ნახეთ: ვების ტელესკოპი სატურნზე სეზონურ ცვლილებას დააკვირდა
ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი სატურნის სეზონური ცვლილებას დააკვირდა და აღნიშნული პროცესის ამსახველი კადრებიც აღბეჭდა. კერძოდ, მან პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის დასასრული გადაიღო და დააფიქსირა, რა ხდება ამ დროს ციური სხეულის ატმოსფეროში.
მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის ობიექტივში სატურნის უზარმაზარი პოლარული მორევიც მოხვდა, რომელიც გაქრობას იწყებს.
აირის ეს გიგანტი მზის გარშემო ორბიტაზე მოძრაობას 29 წელს ანდომებს, რაც ნიშნავს, რომ იქ სეზონები 7 წელზე მეტხანს გრძელდება. ასევე, პლანეტის თითქმის 27-გრადუსიანი დახრილობა ზაფხულსა და ზამთარს შორის მზის სხივების საგრძნობ ცვალებადობას განაპირობებს.
კოსმოსურმა ზონდმა Voyager სატურნს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გაზაფხულის სეზონზე ჩაუარა, დაახლოებით იმავე პერიოდში ეწვია მას Cassini-იც და თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში დააკვირდა. ახლა ვების ტელესკოპით სხვა, უნიკალური მონაცემები მოვიპოვეთ.
Cassini-იმ 2010 წელს პლანეტის ჩრდილოეთის გაზაფხულისა და ზაფხულისთვის დამახასიათებელი, თბილი აირების შემცველი პოლარული მორევი დააფიქსირა, რომელიც 1 500-კილომეტრიანი ციკლონის მიმდებარედაა. ზაფხულში ეს არეალები თბება და ატმოსფეროში ნახშირწყალბადების ზემოთ გადაადგილებას იწვევს. თავად მორევი ერთ-ერთი უდიდესია, რომელიც ოდესმე შეგვინიშნავს, თანაც მეცნიერებმა იქიდან იმაზე ასჯერ მეტი ეთილენის გამოყოფა დააფიქსირეს, ვიდრე ეგონათ, რომ შესაძლებელი იყო.
სატურნი ახლა 2025 წლის ბუნიობას უახლოვდება, ანუ მორევი პასიური ხდება, რასაც ვები შეესწრო. მეცნიერებმა 2022 წლის ნოემბერში შენიშნეს, რომ ციური სხეულის ჩრდილოეთ განედებზე ნახშირწყალბადები თითქმის სრულად გაქრა, რის პარალელურადაც სტრატოსფერული ცირკულაციის მიმართულება შეიცვალა და ტემპერატურაც დაეცა.
ეს მათ ვების შუა ინფრაწითელი ხელსაწყოს (MIRI) მეშვეობით დაადგინეს, თუმცა მას პლანეტის მთლიანი დისკო არ გადაუღია. ამის მიზეზი ხედვის მცირე არეალია.
"სატურნზე ეს დაკვირვებები 8 წელზე მეტი ხნის წინ დავგეგმეთ, ამიტომ პირველი მონაცემები 2022 წლის მიწურულს მივიღეთ, რაც უმნიშვნელოვანესი იყო.
ჯეიმს ვების კოსმოსურ ტელესკოპს სინათლის ისეთი ტალღების დაფიქსირება შეუძლია, რომლებსაც სხვა ადრინდელი აპარატები ვერ აღიქვამდა. შედეგად მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომელიც მომდევნო წლებისთვის ჩვენს ინტერესს ამძაფრებს. ეს მხოლოდ დასაწყისია პროგრამის, რომელიც ოთხივე გიგანტ პლანეტაზე დაკვირვებას გულისხმობს, ვები კი გვიჩვენებს იმაზე მეტ შესაძლებლობას, ვიდრე აქამდე გვინახავს", — აცხადებენ მეცნიერები.
მათი ნაშრომი გამოცემაში JGR: Planets გამოქვეყნდა.
კომენტარები