სამყაროში ბნელი ენერგია ჭარბობს — მეცნიერთა ახალი გამოთვლები
მეცნიერთა ახალი გამოთვლების თანახმად, ბნელი ენერგია სამყაროს დაახლოებით 69%-ს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ დანარჩენი 31% მატერიაა,
"კოსმოლოგებს მიაჩნიათ, რომ ჩვეულებრივ, ანუ ბარიონულ მატერიას მთლიან მატერიაში მხოლოდ 20% უკავია. ეს მოიცავს ვარსკვლავებს, გალაქტიკებს, ატომებსა და სიცოცხლეს. დაახლოებით 80% ბნელი მატერიაა, რომლის იდუმალი ბუნებაც ჩვენთვის ჯერ კიდევ არაა ცნობილი და შესაძლოა, შედგებოდეს სუბატომური ნაწილაკებისგან, რომლებიც ჯერ კიდევ აღმოსაჩენია", — აცხადებენ სპეციალისტები.
მეორე მხრივ, ბნელი ენერგია ერთგვარი ძალაა, რომელიც სამყაროს გაფართოების პროცესის აჩქარებას განაპირობებს. მისი წილის გამოსათვლელად მრავალი კვლევა ჩატარდა და ყოველ ჯერზე პასუხი დაახლოებით 70% იყო. ენერგია-მატერიის პროცენტული გადანაწილების შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ბნელი ენერგიისა და კოსმოსის გაფართოებაში მისი წვლილის შესახებ მეტის გაგებაში შეიძლება დაგვეხმაროს. ასევე, იმის გარკვევაში, თუ რა მოხდება მომავალში, ანუ როდემდე გაგრძელდება გაფართოება და რით დასრულდება ეს.
ბნელი ენერგიის გამოსათვლელად მეცნიერებმა გალაქტიკათა შეჯგუფებები გამოიკვლიეს, რადგან იქ მატერიამ თავი სამყაროს 13.8 მილიარდწლიანი არსებობის განმავლობაში, გრავიტაციის გავლენით მოიყარა. თითოეული გალაქტიკის მასისა და რაოდენობის მიხედვითა და სიმულაციების დახმარებით მატერიისა და ენერგიის პროპორციის დადგენაა შესაძლებელი.
იქიდან გამომდინარე, რომ მასის დიდ ნაწილზე სწორედ ბნელი მატერიაა პასუხისმგებელი, გალაქტიკათა შეჯგუფებების მასის პირდაპირი გამოთვლა ძალიან ძნელია. ავტორებმა მონაცემთა ბაზაში არსებულ შეჯგუფებებში შემავალი გალაქტიკების რაოდენობა გააანალიზეს და ისიც გაითვალისწინეს, რომ უფრო მრავალრიცხოვან გაერთიანებებს მეტი მასა აქვს. შემდეგ მათ რიცხობრივი სიმულაციები შექმნეს, ბნელი მატერიისა და ენერგიის პროპორციებით.
სიმულაციები, რომლებიც რეალურ შეჯგუფებებს ყველაზე მეტად ჰგავდა, შეესაბამებოდა სამყაროს, სადაც მატერიას 31.5% უკავია, ხოლო ბნელ ენერგიას — 68.5%. უკანასკნელი შედეგები სხვა გამოთვლებთანაც თანხმობაშია. მეცნიერები ამბობენ, რომ გალაქტიკათა შეჯგუფებებზე დაფუძნებული ეს მეთოდი კოსმოლოგიური პარამეტრების დასადგენად ეფექტიანია.
მათი ნაშრომი გამოცემაში The Astrophysical Journal გამოქვეყნდა.
კომენტარები