რამდენ ადამიანს უცხოვრია დედამიწაზე?
შესაძლოა, ვინმესგან გაგიგიათ ან სადმე წაგიკითხავთ, რომ დღესდღეობით ადამიანთა ცოცხალი პოპულაცია დედამიწაზე აქამდე მცხოვრებთა და დახოცილთა რაოდენობას აღემატება.
ერთი შეხედვით, ეს მოსაზრება, თითქოს რეალობასთან ახლოსაა, რადგან ინდუსტრიალიზაციის ეპოქამ, მედიცინის განვითარებამ თუ გაუმჯობესებულმა სამეურნეო საქმიანობამ ჩვენი პოპულაციის მნიშვნელოვნად ზრდა განაპირობა. კერძოდ, ბოლო 2 საუკუნეში ადამიანთა რაოდენობამ 1.6 მილიარდიდან 8 მილიარდამდე მიაღწია, რაც ძალიან დიდი ნახტომია.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ლოგიკურიც იქნებოდა, თუ ცოცხალთა რიცხვი დაღუპულებისას გადააჭარბებდა, მაგრამ ასე არაა.
ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები სხვა რამეზე მეტყველებს. მსგავსი ინფორმაციის შეგროვება კი 1800-იანი წლებიდან დაიწყო.
"როცა წერილობითი მონაცემები მოიპოვება, მაგალითად მოსახლეობის აღწერის და როცა ქვეყნები გადასახადების აკრეფას იწყებენ, იქმნება ჩანაწერებიც", — აცხადებენ პოპულაციის საცნობარო ბიუროში.
იქიდან გამომდინარე, რომ პირველმა ჰომო საპიენსებმა აფრიკა 60 000 წლის წინ დატოვეს, ამ პერიოდიდან დღემდე ძალიან დიდი დროა გასული. მაშინდელი აღწერები, რა თქმა უნდა, არ არსებობს, მაგრამ გარკვეული ფაქტორების მიხედვით ვარაუდი შეგვიძლია.
"რკინის ხანის საფრანგეთში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობად 10-12 წელია ნავარაუდები. ამ პირობებში შობადობა ყოველ 1000 ადამიანზე დაახლოებით 80 უნდა ყოფილიყო, რათა სახეობა გადარჩენილიყო. შედარებისთვის, დღესდღეობით მსგავსი მაღალი მაჩვენებელი 35-45-ია, რომელიც მხოლოდ ზოგიერთ სუბსაჰარულ აფრიკულ ქვეყანაში ფიქსირდება", — აცხადებენ ბიუროში.
მათ პრეისტორიულ და ისტორიულ პერიოდებში პოპულაციის სავარაუდო რაოდენობის გამოსათვლელად სწორედ შობადობის მოსალოდნელი მაჩვენებელი გამოიყენეს, რომელიც ნელ-ნელა მცირდებოდა. ამ მეთოდმა მათ მოცემული დროის განმავლობაში დაბადებული და დაღუპული ადამიანების რიცხვზე გარკვეული წარმოდგენა შეუქმნა.
შედეგად, გამოთვლებმა აჩვენა, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 190 000 წლიდან მოყოლებული დაახლოებით 117 მილიარდი ადამიანი უნდა დაბადებულიყო. ეს კი ამჟამად არსებულ 8-მილიარდიან პოპულაციას აღემატება.
მეცნიერები ამბობენ, რომ თუ ამ დასკვნების დაზუსტებას მოვინდომებთ, პოპულაციის ნაკლებ რაოდენობას მაინც ვერ მივიღებთ. შესაძლებელია, პირიქით, ეს ვარაუდი უფრო მოკრძალებული იყოს და რეალურად საქმე შედარებით დიდ რიცხვთან გვქონდეს. ასეა თუ ისე, დასაწყისში ნახსენები მოსაზრება ნებისმიერ შემთხვევაში მცდარია.
კომენტარები