საბჭოთა კავშირის გასაიდუმლოებული ატომური პროგრამა აფხაზეთში — როგორ შეიქმნა ბირთვული იარაღი სსრკ-ში
იცოდით, რომ პირველი ატომური იარაღი სსრკ-ში ტყვე გერმანელმა მეცნიერებმა შექმნეს? ისინი აფხაზეთში მუშაობდნენ.
XX საუკუნეში არაერთი მეცნიერული გადატრიალება მოხდა, თუმცა, ალბათ, მთავარი აინშტაინის სპეციალური და ზოგადი ფარდობითობის თეორია და კვანტური მექანიკაა. სწორედ ფარდობითობის სპეციალური თეორიის ფარგლებში გამოჩნდა პირველად უშუალო კავშირი ენერგიასა და მასას შორის, რამაც სამეცნიერო საზოგადოებაში მალევე დაბადა იდეა ატომური იარაღის შექმნასთან დაკავშირებით.
პარალელურ რეჟიმში ვითარდებოდა კვანტური თეორია, რომელიც შეისწავლიდა უმცირესს (იმ დროისთვის ატომსა და ატომბირთვს, თუმცა მალევე გამოაშკარავდა, რომ ატომები და ატომბირთვები არც უმცირესნი არიან და არც განუყოფელნი, მაგალითისთვის, ატომბირთვი შედგება პროტონებისა და ნეიტრონებისგან, რომლებიც, თავის მხრივ, შედგებიან უფრო მცირე ნაწილაკების, კვარკებისგან). მიუხედავად იმისა, რომ იდეა ატომური ბომბის შესახებ 1930-იან წლებში დაიბადა, მისი განხორციელება 1945 წლამდე ვერ მოხერხდა. რასაკვირველია, ყველაფერი დააჩქარა მეორე მსოფლიო ომმა.
ომი ოფიციალურად 1945 წლის 2 სექტემბერს დასრულდა, როდესაც იაპონია დანებდა მოკავშირეებს, აშშ-ს მიერ ჰიროშიმას და ნაგასაკის ატომური იარაღით დაბომბვის შემდეგ. საბჭოთა კავშირის იმდროინდელი ხელმძღვანელობისთვის საფრთხე ამ ფაქტის შედეგად უფრო ცხადი გახდა. ძალთა ბალანსისთვის საჭირო იყო სასწრაფოდ დაწყებულიყო ატომური იარაღის წარმოება, რასაც საფუძველი 1943 წელს უკვე ჩაუყარეს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა, ლავრენტი ბერიამ და რუსმა ფიზიკოსმა, იგორ ხურჩატოვმა.
სოხუმი — ატომურ იარაღზე სამუშაო ადგილი
გერმანიის კაპიტულაციის შემდგომ ცნობილი გერმანელი და ავსტრიელი ფიზიკოსები გუსტავ ჰერცი (წარსულში ნობელის ლაურეატი) და მანფრედ ვონ არდენი, სხვა მეცნიერებთან ერთად, ტყვეებად ჩამოიყვანეს საბჭოთა კავშირში. მათ შეეძლოთ სამუშაოდ აერჩიათ სამი ლოკაციიდან ერთ-ერთი: ციმბირი, ყირიმის ნახევარ-კუნძული და აფხაზეთი. მეცნიერებმა აფხაზეთი არჩიეს.
მათ სამუშაო ადგილად კონკრეტულად შეირჩა სოხუმი, სადაც ისინი გამწესდნენ ორ სხვადასხვა სანატორიუმში. ვონ არდენი დაინიშნა ხელმძღვანელად სინოპის სანატორიუმში, რომელსაც ეწოდა პუნქტი A. მისი დანიშნულება იყო:
- ურანის იზოტოპების გამორჩევის ელექტრომაგნტური მეთოდის შემუშავება;
- ელექტრონული მიკროსკოპების გაუმჯობესება;
- ბირთვული კვლევებისთვის საჭირო ეკიპირების დამზადება;
- ურანის იზოტოპების დიფუზიური მეთოდით განცალკევება.
რაც შეეხება გუსტავ ჰერცს, ის დაინიშნა აგუძერას სანატორიუმის უფროსად, რომელსაც შემდგომში პუნქტი G დაერქვა. მისი მიზანი იყო:
- ურანის იზოტოპთა განცალკევების მეთოდის შექმნა
- "მძიმე წყლის" ანუ D2O-ს წარმოება, სადაც D წარმოეადგენს ქიმიურ სიმბოლოს დეიტერიუმისთვის, მას, წყალბადისგან (H) განსხვავებით, ატომბირთვში აქვს როგორც პროტონი, ასევე ნეიტრონი და გამოიყენება ატომურ რეაქტორებსა და წყალბადის ბომბებში;
- ნეიტრონების დეტექტორის შექმნა მათი ენერგიის გამოსათვლელად.
სწორედ ამ და სხვა დაწესებულებების წარმატებული მუშაობის შედეგად მოხერხდა პირველი საბჭოური ატომური იარაღის გამოცდა 1949 წელს, ანუ 4 წლით დაგვიანებით აშშ-ში პირველი ატომური იარაღის შექმნიდან. მეცნიერებმა მიაღწიეს თავიანთ განსაზღვრულ მიზნებს. 1955 წელს კი მათი უმრავლესობა სამშობლოს დაუბრუნდა.
პროექტის მიღწევები
გარდა იმისა, რომ პროექტი საბოლოო ჯამში დაგვიანებით, თუმცა წარმატებით დასრულდა, ეს დიდწილად გერმანელი ფიზიკოსების ხარჯზე მოხდა. აფხაზთში მოღვაწე გერმანელმა მეცნიერებმა კიდევ არაერთი გამოგონებით გამოიჩინეს თავი. გუსტავ ჰერცი პირველ ფაშისტად ითვლება, რომელმაც სტალინის პრემია მიიღო (1949 წ). მას პრიზი მიენიჭა თავისი წვლილისთვის ურანის გამდიდრების ერთ-ერთი მეთოდის შექმნისათვის. მეთოდი პირველად ურალის ელექტროქიმიურ სადგურში წარმატებით გამოიცადა.
1947 წელს მანფრედ ვონ არდენმა პირველი ხარისხის სტალინის პრემია მიიღო ელექტრონული მიკროსკოპის დახვეწისათვის. მისი მიკროსკოპის გარჩევადობა 30 ნანომეტრს (მეტრის მემილიარდედი) წარმოადგენდა.
ტყვე გერმანელმა მეცნიერებმა ასევე შექმნეს ორი სხვადასხვა მეთოდი ურანის იზოტოპების განსაცალკევებლად პროფესორ პიტერ ადოლფ ტისენის და მაქს კრისტიან სტინბეკის თაოსნობით.
1949 წელს A და G პუნქტებს გადაერქვათ სახელი და ერთიანად "ski-5" დაერქვათ. მოგვიანებით მას სახელი შეუცვალეს და 1950 წელს სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი დაარქვეს. დღესდღეობით ინსტიტუტი ოფიციალურად თბილისშია გადმოტანილი და განაგრძობს ფუნქციონირებას საქართველოს ეგიდით.
XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო "ბირთვული ეპოქა", რომელიც კაცობრიობისთვის დღემდე გამოწვევას წარმოადგენს და არ კარგავს აქტუალობას. ამიტომ საინტერესოა, რომ ამ ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზეც განხორციელდა.
კომენტარები