირუსოლოგი და კვლევის წამყვანი ავტორი, მინ ვენგი.
ახლახან იდენტიფიცირებული ვირუსი Halomonas-ის სახელით ცნობილ ბაქტერიებს უტევს, რასაც ე.წ. ლიზოგენური ციკლის მეშვეობით ახერხებს. ამ დროს მას მსხვერპლის გენომში საკუთარი გენეტიკური მასალა შეაქვს და ისე მრავლდება, რომ მიკრობს არ კლავს. შესაძლოა, მიზეზი ის მკაცრი პირობები იყოს, რომელშიც ორივე მათგანმა განიცადა ევოლუცია. შესაბამისად, ფაგს მისი მასპინძელი ორგანიზმის მოკვლის "ფუფუნება" არ აქვს.
რაც შეეხება Halomonas-ის ტიპში შემავალ ბაქტერიებს, ისინი ოკეანეებში ბინადრობენ, მათ შორის ანტარქტიკის წყლების ფსკერსა და ღრმა ჰიდროთერმული არხების გარშემო დანალექში. vB_HmeY_H4907-ის გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მისი ზომა, სავარაუდოდ, სწორედ იმ მიკრობებისას შეესაბამება, რომლებსაც აინფიცირებს.
ოკეანის ასეთ სიღრმეებში მობინადრე სიცოცხლის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით. ახლახან მიკვლეული ვირუსი ჩვენთვის ცნობილი მხოლოდ მესამე ნიმუშია, რომელიც ამგვარ ზონაში მცხოვრებ Halomonas-ებს ირჩევს მსხვერპლებად. ისინი ადამიანისთვის იმდენად უცხოა, რომ იმუნური სისტემაც კი ვერ ამჩნევს მათ არსებობას.
მეცნიერები გეგმავენ, რომ უფრო მეტი ღრმაწყლოვანი ვირუსი აღმოაჩინონ და მათ შესახებ ბევრად სიღრმისეული მონაცემები მოიპოვონ. ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Microbiology Spectrum გამოქვეყნდა.
კომენტარები