ადამიანის გავლენით სახეობათა გადაშენება 35-ჯერ დაჩქარდა, ვიდრე ბოლო 1 მილიონ წელში — კვლევა
ცხოველთა გადაშენება ევოლუციის ნაწილია. ნავარაუდებია, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში 500-მდე სახეობა დავკარგეთ, მათ შორის ტასმანიური ვეფხვი, იაპონური ზღვის ლომი, სიცილიური მგელი და სხვა. ამის უმთავრესი მიზეზი კლიმატის ცვლილებაა, რადგან ზოგიერთი ცოცხალი არსება ახალ გარემოს ვერ ეგუება.
დედამიწაზე ცხოველთა უფრო აქტიური გადაშენების რამდენიმე პერიოდი იყო, რასაც მასობრივი გადაშენება ეწოდება. ამ დროს ფაუნის სულ მცირე 75% ძალიან სწრაფად ნადგურდება. ბევრ მეცნიერს მიაჩნია, რომ ამჟამად ჩვენს პლანეტაზე სწორედ ეს ხდება, რაც ისტორიის განმავლობაში მეექვსე მსგავსი მოვლენაა. ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამის მიზეზად სპეციალისტები ადამიანთა აქტივობებს ასახელებენ.
სტენფორდის უნივერსიტეტისა და მექსიკის სახელმწიფო ავტონომიური უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალი კვლევის თანახმად, არამხოლოდ სახეობებს ვკარგავთ, არამედ ცხოველთა მთლიან გვარებს. კერძოდ, ბოლო 5 საუკუნეში ჩვენს აქტივობებთან დაკავშირებულმა გაუტყეურებამ, ურბანიზაციამ და სამეურნეო საქმიანობამ ისეთი გვარობრივი გადაშენება განაპირობა, როგორსაც სხვა მხრივ 18 000 წელი დასჭირდებოდა.
ამ ფენომენს სპეციალისტები "ბიოლოგიურ ანიჰილაციას" უწოდებენ.
ავტორებმა დაადგინეს, რომ ხერხემლიანი ცხოველების გადაშენების ტემპი 35-ჯერაა დაჩქარებული, ვიდრე უკანასკნელ 1 მილიონ წელში, ანუ ჩვენ რომ არა, ამ დროში მხოლოდ 2 გვარი განადგურდებოდა.
გვარი არის იმ ცხოველთა ერთობლიობა, რომლებიც ერთმანეთს ძალიან ჰგვანან და, სავარაუდოდ, საერთო წინაპარიც ჰყავთ. მაგალითად, ცხენის გვარი 8 სახეობას მოიცავს: 2 ცხენისაა, 3 ვირის, 3 კი ზებრასი. ამ მასშტაბის განადგურებას მეცნიერები "სიცოცხლის ხის დამახინჯებად" მოიხსენიებენ.
"ხანგრძლივ პერსპექტივაში, პლანეტაზე სიცოცხლის ევოლუციაში დიდ ღრმულს ვაჩენთ. ასევე, ის, რასაც ამ საუკუნეში სიცოცხლის ხეს ვუშავებთ, კაცობრიობისთვისაც ტანჯვის მომტანი იქნება. მთელს სამყაროში ჩვენთვის ცნობილ ერთადერთ ცოცხალ კომპანიონებს ვკარგავთ", — აცხადებენ ავტორები.
მთლიანობაში, მათ ხერხემლიანთა 5 400 გვარი შეისწავლეს, რომელიც 34 600 სახეობას აერთიანებდა. დადგინდა, რომ 1 500 წლიდან მოყოლებული დღემდე, 73 გვარი გადაშენდა, მათ შორის ფრინველებში უმეტესი — 44. მათ მოჰყვებიან ძუძუმწოვრები, ამფიბიები და რეპტილიები.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა.
კომენტარები