ნახეთ: NASA-ს მავალმა მარსზე ავოკადოს მსგავსი ქვა დააფიქსირა
2021 წლის თებერვალში მარსის ზედაპირზე აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) მავალი Perseverance დაეშვა. მას შემდეგ აპარატმა იქ უჩვეულო ფორმის მრავალი ქვა თუ კლდოვანი წარმონაქმნი დააფიქსირა, რომელთა შორისაც უკანასკნელი ავოკადოს მოგვაგონებს.
ახალი სურათი სააგენტომ ახლახან გაასაჯაროვა. ის წითელ პლანეტაზე მდებარე ეზეროს კრატერშია გადაღებული, რომელსაც მავალი იკვლევს. იქ ძველად ტბა იყო, რის გამოც ეს ადგილი მეცნიერებისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა. Perseverance ამ არეალში სიცოცხლის კვალის მოძიებას ცდილობს, გზად კი მრავალ საინტერესო ობიექტს აწყდება.
ამის ერთ-ერთი მაგალითია ქვა, რომელიც შუაზე გაჭრილ ავოკადოს ჰგავს. მის ცენტრში "კურკის" ფორმის ამოზნექილობაა, გარშემო კი ის ჩაღრმავებულია. გვერდით "ავოკადოს" მეორე ნაწილს ვხედავთ.
ეს წარმონაქმნი მარსმავალზე დამონტაჟებულმა კამერამ Mastcam-Z გადაიღო, რომელიც რობოტი აპარატის "თავზეა" განლაგებული. ზემოთ ნაჩვენები კადრი მან მისიის 907-ე მარსულ დღეს აღბეჭდა, რომელსაც სოლი ეწოდება. ის დედამიწურ დღე-ღამეზე ოდნავ დიდხანს გრძელდება: 24 საათსა და 40 წუთს.
ეზეროს კრატერში უამრავი ასეთი უჩვეულო ქვაა, რომელთაც ჩვენთვის ნაცნობ ობიექტებს ვამსგავსებთ. ამ ფენომენს პარეიდოლია ეწოდება და ის მაშინ იჩენს თავს, როცა ჩვენი გონება ერთმანეთთან სრულიად დაუკავშირებელ საგნებს შორის ვიზუალურ პარალელებს ავლებს. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, როცა ღრუბლებში სხვადასხვა ფორმას ვხედავთ, მაგალითად, ცხოველების, ფრინველების, ყვავილების და ა.შ.
რაც შეეხება ასეთი ქვების ფორმირებას, უმეტეს შემთხვევაში ამას ეროზიულ პროცესებთან აკავშირებენ. ამ დროს მათი შემადგენელი სუსტი მატერია მარსზე არსებული მძლავრი ქარის გავლენით იშლება, შედეგად კი უფრო გამძლე სტრუქტურა რჩება.
კომენტარები