ჩვენს გალაქტიკაში 10 მილიონიდან 1 მილიარდამდე ვარსკვლავური მასის მქონე მცირე ზომის შავი ხვრელები მრავლად უნდა იყოს. ამის მიუხედავად, მსგავსი ობიექტების შემჩნევა არ შეგვიძლია, თუკი მატერიის აქტიურად შთანთქმისას გარემოზე მათ გავლენას არ დავაფიქსირებთ.

ირმის ნახტომში ამ დრომდე დაახლოებით 20-მდე ასეთი შავი ხვრელია აღმოჩენილი, რომელთაგანაც ჩვენს პლანეტასთან ყველაზე ახლომდებარისგან 1 565 სინათლის წელი გვაშორებს. მეცნიერთა უკანასკნელი კვლევის თანახმად, შესაძლოა, ისინი დედამიწასთან უფრო მცირე დისტანციაზეც არსებობდეს.

კერძოდ, ასტრონომებმა 150 სინათლის წლის მოშორებით განლაგებული ვარსკვლავთა შეჯგუფება გააანალიზეს, რომელსაც ჰიადები ეწოდება. მათმა ანალიზმა აჩვენა, რომ, არაა გამორიცხული, იქ 2 ან 3 პატარა შავი ხვრელი იყოს.

"ჩვენს სიმულაციებს მხოლოდ თანადროულად შეუძლია ჰიადების ზომისა და მასის შესაბამისობაში მოყვანა, თუკი დღესდღეობით ამ შეჯგუფების ცენტში რამდენიმე შავი ხვრელია", — აცხადებენ სპეციალისტები.

კუროს თანავარსკვლავედში მდებარე ჰიადები ღამის ცაზე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ეს ე.წ. ღია შეჯგუფებაა — საერთო მახასიათებლების მქონე, გრავიტაციულად შეკავშირებულ მნათობთა ერთობლიობა, რომელიც ერთ მოლეკულურ ღრუბელში გაჩნდა. ჰიადების ასაკი დაახლოებით 625 მილიონი წელია და ის ასობით ვარსკვლავისგან შედგება. მის ცენტრში არსებულ ობიექტებში კი სიმჭიდროვის გამო შეჯახებები საკმაოდ ხშირია.

ასტრონომთა პროგნოზით, სწორედ იქ უნდა იყოს შავი ხვრელები.

ავტორებმა ჰიადებში შემავალ მნათობთა მასისა და ტრაექტორიის მოდელი შექმნეს და ირმის ნახტომში, სამ განზომილებაში, მათი პოზიციები და სიჩქარეები განსაზღვრეს. სიმულაციები ამ მახასიათებლებს ყველაზე მეტად მაშინ შეესაბამებოდა, როცა 2-3 შავ ხვრელსაც მოიაზრებდა. ეს ნიშნავს, რომ ისინი იქ ან ახლაცაა, ან შეჯგუფების ცენტრიდან 150 მილიონ წელზე ნაკლები ხნის წინ გააღწია და ამჟამად მის შორეულ რეგიონშია.

ჰიადები.

ფოტო: Jose Mtanous

თუ ასეა, შეჯგუფების ბირთვში მათი კვალი ჯერ კიდევ დაკვირვებადი უნდა იყოს. შავი ხვრელების თავდაპირველი მდებარეობის დადგენა ვერ მოხერხდა, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, საქმე, სავარაუდოდ, ჩვენთან ყველაზე ახლოს არსებულ მსგავს ობიექტთან ან ობიექტებთან გვაქვს.

როგორც არ უნდა იყოს, ამგვარი შავი ხვრელ(ებ)ი საფრთხეს ვერ შეგვიქმნის, რადგან მისი მაქსიმალური სიჩქარე წამში 3 კილომეტრზე მეტი ვერ იქნება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, დედამიწის მიმართულებით რომც მოძრაობდეს, აქამდე მოსაღწევად ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა. ამასთან, პატარა შავი ხვრელების მასა ძალიან მცირეა, ანუ მათი გრავიტაცია ისეთი ძლიერი სულაც არაა, როგორიც წარმოგვიდგენია.

მეცნიერთა ნაშრომი გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.